ახალი ამბები

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან

4 ივლისი, 2022 • 3236
ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან

აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეთა ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენა და ჯერაც იქ რჩება. ისინი მთავრობის სხდომის დაწყებას ელოდებიან, რომელიც დღეს, 4 ივლისს არის დაგეგმილი.

აქტივისტების თქმით, მათი მიზანია, ხმა გააგონონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის გადადგომასაც ითხოვენ. ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული პოლიციელია მობილიზებული, ადმინისტრაციის შესასვლელი კი ჯებირებით არის შემოსაზღვრული.

თავდაპირველად აქცია მთავრობის ადმინისტრაციის კიბეზე მიმდინარეობდა, თუმცა პოლიციამ აიძულა დემონსტრანტები, მთავარ შესასვლელთან გადასულიყვნენ. დაძაბულობის შემდეგ აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა შეკრებილებს მოუწოდა, წინააღმდეგობა არ გაეწიათ პოლიციისთვის.

“ერთადერთი, რასაც ჩვენი აქ ამოიყვანა ემსახურებოდა, არის ის, რომ ღარიბაშვილი [შენობაში] შესულიყო ისეთი სურათის ქვეშ, რომ იქ ადამიანები არ დგანან საპროტესტოდ”, — თქვა აქტივისტმა მარიამ დოლიძემ.

აქცია „შინ ევროპისკენ“ საქართველოს პარლამენტთან, 3 ივლისის საღამოს დაიწყო. დემონსტრაციის მიმდინარეობისას, მონაწილეთა ერთი ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავიდა, სადაც ისინი მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიტო სამხარაძემ სიტყვიერად შეურაცხყო.

დაახლოებით 1 საათის შემდეგ, აქციის მონაწილეები „ოცნების“ ოფისიდან კვლავ პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნდნენ და შეუერთდნენ სხვა მომიტინგეებს, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციისკენ.

ეს იყო რიგით მესამე აქცია თბილისში, ზემოხსენებული სახელწოდების ქვეშ. მეორე აქციაზე ორგანიზატორებმა ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა გაახმიანეს და მთავრობას ამისთვის 1 კვირა მისცეს. 3 ივლისის აქცია მოთხოვნის წამოყენებიდან 1 კვირის თავზე გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი