საზოგადოება

უკრაინა ევროკავშირის კართან — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე?

1 მარტი, 2022 • 3228
უკრაინა ევროკავშირის კართან — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე?

რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ასეთი ნაბიჯი ნაჩქარევი და ნაკლებ პერსპექტიული იქნებოდა, თუმცა შეცვლილი პოლიტიკური რეალობისა და ევროკავშირის უპრეცედენტო მხარდაჭერის გათვალისწინებით, უკრაინის ევროპული პერსპექტივა არც ისე შორს ჩანს.

ევროკავშირში გაწევრიანება

ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს და ხელს უწყობს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ა.შ. უფლება აქვს, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკომისია შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს აპლიკანტი „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“. ეს პირობები მოიცავს სტაბილურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ფუნქციონირებად საბაზრო ეკონომიკასა და ევროკავშირის კანონმდებლობის დანერგვას. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, იწყება გაწევრიანების შესახებ გრძელვადიანი მოლაპარაკებები. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი, გაწევრიანების უფლების მინიჭება ევროპული საბჭოს სრული შემადგენლობის და ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერას საჭიროებს.

ევროკავშირში გაწევრიანება რთული და მრავალწლიანი პროცედურაა, თუმცა უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე მყოფ უკრაინას ამ გზის დაჩქარებულად გავლა სურს.

„უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. ახლა ამის ქაღალდზე გადატანის დრო დადგა. უკრაინა აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს სპეციალური პროცედურის მიხედვით.“, — განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე.

„ძალიან ბევრი სფეროა, სადაც ერთად, ძალიან ახლოს ვმუშაობთ და, ცხადია, გარკვეული პერიოდის მერე ისინი ჩვენთან იქნებიან. ის [უკრაინა] ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენ გვსურს მათთან“, — თქვა ლაიენმა.

ანალიტიკოსები, რომლებიც კარგად იცნობენ ევროკავშირის ბიუროკრატიას და განწყობებს ბრიუსელში, ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირში უკრაინის დაუყოვნებელი მიღება — არა, მაგრამ [წევრობის] კანდიდატის სტატუსის მინიჭება სავსებით რეალურია.

ამ დროისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი, ხოლო პოტენციურ კანდიდატებს განეკუთვნებიან ბოსნია და ჰერცოგოვინა და კოსოვო. თურქეთს წევრობაზე განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს აქვს გაკეთებული და მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა თურქული დემოკრატიის გამოწვევების გამო პროცესის ფინალი ბუნდოვანია.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, რთულია თქმა, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინისთვის დაჩქარებული გაწევრიანების პროცედურა.

„ჯერჯერობით, ალბათ, ამაზე ევროკავშირშიც არ არიან ჩამოყალიბებული. რადგან აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი, რომელიმე ქვეყანა დაჩქარებული პროცედურით წასულიყო წინ. სავარაუდოდ, საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირი უკრაინს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. ანუ გამოტოვებს ან დაჩქარებული წესით გაივლის ერთ საფეხურს, რაც გულისხმობს ევროკომისიის მიერ გაწევრიანების მსურველი ქვეყნის შესახებ ოფიციალური პოზიციის მომზადებას და ეგრევე გადავა შემდეგ ეტაპზე, რაც არის კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ამაზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიდის და გადაწყვეტილი არაფერია“, — ამბობს „ნეტგაზეთთან” საუბარში ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე

მისი თქმით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის არაერთი ქვეყანა უჭერს მხარს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები.

“არის რამდენიმე სახელმწიფო, რომლებიც ორჭოფობენ. ასევე, გერმანიაში ძალიან აქტიურად განიხილება ეს საკითხი. თუ გერმანიის მხარდაჭერას მოიპოვებს უკრაინა, მე ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სხვა სკეპტიკოსი ქვეყნების დათანხმება. მაგრამ ,ბუნებრივია, დიდწილად ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი იქნება მდგომარეობა უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით”, — ამბობს ჩხიკვაძე.

ლუვენის უნივერსიტეტის ევროპის პოლიტიკური პარტიების პროგრამის თანახელმძღვანელის, თეონა ლავრელაშვილის ინფორმაციით, ევროპარლამენტი 1 მარტს აპირებს მიიღოს რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. გარდა ამისა, მოსალოდნელია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პეტიციის გამოქვეყნებასაც, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები შეუერთდებიან. ლავრელაშვილის თქმით, ეს პროცესი დაეხმარება საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უფრო რეალისტური გახდეს.

„ომამდე საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია, საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ევროკავშირის გაფართოების მიმართ, მაგრამ ახლა ეს განწყობა შედარებით იცვლება ევროპის მოსახლეობის მხრიდან. დაჩქარებული პროცედურით გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადის მიღების შემდეგ, მაღალი დონის დებატები გაიმართება ბრიუსელში, რომ ევროკავშირმა განიხილოს უკრაინის ეს თხოვნა. ტექნიკურად და იურიდიულად ძალიან რთული იქნება, ევროკავშირმა დააკმაყოფილოს წევრობაზე განაცხადი, მაგრამ, ძალიან დიდი შანსია და ბრიუსელში არსებული განწყობაც ამას მოწმობს, რომ წევრობის პერსპექტივა მიიღოს ქვეყანამ. ამით გამოხატავს ევროკავშირი სოლიდარობას უკრაინის მიმართ“, — ამბობს „ნეგტაზეთთან“ საუბარში თეონა ლავრელაშვილი.

სად არის საქართველო?

„ჩემი აზრით, ჩვენ აუცილებლად უნდა გავყვეთ უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, იმიტომ, რომ თუ ახლა ჩამოვრჩით და და ვერ გამოვიყენეთ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ნელ-ნელა იხსნება, არ ვიცი, როდის, ან მოგვეცემა თუ არა შემდეგი შანსი“, — ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ის აუცილებლად მიიჩნევს, საქართველო „არ ჩამორჩეს მატარებელს“ და გააძლიეროს კოორდინაცია უკრაინასთან და მოლდოვასთან [თუ ისიც გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას].

საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას შექმნილი აქვთ „ასოცირებული ტრიოს” საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატი, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა.

„მარტოს ძალიან გაგვიჭირდება ამ გზის გავლა, ან უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე შეიძლება გავიაროთ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად“, — მიიჩნევს ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ საქართველო აქტიურ კოორდინაციაში იყო უკრაინასთან და მოლდოვასთან როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა „საომარი მდგომარეობის მერე სიტუაცია ცოტა შეცვლილია”. ის ხაზს უსვამს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნეგატიურ როლს უკრაინის სოლიდარობის და კოორდინებული თანამშრომლობის პროცესში.

მთავრობის მეთაური მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და უკრაინაში ჩასვლა „არაფრის მომცემია“. დღეს, 28 თებერვალს კი, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი არავინ არის, სანქციები კი არაეფექტურია. იმის მაგივრად, რომ ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად 2008 წლის ომთან პარალელი გამოეყენებინა, პრემიერი ახლაც ამბობს, რომ საქართველომ „ვერ აირიდა ომი” და „ჩააბარა ტერიტორიები“. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, მის საპასუხოდ აქცია დაიგეგმა. ღარიბაშვილის განცხადებას მყისიერი გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. მათ ღარიბაშვილის განცხადება პროროსულ პოზიციად შეაფასეს.

ოთხდღიანი ომის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ორჯერ გახდა უკრაინის ხელისუფლების ირიბი თუ პირდაპირი კრიტიკის ობიექტიც.

„უკრაინასთან ერთად თუ არ დავიწყეთ მოძრაობა [გაწევრიანების პერსპექტივის მიმართულებით], მერე უკვე მარტო სვლა გაგვიჭირდება. იმ განცხადებებიდან, რასაც ჩვენ [ირაკლი ღარიბაშვილისგან] ვისმენთ, არ ჩანს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უკრაინასთან ერთად ვმოძრაობთ”, — ამბობს ჩხიკვაძე.

თეონა ლავრელაშვილის აზრით, საქართველომ უფრო პროაქტიული უნდა გახადოს დიპლომატია, მათ შორის, ტრიოს ფორმატში, რადგან „ახლა არის მომენტი, როდესაც შეგვიძლია უკრაინას ჩავებათ და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაც მივიღოთ ევროკავშირისგან“.

„დასამალია არაა, რომ მიუხედავად გარკვეულ საკითხებში ტექნიკური პროგრესისა, პოლიტიკურად საქართველო ნაკლებად ხვდება ბრიუსელის დღის წესრიგში. ცხადია, უკრაინას სჭირდება მეტი ყურადღება და ბუნებრივია, რომ უფრო აქტიურად დგას დღის წესრიგში, მაგრამ საქართველომაც უნდა ამოიღოს ხმა — თქვას, რომ ჩვენც აქ ვართ, ჩვენც ვითხოვთ ევროპულ პერსპექტივას და გაავლოს პარალელები 2008 წელთან, რასაც სულ უფრო ხშირად აკეთებს დასავლური პოლიტიკური და ანალიტიკური სპექტრი და მედია“, — ამბობს ლავრელაშვილი.

თეონა ლავრელაშვილი

ის იმედოვნებს, რომ შექმნილ სიტუაციაში საქართველო გაააქტიურებს ძალისხმევას, რომ მოითხოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ პროცესის ლოკომოტივი გახდება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით იმყოფება საფრანგეთში. გუშინ ის უკრაინელ და გერმანელ კოლეგებს – ვოლოდიმირ ზელენსკისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ასევე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა.

„დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მაგალითი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ. საქართველო, როგორც უკრაინა, არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ხვალ იქნება ევროპის ნაწილი“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, „ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რაც საფრთხეს შეგვიქმნის, მაგრამ ელიან სოლიდარობას“.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ნაკლებ სოლიდარულად მიიჩნევს თუ არა პრემიერ-მინისტრს, მაგრამ მანამდე გააზიარა უკრაინის სოლიდარობის აქციის ფოტო, რომლის მონაწილეებიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აკრიტიკებდნენ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების მოთხოვნა ახლა საგანგებო მნიშვნელობისაა, თუმცა ეს თემა „პოლიტიკური სპეკულაციისთვის” არ უნდა გამოიყენონ.

„პროცესები მიმდინარეობს და მეტი ინტენსივობით მიდის კონსულტაციები საქართველოს და დასავლელ პარტნიორებს შორის, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მაგრამ ვისაც ეს ეხება, უსაფრთხოებას, როცა ეს ეხება სამხედრო ინტერვენციის საფრთხეებს, რასაკვირველია, ჩვენ უფრო მეტი სიფრთხილე და მეტი კონსპირაცია გვმართებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმი არ არსებობს, თუმცა საქართველოს მთავრობა ყველა სცენარს განიხილავს გეოპოლოტიკური სიტუაციიდან გამომდინარე.

„ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს  უნდა გავაკეთოთ წევრობაზე განაცხადი და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები. რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, კოლეგების. ამ სიტუაციაში, როდესაც მიმდინარე აგრესიაა, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით სოლიდარული ვართ მათი და, ამავე დროს, ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, — თქვა მან.

საქართველოს მთავრობის დეკლარირებული პოზიციაა, რომ EU-ში გაწევრიანების განაცხადს 2024 წელს აპირებს. არც პრეზიდენტს, არც საგარეო საქმეთა მინისტრს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუციათ პასუხი კითხვაზე, ასოცირებული ტრიოს ფორმატის და აღმოსავლეთ პარნიორობის წევრი უკრაინის მსგავსად, შეცვლილი საერთაშორისო პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, აპირებს თუ არა საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადის დაჩქარებას.

ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს პეტიცია, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და ევროპულ მისწრაფებებში უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებს. პეტიციის ხელმომწერებს სჯერათ, რომ „ევროკავშირი და მისი წევრები უნდა მოექცნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს – უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას — როგორც ერთ განუყოფელ რეგიონს, რომელიც ერთი პრობლემის წინაშე დგას , კერძოდ კი, რუსეთის აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის“.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დადებითად უპასუხებს უკრაინის განაცხადს წევრობაზე და უკრაინის მსგავსად, გაუღებს საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას კარს“ — ნათქვამია საქართველოს მოქალაქეების პეტიციაში, რომელსაც შექმნიდან რამდენიმე საათში 35 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი