მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი და აქციის „შინ ევროპისკენ“ თანაორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ პროტესტი ხვალ დილით მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და მინისტრთან კაბინეტს აქციის მონაწილეები მჯდომარე, მშვიდობიანი პროტესტით დახვდებიან.
„დილით ჩვენ წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით იმ ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით, მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რაკი აქედან არ ესმით. ეს არის ჩვენი არაძალადობრივი, მშვიდობიანი გამოხატვა. ჩვენ ეს საღამო შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთმანეთთან სასაუბროდ, მივალთ დილით და ავუხსნით, რაც აქედან ვერ ავუხსენით,“ – აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.
ის ასევე დასძენს, რომ აქციის მონაწილეებისთვის ინფრასტრუქტურა მოწყობილი იქნება.
თბილისში პარლამენტის წინ დღეს აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას, მონაწილეთა ერთი ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავიდა, სადაც აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოვიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით სამართალდამცველი.
დაახლოებით, 1 საათის შემდეგ, აქციის მონაწილეები „ოცნების“ ოფისიდან კვლავ პარლამენტთან დაბრუდნენ და შეუერთდნენ სხვა მომიტინგეებს. მსვლელობით ისინი ერთად ავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ნაწილი ღამეს გაათენებს.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურა – მათ შორის, ცხელი საკვები და სასმელი.
მაქარაშვილი: აქციის მონაწილეები რუსთაველზე მთელი ღამე დავრჩებით