საზოგადოება

გზამკვლევი საქართველოში ჩამოსული უკრაინელებისთვის

28 მარტი, 2022 • 4658
გზამკვლევი საქართველოში ჩამოსული უკრაინელებისთვის

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს არაერთი მოქალაქე საქართველოში გამოექცა. როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე კერძო სექტორიდან გაისმა ინიციატივები, რომლებიც უკრაინელთა დახმარებას ისახავს მიზნად.

რა უნდა გააკეთოს უკრაინის მოქალაქემ მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს? ვის უნდა მიმართოს ლტოლვილის სტატუსის ოფიციალურად მისაღებად, სად შეუძლია იცხოვროს და საიდან მიიღებს ჰუმანიტარულ დახმარებას, თუ ამის საჭიროება აქვს?

“ნეტგაზეთი” მოკლედ გთავაზობთ ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც ღია წყაროებიდან თუ პროცესში ჩართული პირების დახმარებით შევძელით.

საერთაშორისო დაცვა მსურს. რას ვაკეთებ?

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნა 1 წლით უვიზოდ შეუძლიათ.

უკრაინელებს, ისევე როგორც სხვა უცხოელებსა თუ მოქალაქეობის არმქონე პირს, უფლება აქვთ, მოითხოვონ საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლის მომენტში, სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას.

თუ პირს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გაკეთება საზღვარზე არ სურს ან სხვადასხვა მიზეზით ამას ვერ ახერხებს, ამ პროცედურის გავლა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში შეუძლია. *(გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს პროკურატურასა და პენიტენციურ დაწესებულებაშიც)

უწყების მისამართია ქ. თბილისი, გახოკიძის ქ. №16; ცხელი ხაზი: ცხელი ხაზი: საერთაშორისო დაცვის საკითხები (+995 32) 241 87 30; უკანანო მიგრაციის საკითხები (+995 32) 241 96 07.

საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობით, საჭიროების შემთხვევაში – სათანადო თარჯიმნის დახმარებით. თარჯიმნის მომსახურება უფასოა. კანონის მიხედვით, განცხადების განხილვა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად.

ამასთან, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხებზე უფასო იურიდიული დახმარების მიღება შეუძლია იურიდიული დახმარების სამსახურში.

უწყების მისამართია თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ №140ა. ტელეფონი: +995 (32) 293 20 90; +995 (32) 2988493

შესაბამისმა უწყებამ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მისი შეტანიდან 6 თვის ვადაში უნდა განიხილოს. ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 9 თვემდე. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ერთდროულად მრავალი პირის მხრიდან მიმართვა სამინისტროსთვის ხსენებული განცხადებით.

სანამ განაცხადი განხილვის პროცესშია, პირი თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა. მასზე გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა 1 წლის ვადით. ამ დოკუმენტის საფუძველზე თავშესაფრის მაძიებელი ისარგებლებს განათლების, სამედიცინო თუ სოციალური დახმარების, შრომითი მოწყობისა და სხვა უფლებებით.

განაცხადის განხილვის პერიოდში, პირს უფლება აქვს, დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

რას მაძლევს საერთაშორისო დაცვა?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები:

ა) ლტოლვილის სტატუსი — ენიჭება წარმოშობის ქვეყნის გარეთ მყოფ პირს, რომელსაც აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

ბ) ჰუმანიტარული სტატუსი — ენიჭება პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი — სამინისტრო არეგისტრირებს მასობრივად შემოსულ პირებს და იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს აღნიშნული სტატუსი მათ, ვინც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი გიორგი ანთაძე ფიქრობს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომელთაც საერთაშორისო დაცვა სურთ, ყველაზე რელევანტური სწორედ ლტოლვილის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი იქნება.

“პირველ რიგში, საომარი მდგომარეობაა უკრაინაში. ვიცით, რომ საჰაერო დარტყმები უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ხდება, გარკვეულ ტერიტორიებს კი უშუალოდ აკონტროლებენ რუსი სამხედროები, ამ პირობებში აშკარაა, რომ  უკრაინელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას განსაკუთრებულად დიდი საფრთხე ემუქრება”.

“გასათვალისწინებელია ისიც, რომ უსისტემოდ იბომბება [უკრაინის ტერიტორია], მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე არ არის დარტყმა, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც, როგორიცაა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, ბაღები და ა.შ.” ,— აღნიშნავს ის.

ანთაძე ასევე ხაზს უსვამს რომ საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, გაეროს 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციის პრინციპებს ეფუძნება და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირს/მაძიებელს მთელი რიგი უფლებებით აღჭურავს.

ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში კი პირმა უნდა გადაწყვიტოს, საერთაშორისო დაცვის რომელი ფორმა გამოიყენოს. ამ გზაზე მნიშვნელოვანია თავშესაფრის მაძიებლის მიერ იურისტისგან კვალიფიციური რჩევების მიღებაც. მისი თქმით,  ლტოლვილის სტატუსი, დანარჩენ ორთან შედარებით, უფრო მეტ გარანტიას მოიცავს მოქალაქისთვის.

თუ ჰუმანიტარული სტატუსი და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი პირს 1 წლით ენიჭება(ის შეიძლება გახანგრძლივდეს იმავე ვადით, არაერთგზის), ლტოლვილის სტატუსის შემთხვევაში კანონმდებლობა კონკრეტულ ვადას არ აწესებს.

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლებებს შორისაა:

  • მიიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა და ცნობა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ;
  • აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდეს თავისუფლად;
  • მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა;
  • იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება;
  • საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებით (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით;
  • საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს;
  • საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით.

ამასთან, კანონში წერია, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის განმავლობაში, პირს უფლება აქვს, დარჩეს მიმღებ ცენტრში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილ სხვა დროებითი განსახლების ადგილას. სტატუსის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი შეუძლია გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებებს შორისაა:

  • მიიღოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მქონე პირის ცნობა და დროებითი ბინადრობის მოწმობა მისთვის მინიჭებული დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მოქმედების ვადით;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს სამედიცინო მომსახურება;
  • ისარგებლოს სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების უფლებით, ამასთანავე, კანონის შესაბამისად ისარგებლოს სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით;
  • უზრუნველყოფილი იყოს კვებითა და თავშესაფრით ან შესაბამისი ფულადი დახმარებით მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე ბინადრობის მოწმობა უფასოდ გაიცემა ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადით, ხოლო ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე – 3 წლის ვადით.

ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი გაიცემა 10 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დოკუმენტი გაიცემა 2 წლის მოქმედების ვადით, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე 1 წლამდე ვადით.

სასარგებლო ბმულები:

საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი — ქართული ვერსია, ინგლისური ვერსია, რუსული ვერსია.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი — ქართული ვერსია, ინგლისური ვერსია, რუსული ვერსია.

რომელი ორგანიზაციები დამეხმარებიან?

საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს აქ ჩამოსული უკრაინელების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი დახმარებით, ასევე, სოციალურ და ადამიანის უფლებებთან, პირველად საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაწოდებლად.

მათ შორისაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში(UNHCR Georgia), რომლის ცხელი ხაზიც(+995 577 415 610) 24 საათის მანძილზე მუშაობს. ორგანიზაციის მისამართია თბილისი, ყაზბეგის გამზირი №2ა.

როგორც UNHCR-ში გვითხრეს, თანამშრომლობენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან  და საჭიროების შესაბამისად თავისი რესურსებით ეხმარებიან, ან შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან/კერძო პირებთან ამისამართებენ.

“უპირველესად დგას საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება.  ბუნებრივია, ასევე საჭიროებენ საარსებო წყაროებს, ამისათვის კი საჭიროა მათ დასაქმებაზე ზრუნვა;

ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომა, რაც საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს მისცემს ღირსეულად ცხოვრებისა და განვითარების საშუალებას,” — გვითხრეს ორგანიზაციაში.

UNHCR-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მოწყვლად ლტოლვილებს პარტნიორებთან ერთად უწევენ გარკვეულ  ფინანსურ დახმარებას. აღნიშნული დახმარების გაცემა, პროცედურის შესაბამისად, ინდივიდუალურად განიხილება.

“საქართველოში ლტოლვილთა ნაკადის მატების შემთხვევაში, პარტნიორებთან ერთად ვეცდებით შესაბამისი რესურსების მობილიზებას”, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

UNHCR-ს ჰყავს პარტნიორებიც, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან უკრაინელებს:

  • ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” პასუხისმგებელია სამართლებრივ დახმარებაზე. ცხელი ხაზი: +995 593 111 405. მისამართი: ქ. თბილისი, გახოკიძის ქ. №11;
  • ორგანიზაცია “World Vision Georgia” პასუხისმგებელია სოციალურ საკითხებზე. ცხელი ხაზი: +995 577 045 645. მისამართი: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქ. 67ბ;
  • სახალხო დამცველის ოფისი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცხელი ხაზი: 1481. მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 80.

UNHCR პარტნიორებთან ერთად უშუალოდ ადგილზე, მათ შორის რეგიონებში, სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებსა თუ აეროპორტებში ხვდება უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეებს, რათა უკეთ განსაზღვროს საჭიროებები და, შესაბამისად, სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო, ასევე კერძო სექტორთან ერთად შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა.

მჭირდება თავშესაფარი, ტანისამოსი, წამალი. ვის მივმართო?

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ სასტუმროებში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 23 თებერვლამდე(ომის დაწყებამდე) ჩამოვიდნენ და სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.

თუმცა, სთავაზობს თუ არა სახელმწიფო დროებით საცხოვრებელსა და სხვა სერვისებს იმ უკრაინელებს, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ ჩამოვიდნენ და, შესაბამისად, აქ გამოექცნენ ომს? კითხვით მივმართეთ როგორც მთავრობის ადმინისტრაციას, ისე შსს-ს. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მეორე მხრივ, არაერთი მოქალაქე თუ ბიზნესი გამოთქვამს მზადყოფნას, შეიფაროს ომს გამოქცეული უკრაინელები. მრავალი ასეთი ინიციატივა სოციალურ ქსელებში დაიგეგმა და გავრცელდა.

ერთ-ერთია Spend 4 Seasons in Georgia — ფეისბუკ ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები უკრაინიდან ჩამოსულთათვის სხვადასხვა დახმარებას, მათ შორის, განსათავსებელ ბინებს ეძებენ. საუბარია მათ დახმარებაზეც, ვინც საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა.

საქართველოში მყოფი უკრაინელების დასაბინავებლად “საქართველოს ბანკი” 6 სასტუმროსთან თანამშრომლობს. ბანკის განცხადებით, “უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა”, რომლებიც სასტუმროში განთავსებას საჭიროებენ, უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე: (0322) 444-444

“საქართველოს ბანკი გადაადგილებულ პირებს სასტუმროში 1 თვის ვადით განთავსებას უზრუნველყოფს”, — აცხადებს ბანკი.

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შეიქმნა არაერთი პუნქტი, სადაც უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები გროვდება. ამასთან, ფეისბუკ ჯგუფმა “Платформа українців Грузії უკრაინელების პლატფორმა საქართველოში” შექმნა ინფო-ჰაბი უკრაინელებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკრაინელების ჰუმანიტარული და სამედიცინო საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების მიზნით.

აღნიშნული პუნქტების სია და პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე, ხსენებული ინფო-ჰაბზე პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ქალაქ ბათუმში შექმნილია შტაბები, სადაც უკრაინელებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საცხოვრებლის მოძებნაში ეხმარებიან. მსურველებს შეუძლიათ მივიდნენ შემდეგ მისამართებზე:

  • ვახტანგ გორგასლის №153 – რესტორანი „აჯიკა“;
  • ფარნავაზ მეფის №46 – პარტია „ლელოს“ ოფისი;
  • ვახტანგ გორგასლის №54 – პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი;
  • გრიბოედოვის 2ა — უკრაინის დიასპორის ოფისი ბათუმში.

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში რჩებიან, დედაქალაქის მერია რიგ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მომსახურებით.

აღნიშნული სერვისებით უსასყიდლოდ სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ უკრაინული პასპორტის ჩვენება.

ცენტრები, სადაც უკრაინელ სტუმრებს მომსახურებას გაუწევენ: ნახეთ სია

  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე;
  • თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი „იმედი“;
  • თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: აკრობატიკის ცენტრი, ტანვარჯიშის ცენტრი, წყნეთის სპორტული კომპლექსი;
  • თბილისის მერიის მ. ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრი;
  • თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი;
  • გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: გლდანის საცურაო აუზი, კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, მუხიანის სარაგბო კომპლექსი, ნაძალადევის სპორტული კომპლექსი;
  • ა(ა)იპ „ჩოგბურთის განვითარება“;
  • ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: ლილოს სპორტული ცენტრი, ვაზისუბნის სარაგბო მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ვარკეთილის ჭიდაობის დარბაზი, ლილოს საცურაო აუზი;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე;
  • თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი;
  • თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
  • თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
  • თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი;
  • თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი;
  • თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი;
  • თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი;
  • პანტომიმის სახელმწიფო თეატრი;
  • თბილისის თეატრი „გლობუსი“;
  • სამეფო უბნის თეატრი;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და მისი ფილიალები;
  • თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა;
  • თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა;
  • თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლა;
  • თბილისის მერიის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლა;
  • თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის N8 ხელოვნების სკოლა;
  • თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის N10 ხელოვნების სკოლა;
  • თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია;
  • თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის N14 ხელოვნების სკოლა;
  • თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა;
  • თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია;
  • თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი.

ამასთან, მერიის თქმით, მუნიციპალურმა საბავშვო ბაგა-ბაღებმა დაიწყო უკრაინელი ბავშვების მიღება ფა უფასოდ მომსახურება იმ უკრაინელთა ბავშვებისა, რომელთაც 2022 წლის პირველი იანვრის შემდეგ გადმოკვეთეს საზღვარი.

“საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას უწევენ თბილისის რაიონების გამგეობები ცხელი ხაზიდან შემოსული ზარების შესაბამისად. უკრაინის მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე – 032 272 22 22” — ამბობს მერია.

რა ხდება სკოლებში?

საქართველოს მთავრობის განცხადებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში ომის გამო ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

განათლების სამინისტროს თანახმად, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ.

განათლების სამინისტროს ცხელი ხაზია: (995 32) 2 200 220

მასალების გადაბეჭდვის წესი