საზოგადოება

რას ელის EU საქართველოსგან სანქციებთან დაკავშირებით

6 აპრილი, 2022 • 1514
რას ელის EU საქართველოსგან სანქციებთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, დასავლეთი დარწმუნებულია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გავლენაში და მათი გაგრძელების აუცილებლობაში.

კარლ ჰარცელმა ასევე ისაუბრა, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს საქართველოს მსგავსი პარტნიორებისგან.

„პარალელურად ჩვენ ვაწვდით უკრაინას შეიარაღებას და აღჭურვილობას, ჰუმანიტარულ დახმარებას; საქართველოსთან და სხვებთან ერთად ვმუშაობთ გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოში რუსეთის იზოლაციაზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მოხარული ვარ საქართველოს მხარდაჭერის ჩვენი პოზიციებისადმი ამ ორგანიზაციებში. ბუჩის მოვლენებთან დაკავშირებით კვირის ბოლოს ჩვენ ვიმედოვნებთ რუსეთის წევრობის უფლების შეჩერებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ამ საკითხზეც გვაქვს საქართველოს მხარდაჭრის იმედი“, — განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, რუსული ბანკებისთვის ფინანსური სანქციების დაწესების პირველ ეტაპზე საქართველომ გადადგა სწორი ნაბიჯები სანქცირებულ ბანკთან (იგულისხმება „ვითიბი“) დაკავშირებით და მომავალშიც მსგავს მიდგომებს ელის.

„თუ რას ველით საქართველოს მსგავსი პარტნიორისგან — ესაა სოლიდარობა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ასევე, [ველით] საჭირო ნაბიჯების გადადგმას რუსეთის იზოლაციისთვის. ჩვენ ვარწმუნებთ საქართველოს და სხვებს, მათი შესაძლებლობების ფარგლებში იმუშაონ ამაზე და ძალიან მოწადინებული ვართ, ვიხილოთ, რომ არცერთი ქვეყანა არ სთავაზობს რუსეთს უკანა კარს სანქციების გვერდის ასავლელად“, — განაცხადა ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი