საზოგადოება

უკრაინელებს კიევის დასავლეთით რუსული ჯარების იზოლირების შანსი აქვთ – CNN

22 მარტი, 2022 • 3482
უკრაინელებს კიევის დასავლეთით რუსული ჯარების იზოლირების შანსი აქვთ  – CNN

როგორც CNN წერს,  შესაძლოა, რუსული ჯარები უფრო იზოლირებული გახდეს, თუ უკრაინელები კიევთან თავიანთი მიღწევების გამაგრებას შეძლებენ.

CNN-ის თანახმად, თუ უკრაინული ძალები გააძლიერებენ კონტროლს ქალაქ მაკარივზე, რუსეთის ძალებს გაუჭირდებათ კიევის დასავლეთის მისადგომების დაცვა და შემდეგ უფრო სამხრეთისკენ გადაადგილება. მაკარივი კიევიდან დაახლოებით 48 კმ-ში მდებარეობს და მისი დაბრუნების შესახებ უკრაინამ დღეს განაცხადა.

CNN-ის ცნობით,  ასევე არსებობს მინიშნებები, რომ  რუსული ძალები წარუმატებლობას განიცადიან კიევის ჩრდილოეთით, იმ რაიონებში, რომლებსაც თითქმის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან იკავებდნენ. ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეო ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინელები ქალაქ მოშუნში შევიდნენ, რომელიც კიევის ჩრდილოეთით მდებარეობს 35 კმ-ში.

ამავე ტერიტორიაზე გადაღებული მეორე ვიდეო განადგურებულ სამხედრო ტექნიკას აჩვენებს.

გარდა ამისა, CNN წერს, რომ შესაძლოა, მდინარე ირპენის ადიდებამ ლოჯისტიკური სირთულეები შეუქმნას ამ არეალში მყოფ რუსულ ჯარებს, ისევე, როგორც სარკინიგზო ხიდის დანგრევამ ირპენის ჩრდილოეთით.

თუ უკრაინული ძალები განამტკიცებენ მიღწევებს ბუჩასა და ჰოსტომელთან, ანუ იქ, სადაც კიევის მიმართულებაზე რუსეთის ყველაზე მოწინავე პოზიციებია, შესაძლოა, ეს რუსული დანაყოფები მოწყვლადი გახდეს ალყაში აღმოჩენის კუთხით. ჰოსტომელთან ახლოს მდებარე ანტონოვის საჰაერო ბაზაზე რუსებს არტილერია ჰყავთ განთავსებული.

ამასთან, CNN-ის თანახმად, მაკარივის [რომელზეც უკრაინამ კონტროლის დაიბრუნა] ჩრდილოეთით, დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით, არის ქალაქი ბოროდიანკა, რომელსაც რუსული და ჩეჩნური [კადიროველები] ძალები აკონტროლებდნენ და  თუ უკრაინელები აიღებენ ბოროდიანკას, შესაძლოა, რუსეთის წინ მყოფი ნაწილები დანარჩენ არმიას გამოეთიშონ.

„ბრძოლის ველი ცვალებადია და რუსებს შეუძლიათ ბოლო დანაკარგების უკან დაბრუნება. მაგრამ თუ უკრაინელები შეინარჩუნებენ მაკარივს და გააძლიერებენ კონტროლს ამ ზონაზე, რუსეთის პოზიციები ქალაქსა [მაკარივი] და კიევს შორის გახდება დაუცველი, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს მათ მიზანს, დედაქალაქის ალყაში მოსაქცევად სამხრეთით გადაადგილდნენ, მთავარი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მიღმა’, – წერს CNN.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

შეჭრის დღიდან რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი