საზოგადოება

ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ს ელჩად ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა

25 აპრილი, 2022 • 1452
ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ს ელჩად ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა წარადგინა.

ამის შესახებ ოფიციალურად დღეს, 25 აპრილს გახდა ცნობილი, თუმცა  სიენენი წყაროზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში წერდა, რომ უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკი განიხილებოდა.

25 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს დიპლომატები დაბრუნდებიან უკრაინაში.

რა ვიცით  ბრიჯიტ ბრინკის შესახებ

ის  ამ დრომდე არის აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა აშშ-ის საელჩოში საქართველოში — ჯერ პოლიტიკურ-ეკონომიკურ განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ -ელჩის მოადგილედ.

2019 წელს ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი დიპლომატიურ დონეზე დადასტურდა, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა განიხილებოდა საქართველოში ელჩის პოსტზე, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თანხმობა არ მისცა.

კერძოდ, 2019 ოქტომბერში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ქართულმა მხარემ დაბლოკა. მოგვიანებით ამის შესახებ წერდა Foreign Policy-ც. როგორც გამოცემის ჟურნალისტები, რობი გრამერი (FP-ში აშუქებს სახელმწიფო დეპარტამენტის საკითხებს) და ემი მაკინნონი წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში ბრიჯიტ ბრინკს მიიჩნევდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად.

საქართველოს ხელისუფლებამ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

თუმცა კონგრესში ჩვენების მიცემისას ფიონა ჰილმა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების ყოფილმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ბრიჯიტ ბრინკს აგრიმანზე ფაქტობრივად უარი უთხრეს.

ფიონა ჰილი წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში წარდგა. ჰილს კითხვები დაუსვეს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მარი იოვანოვიჩის უკრაინიდან გაწვევის მიზეზებზე. იოვანოვიჩი ფიგურებს დონალდ ტრამპის და ვლადიმერ ზელენსკის ივლისის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი მას ახასიათებს როგორც ცუდ ელჩს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ამ მოსაზრებას იზიარებს.

მოსმენაზე ითქვა, რომ ელჩ იოვანოვიჩის გაწვევას თითქოსდა პოლიტიკური და პროპაგანდისტული სარჩული ჰქონდა და ჰილს ჰკითხეს, ახსენდება თუ არა ანალოგიურ სიტუაციებში ელჩის გათავისუფლების შემთხვევები. ფიონა ჰილმა რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, მათ შორის, კეტი კავალეჩზე ალბანელი დემოკრატების მიერ მიტანილი იერიში და თქვა, რომ “რაღაც მსგავსი გაუკეთეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ბრიჯიტ ბრინკს”, რომელზეც ქართველები აპირებდნენ დოსიეს შექმნას.

“ორი მაგალითი იყო, როდესაც ელჩს უარი უთხრეს აგრიმანზე, ან უარი ითქვა განხილვაზე ქვეყნის მიერ, იმიტომ, რომ ისინი დაადანაშაულეს წინამორბედ პრეზიდენტთან სიახლოვეში. ეს მოხდა ჩვენს ელჩთან დაკავშირებით საქართველოში, რომელიც სააკაშვილის დროს მუშაობდა ჩვენს საელჩოში საქართველში და მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ახლოს იყო მასთან”, – განაცხადა ფიონა ჰილმა.

ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა საქართველოს მიერ აშშ-ის ელჩის კანდიდატურის დაბლოკვა დაადასტურა

მასალების გადაბეჭდვის წესი