საზოგადოება

“ორსაათანახევარი ცივ წყალში მივცურავდი” – როგორ გამოაღწია უკრაინელმა კაცმა მარიუპოლიდან

13 აპრილი, 2022 • 33036
“ორსაათანახევარი ცივ წყალში მივცურავდი” – როგორ გამოაღწია უკრაინელმა კაცმა მარიუპოლიდან

მარიუპოლის მცხოვრებმა უკრაინელმა დმიტრი იურინმა ოკუპანტების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქი ზღვაში რამდენიმესაათიანი ცურვის შედეგად დატოვა. იურინი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობის დაბომბვის შემდეგ მიიღო.

დმიტრი The Guardian-თან იხსენებს იმ დღეს, როცა ქალაქიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი სახლი დაბომბილი თეატრიდან, სადაც ასობით მშვიდობიანი უკრაინელი აფარებდა თავს, რამდენიმე ასეული მეტრით იყო დაშორებული. თეატრში ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ, გარეთ კი წარწერაც იყო გაკეთებული – “ბავშვები”. თუმცა, თეატრი მაინც დაბომბეს.

“საშინელება იყო, უზარმაზარი აფეთქება მოხდა. გავიგონე ტირილის და ყვირილის ხმები. დავინახე ცხედრები, სხეულის ნაწილები. ერთი ქალი გამოვიყვანე, შემდეგ – გოგო, შემდეგ- ბიჭი. ყველა დაშავებული იყო. ბიჭი ფეხებს ვერ ამოძრავებდა, ყვიროდა. მე ხელები მიკანკალებდა. სისხლში ვიყავი ამოსვრილი.

ჩემთან ახლოს, მიწაზე ქალი იწვა, არ მოძრაობდა. ოჯახის წევრები სასოწარკვეთით ცდილობდნენ მის გადარჩენას, მკერდზე აწვებოდნენ. მის უკან დაბრუნებას ცდილობდნენ. მასთან ახლოს ბავშვი იყო, რომელიც ამბობდა: “დედა, არ დაიძინოო!” ქალი უკვე მკვდარი იყო”, – იხსენებს დმიტრი.

დმიტრი ამბობს, რომ ამ ქალის გარდა იქ ათობით გარდაცვლილი ნახა.

შემდეგ დაბრუნდა გარაჟში, რომელსაც დედასთან ერთად აფარებდა თავს და გადაწყვიტა, რომ მარიუპოლიდან უნდა წასულიყო.

დმიტრი მეთევზეა, რომელსაც აზოვის ზღვაზე მრავალი საათი აქვს გატარებული. მან მოძებნა თავისი სათევზაო კომბინიზონი, ასევე, ბაწარი და 5-ლიტრიანი ბოთლი, რომელსაც უსაფრთხოების ჟილეტის მაგივრად გამოიყენებდა.

მან თავშესაფრად ქცეული გარაჟი მოსაღამოებისას დატოვა, ქალაქში დანგრეულ შენობებს ჩაუარა, ქუჩები კი თითქმის ცარიელი იყო.

“მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შემხვდა, წყალს რომ ეძებდნენ. ვიღაცამ სიგარეტიც მთხოვა. სხვა მხრივ ქალაქი დაცარიელებული იყო. მე ნაცნობ გზას გავუყევი, რომელიც ზღვის პირზე მიმიყვანდა. ციოდა”, – იხსენებს დმიტრი.

ნაპირთან, წყალში, 15 მეტრი გაიარა, შემდეგ კი დასავლეთისკენ გაცურა. წყალში საშინლად ციოდა: “კბილები მიცახცახებდა. ერთ-ერთი ბოთლის უკან დავიმალე, არავის რომ არ დავენახე”.

ამ მდგომარეობაში დმიტრიმ ორსაათნახევარი იცურა. ცივ წყალში 4 კილომეტრის გაცურვის შემდეგ კი უკან მოიტოვა რუსეთის ჯარის პოზიციები და ნაპირზეც ამოვიდა. ხმელეთზე მოხუც წყვილს შეხვდა, რომლებმაც სახლში წაიყვანეს და არყით და ბორშჩით გაუმასპინძლდნენ.

სოფელს, რომელშიც დმიტრი მივიდა, რუსები აკონტროლებდნენ. მან სოფლიდან გაღწევა მეზობლის დახმარებით შეძლო, რომელმაც ბერდიანსკის პორტისკენ მიმავალ მიკროავტობუსში ადგილი უპოვა. ბერდიანსკიც რუსეთის ძალების მიერ იყო ოკუპირებული. მისი თქმით, საგუშაგოზე რუსმა სამხედროებმა მას ყურადღება არ მიაქციეს – “17-18 წლისები იქნებოდნენ”, – იხსენებს დმიტრი.

დმიტრიმ ბერდიანსკიდან კიევის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა. რამდენიმე დღის შემდეგ მარიუპოლის დატოვება შეძლო დმიტრის დედამაც. ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში, საკუთარ დასთან აფარებს თავს.

გარეკანის ფოტო: The Guardian

მასალების გადაბეჭდვის წესი