საზოგადოება

„მთელი ცხოვრება ვშრომობდით სახლისთვის, სადაც ვეღარ დავბრუნდებით“ — ოლია მარიუპოლიდან

28 აპრილი, 2022 • 1012
„მთელი ცხოვრება ვშრომობდით სახლისთვის, სადაც ვეღარ დავბრუნდებით“ — ოლია მარიუპოლიდან

36 წლის ოლია მეუღლესთან და 2 მცირეწლოვანთან შვილთან ერთად მარიუპოლში ცხოვრობდა. ინტერვიუს დაწყებამდე გვაფრთხილებს, რომ სახეს ვერ გამოაჩენს. მისი ძმა და მშობლები ჯერ კიდევ იქ არიან.

საქართველოში ჩამოსულ არაერთ ლტოლვილს აქვს შიში, რომ უკრაინაში დარჩენილ საყვარელ ადამიანებს მათი ვინაობის გამხელით რაიმე დაუშავდებათ.

ოლია, სხვა უკრაინელ ოჯახებთან ერთად, ახლა სიღნაღშია. ფიზიკურად უსაფრთხოდაა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, არცერთი წუთი არ გადის ისე, რომ მშობლიურ მარიუპოლზე არ იფიქროს.

„ძლიერი უნდა ვიყო ჩემი შვილებისთვის. მათ წინ აღარ ვტირი, არც ვაჩვენებ, რეალურად რას ვგრძნობ“

საქართველოში ჩამოსვლამდე ოლიამ და მისმა ოჯახმა თითქმის 1 თვე გაატარეს გზაში. ოლიამ მარიუპოლში დატოვა მთელი თავისი ცხოვრება, მათ შორის, მშენებარე კერძო სახლი — მისი და მისი ქმრის ოცნება. ინტერვიუში ის გვიყვება, რომ ყველაფერს იკლებდნენ, რათა საოცნებო სახლი აეშენებინათ.

„ვოცნებობდით ჩვენს დიდ სახლზე, ახლა ხელახლა ვიწყებთ ცხოვრებას“

ოლია და მისი ოჯახი მარიუპოლში, პრიმორსკის უბანში ცხოვრობდა — სამოთახიან ბინაში, კარგი რემონტითა და ახალი ავეჯით. ოჯახი ოცნებობდა, რომ მალე ბინიდან საკუთარ კერძო სახლში გადავიდოდა, სადაც ორივე შვილს თავისი ოთახი ექნებოდა და შინაურ ცხოველსაც მოიყვანდნენ.

სხვა მილიონობით ოჯახის მსგავსად, ოლიას ოჯახიც ადრე დგებოდა — ისინი ერთად საუზმობდნენ, თავს იწესრიგებდნენ, მშობლები სამსახურში მიდიოდნენ, ბავშვები კი- ბაღსა და სკოლაში. სამსახურის შემდეგ ოლია და მისი მეუღლე ბავშვებთან ერთად ატარებდა დარჩენილ დროს. ის იხსენებს, რომ ერთად ან რაიმე ფილმს უყურებდნენ, ან წიგნებს კითხულობდნენ, ან სულაც – თამაშობდნენ.

ეს რუტინა 24 თებერვალს დაირღვა:

„როგორც ჩვეულებრივ დღეს, ისე გავიღვიძე; დავიწყე მოწესრიგება, ხელ-პირის დაბანა. ამ დროს Viber-ში, საბავშვო ბაღის ჯგუფში, მშობლებმა დაიწყეს იმის წერა, რომ დღეს არ მოვიდოდნენ. თავიდან ვერ მივხვდი, რატომ-. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. ამაზე ერთ-ერთმა დედამ გვითხრა, ტელევიზორი ჩართეთ, ნახეთო. იმავეს წერა დაიწყეს უფროსი შვილის კლასელების დედებმაც, წერდნენ, რომ დღეს მათი შვილები სკოლაში არ გამოცხადდებოდნენ.

თავიდან არ დავიჯერეთ, არ გვინდოდა ამის დაჯერება, გავაგრძელე სამუშაო დღისთვის მზადება, საუზმე მოვამზადე. რაღაც მომენტში ჩემთან მოვიდა მეუღლე და თქვა, დაიწყოო. მითხრა, რომ უნდა შევაგროვოთ ნივთები, დოკუმენტები და გადავიდეთ მის მშობლებთან საცხოვრებლად. მომდევნო 2 საათის განმავლობაში ყველაფერი შევაგროვეთ და ბავშვები წავიყვანეთ მისი მშობლების სახლში. ახლოს ცხოვრობენ, მათ კერძო სახლი აქვთ სარდაფთან ერთად, ამიტომაც წავედით მანდ.

24 თებერვლის შემდეგ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. უკვე დავიწყეთ ჩვენი შვილების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ფიქრი. ვცდილობდით რაღაც პროდუქტების შეძენას, წყლის შეგროვებას. არ ვიცოდით, სად გაგვეტარებინა ღამე — საწოლებში თუ სარდაფში. ასეთი ფიქრები ყოველდღიურობა გახდა და ყოველი მომდევნო დღე უფრო საშიში იყო. თუნდაც, როდესაც გავდიოდით მაღაზიაში პროდუქტებისთვის, ან გავრბოდით ბინაში რაღაც ნივთების ასაღებად, უკვე ვხედავდით, რომ იწყებოდა მაროდიორობა, ვხედავდით განადგურებას… გვეშინოდა ყველაფრის. საშინელი სანახაობა იყო… ჩვენი უბანი ჩვენსას აღარ ჰგავდა.“

მარტის პირველი რიცხვებიდან ოლიას უბანში უკვე აქტიური საბრძოლო ქმედებები დაიწყო. აფეთქებები სულ უფრო ახლოვდებოდა. 3 მარტს ჭურვი მოხვდა მათი კორპუსის საყრდენ ბოძს. 6 მარტს ოლიას ქმრის ოჯახის სახლთან ახლოს ჭურვი ჩამოვარდა. სახლი დაზიანდა. ამ დროისთვის სახლში მხოლოდ ოლიას მამამთილი იმყოფებოდა — „საბედნიეროდ, ის გადარჩა“.

„ეს იყო ის მიჯნა, რის შემდეგაც მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ აგვეღო მხოლოდ დოკუმენტები და წავსულიყავით ნებისმიერი მიმართულებით, სადაც თვალი იყურებოდა… უბრალოდ, ვიცოდით, რომ გავცილებოდით იქაურობას. არ ვიცოდით, სად, ვისთან — სად უფრო უსაფრთხო იქნებოდა“, — იხსენებს ოლია ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

უსაფრთხო ადგილის მოძიება რთული აღმოჩნდა – თავიდან ოლია წავიდა ბიძასთან, თუმცა მისი სახლიც უკვე დაზიანებული იყო, შემდეგ- მეგობრებთან, ისინი სახლში არ აღმოჩნდნენ. საბოლოოდ ოლიამ და მისმა ოჯახმა თავი შეაფარეს ბილოსარაისკას ცელას [12 კილომეტრი მარიუპოლიდან] – ეს ადგილი მარიუპოლთან ახლოსაა. იქ ოლიას თანამშრომელი ცხოვრობდა – „ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები“.

6-დან 14 მარტის ჩათვლით სახლის სარდაფში 3 ოჯახი ცხოვრობდა. ყველას ერთად ეძინა, ჭამდა და გადარჩენას ცდილობდა ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე — „დილის 5 საათზე ცეცხლს ვანთებდით თუნდაც იმიტომ, რომ წყალი გაგვეცხელებინა და ჩაი, საჭმელი გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის“.

წყალი ოლიას ქმარს მოჰქონდა, როდესაც მას აგვიანდებოდა, „ცუდი ფიქრები მიპყრობდა… იყო დღეები, როდესაც თოვლს ვადნობდით… ყველამ გამოვიარეთ ეს“.

„როდესაც პირველად გავიგე აფეთქების ხმა, მეშინოდა, რომ ცეცხლი გაჩნდებოდა, რომ ვერ გადავრჩებოდით. ადამიანი ამას ვერ შეეგუები. ჩვენ ვიწექით და ყოველ ჯერზე, როდესაც აფეთქების ხმა გვესმოდა…

როდესაც სარდაფში ვიყავით, აფეთქებებისას ერთი მხრიდან უმცროსი შვილი მეკვროდა, მეორიდან — უფროსი. უმცროსი სულ ტიროდა, ყოველ ჯერზე ყვიროდა „დედა მეშინია“. ყოველ ღამე ამბობდა, რომ ვოცნებობ, იქნებ მეორე დღეს ზემოთ ავიდეთო. თუნდაც, პირველ სართულზე ავსულიყავით, შუქი გვენახა ფანჯრიდან. სარდაფში ისიც კი არ ვიცოდით, რა დრო იყო, დღე თუ ღამე. ამას ვერ მიეჩვევი…

უფროსი შვილი კი ყველა ემოციას საკუთარ თავში იკავებდა, ვეკითხებოდი, გეშინია? ის სულ უარობდა, მაგრამ ღამით, როდესაც აფეთქებები ხშირდებოდა, მესმოდა, როგორ კანკალებდა “, — იხსენებს ოლია.

ქალაქის დატოვება 13 მარტამდე არ შეიძლებოდა. 12 მარტს ოლიამ დაინახა, რომ მანქანა, წარწერით „ბავშვები“ უკან გამოაბრუნეს, 13 მარტს ქალმა იგივე მანქანა კვლავ შენიშნა, ოღონდ ამჯერად უკან აღარ გამოუბრუნებიათ. 14 მარტს მანქანების ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა — „გავრისკეთ, ჩავსხედით მანქანაში და გამოვედით ქალაქიდან“.

ოლიას და ოჯახს თან პატარა ბარგი ჰქონდათ – ბავშვისთვის აუცილებელი ტანსაცმელი, დოკუმენტები, ფული და ძვირფასეულობა. ოჯახმა მარიუპოლი დატოვა, თუმცა იქ დარჩნენ ბებია-ბაბუები. ოლია ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, რომ ახლა პირველი პრიორიტეტია მათი უსაფრთხო ადგილას გამოყვანა . თუმცა ქალის მამა ავადაა და ესეც ართულებს სიტუაციას.

ოლია მარიუპოლიდან. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

გზამ თითქმის 1 თვე წაიღო. ოლია და მისი ოჯახი საქართველოში 8 აპრილს ჩამოვიდნენ.

„გზაში მანქანას პრობლემები გაუჩნდა. გზაში ჩერდებოდა. მეშინოდა, რომ ერთ-ერთ ბლოკპოსტზე გაფუჭდებოდა მანქანა და წაგვიყვანდნენ… ვნერვიულობდი შვილების გამო იმიტომ, რომ საზღვარგარეთის პასპორტი არ ჰქონდათ. ეს მომენტები ყველაზე მტკივნეულად მახსოვს.

რომ მოვდიოდით, გზაში იყო ნაღმები, გვიწევდა დამწვარი, გატეხილი მანქანებისა და განადგურებული სახლებისთვის ჩავლა…“ ,— იხსენებს ოლია.

ოლია ამბობს, რომ დღემდე ბოლომდე ვერც კი იაზრებს, რა საშინელება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხედავს დამწვარი სახლების ფოტოებს, ესმის, რომ დასაბრუნებელი აღარსად დარჩა.

„დღემდე არ შემიძლია ძილი. საღამოსკენ თითქოს მივიძინებ, მაგრამ ღამის 1 საათისკენ აუცილებლად გამეღვიძება. მესიზმრება მარიუპოლი, მშობლიური ქუჩები, სახლები, საყვარელი ადამიანები მესიზმრებიან… ასეთ დროს როდესაც მეღვიძება, მტკივნეულად ვხვდები, რომ დასაბრუნებელი არსად მაქვს.

აქ რომ ჩამოვედით, მახსოვს, ბავშვებმა პირველად რომ დაინახეს თვითმფრინავი და შეეშინდათ, მე კი ავუხსენი, რომ ეს სამგზავრო თვითმფრინავია, რომ ეს არაა საომარი თვითმფრინავი, რომ ყველაფერი კარგადაა. ერთხელ აქ სტუმრები მოვიდნენ, მათ შორის, 5 წლის გოგო იყო და უცბად გაისმა ფოიერვერკების ხმა. ბავშვმა ცრემლები ვერ შეიკავა“.

მარიუპოლში ოლიამ ნივთების გარდა დატოვა ოცნება სახლზეც. ერთსართულიანი, 200 კვ.მ-ს ფართობის სახლი დიდი ეზოთი და მანსარდათი მარიუპოლის განაპირას ააშენეს. სულ ცოტაც და ოჯახი იქ უნდა გადასულიყო. სახლის კეთილმოწყობაში მიდიოდა ყველანაირი დანაზოგი.

იქიდან დავიწყოთ, რომ ჩემი ქმარი მეზღვაურია. მას ხშირად 6-6 თვე ვერ ვხედავდი. ზოგჯერ, უფრო მეტი დროით. ამ პერიოდში ყველაფერი ჩემზე იყო – სახლი, ბავშვები. ასეთ დროს მეხმარებოდა დედა. ჩვენ არსად არ ვისვენებდით, ახლა, მაგალითად, პირველად ვართ საზღვარგარეთ, რადგან ყველაფერი, რასაც გამოვიმუშავებდით, ყველაფერს ვდებდით სახლში“, — ამბობს ქალი.

ახლა ოლიამ იცის მხოლოდ ის, რომ მეზობელი 2 სახლი სრულიად გადამწვარია, მის სახლს კი 1 თვის წინ სახურავი დაუზიანეს. სხვა ინფორმაცია მას ჯერ არ აქვს.

ინტერვიუს ბოლოს ოლია ამბობს, რომ ოჯახის მიზანია, ოლიას დასთან კვირპოსამდე მიაღწიონ. აქვე უნდათ თავიანთი მშობლების წაყვანაც. თუმცა მომავალი მაინც ბუნდოვანია:

„მახსოვს, ნებისმიერ დიდ სუფრაზე ბებიაჩემის პირველი სადღეგრძელო იყო – მშვიდობისთვის, ნეტა ომი არასდროს იყოსო. ვერასდროს ვიაზრებდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სურვილი. დღეს კი თითქმის ყოველთვის მახსენდება მისი სიტყვები – ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ომი და ვიყოთ ჯანმრთელად. ყველაფერი სხვა არაა მნიშვნელოვანი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი