საზოგადოება

“როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” აფრთხილებს, წაშალოს მასალა რუს გენერალზე

9 აპრილი, 2022 • 19226
“როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” აფრთხილებს, წაშალოს მასალა რუს გენერალზე

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო “როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” აფრთხილებს, წაშალოს თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება.

საუბარია “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის, ზურაბ მენაღარიშვილის მიერ 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც თავდაპირველად ქართულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით “უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი”.

იმავე დღეს მასალა რუსულადაც ითარგმნა და “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია “Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала”(“ომი უკრაინაში: კიევი მეოთხე რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ იუწყება”).

მასალის გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ, 9 აპრილს, თბილისის დროით 02:01 საათზე “ნეტგაზეთმა” მიიღო მეილი, რომლითაც “როსკომნადზორმა” ხსენებულ მასალაზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. უწყების მტკიცებით, ის “კანონის დარღვევით” არის გავრცელებული.

მეილის ტექსტი, რომელიც “ნეტგაზეთმა” “როსკომნადზორისგან” მიიღო. მეილს თან ახლავს ფაილი, რომელშიც უფრო ვრცლად არის განმარტებული “კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის” ცნება და მის წაშლასთან დაკავშირებული გაფრთხილების პროცედურები.

“როსკომნადზორის” მეილის თანახმად, ხსენებული შეტყობინება გამოგზავნილია “რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოთხოვნის საფუძველზე, მიღებულ იქნას ზომები მასალაზე წვდომის შეზღუდვის მიზნით”.

მაინც რას გულისხმობს “კანონის დარღვევით გავრცელებული ინფორმაცია” რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ხედვით?

მეილზე თანდართულ დოკუმენტში ასეთად შეფასებულია მასალა, რომელიც შეიცავს “არასანდო” ინფრომაციას რუსეთის არმიის მიერ “განხორციელებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის”, მისი ფორმის, საბრძოლო მოქმედებების ჩატარების მეთოდებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაკარგებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა შესახებ.

“სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომს უწოდებს. რუსეთში მოქმედ მედიასაშუალებებს ეკრძალებათ ამ პროცესის “ომად” მოხსენიება.

“როსკომნადზორის” მიერ გამოგზავნილ მეილში ნათქვამია, რომ,  ru.netgazeti.ge-მ 24 საათში უნდა წაშალოს მასალა.

“ნეტგაზეთი” არ აპირებს აღნიშნული მასალის წაშლას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ნეტგაზეთი” რუსეთის სახელმწიფო უწყებების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის მიწურულს საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქმიანობის გამო გაკრიტიკებულია “ნეტგაზეთი” და “ბათუმელები”. ორივე მედიასაშუალება ერთი კომპანიის კუთვნილებაა.

ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ აქ:


რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებამ უფრო მეტად გააძლიერა დევნა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ.

მარტში მიიღეს კანონი, რომელიც “რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის” რუსეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება.

უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში როგორც რუსული, ისე დასავლური მედიასაშუალებების ვებგვერდები დაბლოკეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს “ფეისბუკთან” და “ინსტაგრამთან” მიმართებითაც, “ტვიტერზე” კი წვდომა შეიზღუდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი