საზოგადოება

რას გულისხმობს „ლენდ ლიზის“ აქტი და როგორ შეცვლის უკრაინაში ომის ბედს

10 მაისი, 2022 • 3545
რას გულისხმობს „ლენდ ლიზის“ აქტი და როგორ შეცვლის უკრაინაში ომის ბედს

რას გულისხმობს „ლენდ-ლიზის“ აქტი, რომელაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი 9 მაისს მიაწერა და როგორ შეიძლება შეცვალოს მან ომის ბედი უკრაინაში?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „ნეტგაზეთი“ მკვლევრებსა და სამხედრო ანალიტიკოსებს ესაუბრა, რომელთა განცხადებითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული აქტი „კარდინალურად შეცვლის“ ომის ბედს.

რას წარმოადგენს „lend lease 2022“

„ხელს ვაწერ კანონპროექტს, რომელიც წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის მთავრობასა და უკრაინელ ხალხს თავიანთი სამშობლოსა და დემოკრატიის დასაცავად ბრძოლაში, პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 9 მაისს, კანონპროექტზე ხელმოწერისას.

„Ukraine Democracy Defense Lend-Lease Act of 2022“ — ასე ეწოდება კანონს, რომელმაც უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემა უნდა გაამარტივოს.

აქტი ოფიციალურად არ გულისხმობს უკრაინისთვის იარაღის საჩუქრად, სრულიად უსასყიდლოდ გადაცემას, თუმცა, გამომდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და დახმარების მოცულობისა, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან დახმარებად განიხილება.

აქტი უფლებას აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, 2022-2023 წლების განმავლობაში, სესხის ან იჯარის პრინციპით გადასცეს სამხედრო ტექნიკა უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ასევე დაზარალდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითა და არსებული რისკების გათვალისწინებით სურთ, გაზარდონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა.

ბაიდენი

ბაიდენი ხელს აწერს „ლენდ-ლიზის“ აქტს

„ლენდ-ლიზის“ აქტი ათავისუფლებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას არსებული კანონმდებლობის გარკვეული მოთხოვნებისგან, რომლებიც არეგულირებს სამხედრო აღჭურვილობის უცხო ქვეყნებისთვის გადაცემის წესს, როგორიცაა, მაგალითად:

  • სესხის ხანგრძლივობის ხუთწლიანი ლიმიტი;
  • და მოთხოვნა, რომ ტექნიკის მიმღებმა ქვეყნებმა აანაზღაურონ შეერთებული შტატების მიერ გაწეული ყველა ხარჯი.

კანონის ტექსტში ხაზგასმულია, რომ მისი ამოქმედებიდან, ანუ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 60 დღისა, პრეზიდენტმა უნდა დაადგინოს დაჩქარებული პროცედურები უკრაინის მთავრობისათვის აქტით გათვალისწინებული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ამ იარაღის დროული ტრანსპორტირება ამერიკიდან უშუალოდ დანიშნულების ადგილზე.

ჯერჯერობით უცნობია, ამ აქტის ფარგლებში კონკრეტულად რა ტიპისა და ოდენობის შეიარაღებას გადასცემს აშშ უკრაინას.

ის თავდაპირველად სენატში წარადგინეს სამმა სენატორმა, დემოკრატმა ბენჯამინ კარდინმა მერილენდიდან, რესპუბლიკელმა როჯერ ვიკერმა მისისიპიდან და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ნიუ-ჰემფშირიდან, თუმცა მოგვიანებით კანონპროექტის თანასპონსორი არაერთი სენატორი გახდა ორივე პარტიიდან.

მოგვიანებით კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამაც დაამტკიცა, საბოლოოდ კი პრეზიდენტს გაეგზავნა ხელმოწერისათვის.

„გარღვევა“ უკრაინის დასახმარებლად

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრის“, ნინო სამხარაძის შეფასებით, „ლენდ-ლიზის“ აქტის მიღება არის „ერთგვარი გარღვევა“ არა მხოლოდ საკუთრივ ვაშინგტონის, არამედ უფრო ფართო დასავლეთის საერთო მობილიზებაში უკრაინის დასახმარებლად.

„ომის ამ ეტაპზე, კოლექტიურმა დასავლეთმა, ფაქტობრივად, დაიჯერა, რომ უკრაინას შეუძლია, რეალურად გაანეიტრალოს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთისგან მომდინარე საფრთხე. შესაბამისად, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ „ლენდ-ლიზის“ კანონის ხელმოწერა არის ერთდროულად სიმბოლური და ფაქტობრივი სიგნალი კრემლისთვის, რომ აშშ მზადაა კიევის მძლავრი და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის ამ ბრძოლაში“, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ნინო სამხარაძე.

მისი განცხადებით, ამ აქტის მიღებას აქვს ორი მთავარი დატვირთვა:

„პირველ რიგში, სიმბოლური თვალსაზრისით, აშშ-მა მიმდინარე ომში დაინახა რუსეთი, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანია. მეორე რიგში კი, ვაშინგტონში კიევის აღქმა დაიწყო როგორც დასავლური დემოკრატიის ერთგვარ მცველად.

შესაბამისად, ამ აქტს გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც აშშ-ისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: უკრაინა ხდება პოლიტიკური ნაწილი იმ დასავლური დემოკრატიული სივრცისა, რომლის ლიდერობაც ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდიდან აქვს დაყენებული საკუთარ დღის წესრიგში“, – აცხადებს იგი.

მისივე განცხადებით, დახმარება, რომელიც უკრაინის შეტევით პოტენციალს გაზრდის, ომში გარდამტეხ ფაქტორად უნდა აღვიქვათ უკრაინის სასარგებლოდ.

ნინო სამხარაძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი

მისი განცხადებით, „ლენდ ლიზის“ აქტი, რომელიც უკრაინული დემოკრატიის დაცვის მხარდაჭერას მოიაზრებს, ბევრად უფრო გამოკვეთილად აქცევს უკრაინას დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში, ვიდრე ეს ომამდე იყო.

სამხარაძის განცხადებით, „ლენდ ლიზმა“ აშშ-ის ინტერესის სფერო ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ფორმალურად უფრო გამოკვეთა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ამავდროულად, საქართველოსთვისაც.

როგორ შეცვლის ამერიკული სამხედრო დახმარება ომის მიმდინარეობას 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, უკრაინას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება შორსმსროლელი არტილერია და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები, ხოლო  შემდგომისთვის, როდესაც უკრაინაში გაჩნდება კონტრშეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა, საჭირო იქნება დამატებითი ჯავშანტექნიკა, საუკეთესო შემთხვევაში კი, საჰაერო მხარდაჭერის საშუალებებიც.

მისი განცხადებით, ასეთი ტიპის აღჭურვილობის დამატებით მიღება კარდინალურად შეცვლის ომის ბედს.

„ამერიკული მხარდაჭერა კარდინალურად შეცვლის ომის მიმდინარეობას, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მებრძოლები არ აკლია უკრაინას. ტექნიკურად, გარკვეულწილად, უპირატესობა, რომელიც გააჩნია რუსეთს, ამ შემთხვევაში იქნება ნიველირებული.

ეს იქნება გადამწყვეტი [ომის მიმდინარეობისას]“, – აცხადებს ვახტანგ კაპანაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე

კაპანაძის განცხადებით, დასავლური შეიარაღება უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს უკრაინის კონფლიქტში. მისი თქმით, სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული და დასავლური შეიარაღება, რომელსაც უკრაინა მიიღებს, გადანაწილდეს სისტემატიზირებულად და არა ქაოსურად სხვადასხვა დანაყოფებს შორის, რადგან ბრძოლის ველზე არ შეიქმნას მომარაგების პრობლემები.

24 თებერვლიდან  პუტინის რუსეთი უკრაინაში იმპერიალისტურ ომს აწარმოებს, რომლის მიზანიც თავდაპირველად უკრაინის ხელისუფლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვერ შეძლეს კიევის დაკავება, ომის მეორე ფაზა დაიწყო, რომლის გაცხადებულ მიზანსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიული წინსვლა წარმოადგენს.

ომის მკვლევრებისა და უცხოური სადაზვერვო სამსახურების თანახმად, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში არანაირი ან მინიმალური წინსვლაც არ აქვს.

ისტორია მეორდება 

პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსგავსი პროგრამა 1941 წლის მარტში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას აამოქმედა, რომლითაც მან სამხედრო აღჭურვილობა, საკვები, სამედიცინო საშუალებები და სხვა ტიპის დახმარება მოკავშირეებს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს გადასცა.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დროს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს, საერთო ჯამში, 50.1 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია, რაც 2020 წლის ფასებით, 690 მილიარდი ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.

ამ თანხიდან ყველაზე მეტი — 31.4 მილიარდი — გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო. დახმარების დიდი ნაწილი მიიღო საბჭოთა კავშირმაც – 11.3 მილიარდი, საფრანგეთმა – 3.2 მილიარდი, ჩინეთმა – 1.6 მილიარდი, დანარჩენმა სახელმწიფოებმა კი, ჯამში, 2.6 მილიარდი ამერიკული დოლარი.

გაერთიანებული სამეფოსთვის გაგზავნილი „Sherman-ის“ ტიპის ტანკი 

ისტორიკოსთა უმეტესობა თანხმდება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამოქმედებულმა პროგრამამ, რომლითაც მოკავშირეებს იარაღი მიაწოდეს, მნიშვნელოვნად გადაწყვიტა მეორე მსოფლიო ომის ბედი ევროპაში.

დახმარების შემდეგ, (თუმცა სხვა გარემოებების გათვალისწინებითაც) მოკავშირეებმა შეძლეს კონტრშეტევაზე გადასვლა და ნაცისტური გერმანიის დასუსტება აღმოსავლეთ (სსრკ), დასავლეთ (საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ბელგია, ნიდერლანდები) და სამხრეთის ფრონტებზე (ჩრდ. აფრიკა), რამაც საბოლოოდ გერმანიის დამარცხება გამოიწვია.

ჯო ბაიდენმა ხელი უკრაინის მხარდაჭერის კანონს 9 მაისს მოაწერა. ამ დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ნაცისტური გერმანიის დამარცხების დღე აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი