საზოგადოება

თავადაც შეუძლია ნაბიჯების გადადგმა – ლომჯარია ზურაბიშვილზე

15 ივნისი, 2022 • 1090
თავადაც შეუძლია ნაბიჯების გადადგმა – ლომჯარია ზურაბიშვილზე

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის 14 ივნისის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ იმ საკითხების ნაწილის მოგვარებაში, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა, საკუთარი წვლილის შეტანა მანდატის ფარგლებში პრეზიდენტსაც შეეძლო. ამის შესახებ მან დღეს, 15 ივნისს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს ეთანხმება ხელისუფლების კრიტიკაში.  ზურაბიშვილმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა განუხორციელებელი რეფორმების და ევროკავშირის წინაშე ნაკისრი შეუსრულებელი ვალდებულებების გამო.

ლომჯარიას თქმით, ეს კრიტიკა სამართლიანია, თუმცა, მეორე მხრივ, თუ პრეზიდენტი თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების და კანონების მიღება გაუმართლებელი იყო, მას შეეძლო თავადაც ემოქმედა:

“მეც მაქვს პრეზიდენტთან შეკითხვები. თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რისი მიღებაც, მისი აზრით, გაუმართლებელი იყო, მასაც შეეძლო ემოქმედა და ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებაც შეუძლია და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდეც. რატომღაც მან არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიცაა მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს.

ამიტომ, მე მასთანაც მაქვს შეკითხვები: მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად ჩაითვლებოდა. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა, რისი მანდატი და შესაძლებლობაც აქვს, ვფიქრობ, თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, თავადაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ნინო ლომჯარიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, მივიდნენ ყველა აქციაზე, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხება. მისი თქმით, ახლა “საზოგადოების დაყოფის დრო არ არის”:

“მე პირიქით, მოვუწოდებ მოსახლეობას, ყველგან, სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ, ალბათ, ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ, ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება. რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა.

ასევე, ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენს ხელისუფლებას დავანახოთ, ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან. ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ”, – აღნიშნა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განცხადებით, შესაძლებელია, რომ “უფრო მეტი შეკრებაც გახდეს საჭირო” და საზოგადოებამ თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა “არ უნდა დაიზაროს არცერთ ფორმატში”.

კითხვაზე, იქნება თუ არა თავად ხვალინდელ აქციაზე, ლომჯარიამ უპასუხა, რომ მხარს უჭერს ყველა აქციას, რომელიც ევროინტეგრაციის მოთხოვნით ჩატარდება, თუმცა, თავად შეძლებს თუ არა პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ აქციაზე წასვლას, ჯერ არ იცის.


14 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა.

ზურაბიშვილმა, რომელმაც 10 ივნისს ბრიუსელიდან დააანონსა, რომ საქართველოში ევროპული მომავლის დასაცავად დაბრუნდებოდა, გუშინდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა, არავინ შეიწყალა და 20 ივნისს დაგეგმილი პროევროპული აქციის გადადების იდეა გაახმიანა.

ნახეთ ვრცლად:

ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა და არავინ შეიწყალა – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა

მასალების გადაბეჭდვის წესი