ახალი ამბებიკომენტარი

ევროპული მიზნების მიღწევას სჭირდება ევროპული სტილის პროტესტი

6 ივლისი, 2022 • 7584
ევროპული მიზნების მიღწევას სჭირდება ევროპული სტილის პროტესტი

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი , გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი

უპირველესად, ირაკლი კობახიძის მიერ სამშაბათს, 5 ივლისს გაკეთებული განცხადების პასუხად:

„საქართველო აუცილებლად მიიღებს დეკემბერში კანდიდატის სტატუსს არა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის გამო და შემთხვევაში (31. ოქტომბერს ომის ცხელ ფაზას ისედაც დაასრულებს დასავლეთი უკრაინის სასარგებლოდ), არამედ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ვადამდელი არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ბოლო ცხრა წელიწადში 12-პუნქტიან ჩავარდნაზე, გადაიბარგება ოპოზიციაში, ხოლო საზოგადოება მხარს დაუჭერს იმ „ახალი პირველი ძალის“ ხელისუფლებაში მოსვლას, რომლის კონკრეტული (და არა ზოგადი და ემოციური) საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპულ მოდერნიზაციასთან და რეფორმებთან იქნება დაკავშირებული.“

1997-1999 ლიტვის და ლატვიის, 1997-2001 სლოვაკეთის და 2009-2014 ალბანეთის გამოცდილებები აჩვენებს, რომ ევროკავშირს წევრობის ასპირანტი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და საფუძველზე ემეტება ისე, რომ ახალ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს დათქმებით გათვალისწინებული ჩავარდნების აღმოსაფხვრელად და რეფორმების განსახორციელებლად.

გაცილებით უფრო გრძელია დათქმების და მოთხოვნების სია, რომლებიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად უკრაინას და მოლდავეთს მიანიჭა მხოლოდ იმ იმედით, რომ უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში ამ ქვეყნების მოქმედი ხელისუფლებები გეოპოლიტიკური დაძაბულობის და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების მიუხედავად თავიანთი ქვეყნების აქტიურ მოდერნიზაციას და რეფორმებს ახორციელებენ.

ვერც ტექნიკური და ვერც ეროვნული თანხმობის თუნდაც დროებითი მთავრობები „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ვეღარ შეძლებს იმ ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ცხრაწლიანმა მმართველობამ გამოიწვია და რომელთა გამო ითხოვს ევროკავშირი რეფორმებს.

შესაბამისად, სამწუხაროდ, სამშაბათს, 5 ივლისს აქციის ორგანიზატორების, ტვ პირველზე ლაშა ბუღაძის (ამ ათწლეულის ჯანსუღ ჩარკვიანის) და მთავარ არხზე გიორგი მშვენიერაძის პასუხები ჟურნალისტის საკმარისად კრიტიკულ შეკითხვებზე, ჩემი აზრით, იყო დატკეპნილი ფრაზების ჰაერში გასროლა და მეტი არაფერი.

3 ივლისამდე ულტიმატუმის ენით ღარიბაშვილისთვის დაწესებული გადადგომის მოთხოვნა წარმოადგენდა მხოლოდ ივანიშვილის გაკეთილშობილების უსუსურ მცდელობას, რომელიც თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული.

3 ივლისს ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო დღეს ღარიბაშვილი (თანაშემწე თუ კაცუნა, როგორც ივანიშვილი უწდოებს) ე.წ. მთავრობის სხდომას რომ ატარებს, ნიშნავს აქციის ორგანიზატორების მხრიდან მიზნის აცდენას, რაზეც თავადვე უნდა აგონ პასუხი, რადგან ივანიშვილის სიტუაციურ მოკავშირედ იქციეს თავი.

ივანიშვილი მხოლოდ მაშინ ჩაანაცვლებს ღარიბაშვილს ღატაკაშვილით, თუ ასეთი ჩანაცვლება მისი ჩრდილოვანი მმართველობის ვერტიკალს კიდევ უფრო განიმტკიცებს, მაგრამ არა ბუღაძის, მშვენიერაძის ან დიღმელაშვილის მოწოდებით.

ივანიშვილი, სხვა არავინ, განასახიერებს ძალაუფლების მიტაცებას და სახელმწიფოს კონტროლს, ხოლო საზოგადოებას, რომლის სახელითაც ე.წ. “სახალხო მოძრაობამ” ყოველთვის უნდა ისაუბროს, სურს საკუთარი უფლების აღდგენა.

ე.ი. ევროპის მოკრძალებული რჩევაცაა, მაგრამ უპირველესად საზოგადოების დაკვეთაა, ე.წ. ევროპულ მოდერნიზაციასა და რეფრომებზე ორიენტირრებული “ახალი პირველი ძალა” პოლიტიკურ ველზე – სხვა სიტყვებით: არჩვენების გზით როგორც ხელისუფლების შეცვლა, ისე ახალი ოპოზიციისთვის შანსის მიცემა.

ევროპული მიზნების მიღწევას ევროპული სტილის პროტესტი სჭირდება, ხოლო 3 ივლისის აქციის შედეგებმა დასავლეთის თვალში, რომელიც ყურადღებით აკვირდება მოვლენებს, წარმოაჩინა, რომ საზოგადოებრივი დაკვეთის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივიზმის “ახალ პირველ ძალად” (ე.ი. ხელისუფლების ალტერნატივად) ფორმირების თუ პოლიტიკურად ტრანსფორმაციის მოლოდინი, სამწუხაროდ, გადაიდო.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი