საზოგადოება

„ვითხოვთ ხელფასების 100%-იან მატებას“ – სასწრაფოს თანამშრომლები აქციებს აგრძელებენ

7 ივნისი, 2022 • 2008
„ვითხოვთ ხელფასების 100%-იან მატებას“ – სასწრაფოს თანამშრომლები აქციებს აგრძელებენ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების ზრდის მოთხოვნით დემონსტრაციებს აგრძელებენ.

7 ივნისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსკენ გამართეს მსვლელობა.

მოთხოვნა – ხელფასების ზრდა

დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების ზრდაა 100%-ით.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ სახელფასო დანამატები ერიცხებოდათ, თუმცა აპრილიდან, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, აღნიშნული დანამატიც მოეხსნათ.

ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაციისგან ჰქონდათ დაპირება, რომ დანამატს ისე არ მოუხსნიდნენ, თუ ხელფასის ზრდაში არ ასახავდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

ამის გამო, – იმის გათვალისწინებით, რომ მათი თქმით, წლების განმავლობაში ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე მათი ანაზღაურება დაბალი იყო,- პოსტპანდემიურ პერიოდში არაადეკვატური ანაზღაურება დარჩათ.

რას ამბობენ ადმინისტრაციაში

ეს დასაქმებულების პირველი აქცია არ არის. ერთ-ერთ წინა დემონსტრაციის შემდეგ, 27 მაისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა „ნეტგაზეთს“ მისწერა, რომ:

  • საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2000 ლარს, ექიმის — 1700 ლარს, ექთნის — 1300 ლარს, მძღოლის — 1200 ლარს შეადგენს;
  • სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში, საშუალოდ, 7-ჯერ);
  • მათ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები;
  • დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს სამუშაო საათები თვეში 192 საათიდან 156 საათამდე შეუმცირდათ ისე, რომ ხელფასები არ დაჰკლებიათ.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში სასწრაფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს რიცხვები რეალობას არ შეესაბამება:

რას ამბობენ დასაქმებულები

ზაზა კირვალიძე, სასწრაფოს უფროსი ექიმი, რომელიც თბილისში, ორთაჭალის ფილიალში მუშაობს, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ადმინისტრაციის მიერ დასახელებული ხელფასები არარეალისტურია:

„რეანიმატოლოგის ხელფასი რომ წერია, 2000 ლარი… ჯერ ეს ერთი, ესენი არიან კატასტროფის ბრიგადის რეანიმატოლოგები, – საავადმყოფოდან საავადმყოფოში რომ გადაჰყავთ, რაიონებიდან მიჰყვათ-მოჰყავთ ხალხი რეანომობილებით. ეს ადამიანები არ მონაწილეობენ აქციაში, თუმცა არც მათი ხელფასია 2000 ლარი. ეს არის დაუქვითავი რაოდენობა. საშემოსავლო როდესაც ჩამოეჭრებათ, გამოდის 1600 ლარი ხელზე. ამას დამატებული 2% საპენსიო, – 1560 ლარი გამოსდით. უფრო ნაკლებიც“, – ამბობს იგი.

რაც შეეხება უფროსი ექიმის „1700 ლარს“:

„ეს არის თბილისის სასწრაფოს ექიმის დაუქვითავი ხელფასი. საშემოსავლოს გამოკლებით გამოდის 1360 ლარი. ამას დააკლდება საპენსიო 2% (34 ლარი) და გამოდის 1326. ამას გარდა, გვაკლდება პროფკავშირების საწევრო 1% (17 ლარი) და დაზღვევა (მინიმუმ 19 ლარი, მე 56 ლარს ვიხდი, რადგან საბაზისო პაკეტი უარესია, ვიდრე საყოველთაო დაზღვევა). გამოდის ხელზე 1253 ლარი“.

ზაზა კირვალიძის თქმით, თანამშრომლები ყოველ 4 დღეში ერთხელ მორიგეობენ 24 საათის განმავლობაში; შესაბამისად, თვეში 7-8 მორიგეობა უწევთ.

„პირადად მე, უფროს ექიმს, 7 მორიგეობაში გუშინ დამერიცხა 1179 ლარი. რეალური ხელფასი ეგ არის. უმცროს ექიმს ნაკლები აქვს და მძღოლს 900 ლარამდეც არ გამოსდის“, – გვეუბნება იგი.

გიორგი ჩიტაშვილი სასწრაფოს მძღოლად მუშაობს ისანი-სამგორის ფილიალში. ისიც ადასტურებს კირვალიძის ნათქვამს:

„ჩვეულებრივ, ჩვენ გვაქვს თვეში 7-8 მორიგეობა. ჯამში, 900 ლარამდე გამოდის, 880 ლარამდე. თუ ჩვენ მორიგეობა დავიმატეთ, – ანუ ყოველი მეოთხის ნაცვლად, ყოველ მეორე დღეს თუ ვიმუშავეთ, – მაშინ ავდივართ 1000 ლარამდე, ჰა-ჰა 1100 ლარამდე, მაგრამ ეს ისედაც მძიმე სამუშაოა და ხშირად არ ხდება ხოლმე დამატება“, – ეუბნება „ნეტგაზეთს“ გიორგი ჩიტაშვილი.

კიდევ ერთი უფროსი ექიმი, მაია ნაკაშიძე „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ბოლოს ხელფასის სახით ანგარიშზე 1245 ლარი დაერიცხა (7 მორიგეობაში).

რა მოხდება ახლა?

დღესვე, 7 ივნისს, 16:00 საათზე სამინისტროში პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის მონაწილეობით დაგეგმილია სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები.

დასაქმებულების და პროფკავშირების თანახმად, შეხვედრაზე განვითარებული მოვლენებისა და შეთავაზებების შემდეგ გადაწყდება სამოქმედო გეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი