კლიმატის ცვლილება: დედოფლისწყაროს გაუდაბნოების საფრთხე

დიმიტრი ხოჩიაშვილისთვის გლობალური კლიმატური დათბობა გვალვასა და ძლიერ ქარებთან ასოცირდება. ის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში ცხოვრობს და გვალვებისა და ძლიერი ქარების გამო წელს ხორბლის ყანაში კომბაინი საერთოდ არ შეუყვანია.

დიმიტრი ხოჩიაშვილისთვის გლობალური კლიმატური დათბობა გვალვასა და ძლიერ ქარებთან ასოცირდება. ის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში ცხოვრობს და გვალვებისა და ძლიერი ქარების გამო წელს ხორბლის ყანაში კომბაინი საერთოდ არ შეუყვანია.

“ქარებმა ნათესები მთლიანად წაიღო,” – ამბობს 30 წლის ფერმერი – “ბოლო სამი წელია არავითარი მოსავალი არ აგვიღია.”

გვალვის გახანგრძლივება, ქარების სიჩქარის და ტემპერატურის მატება, ნალექების შემცირება –კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ის კომპონენტებია, რომელიც დედოფლისწყაროში მიმდინარეობს.

“ქარები, ძირითადად, გაზაფხულზე მოდის, როცა თესვის დრო დგება,”– ამბობს მარინა შვანგირაძე.
 
მარინა შვანგირაძე საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორია. ამ შეტყობინების ფარგლებში, დედოფლისწყარო შერჩეულ იქნა, როგორც გაუდაბნოების საფრთხის წინაშე მდგარი ტერიტორია.

ეროვნული შეტყობინების მომზადება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის წევრ ყველა ქვეყანას ევალება. საქართველომ კონვენციის რატიფიკაცია 1994 წელს მოახდინა და როგორც განვითარებად ქვეყანას, ევალება ყოველ სამ წელში ერთხელ მოამზადოს ეროვნული შეტყობინება. გლობალური გარემოსდადაცვითი ფონდი კონვენციის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის დონორები განვითარებული ქვეყნები არიან და განვითარებად ქვეყნებს ეროვნული შეტყობინების მომზადებაში ფინანსურად ეხმარებიან.  

ეროვნული შეტყობინების აღწერის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი ჰაერში სათბური გაზების გამოფრქვევის (ემისიის) რაოდენობის დადგენაა.   

გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა საქართველოს პირველად თანხა 2006 წელს გამოუყო და მეორე ეროვნული შეტყობინება 7 წლის წყვეტის შემდეგ, სწორედ ამ წელს მომზადდა და მოიცვა პერიოდი 2006 წლიდან 2009 წლამდე.  
 
საქართველოს წილი სათბურის გაზების გლობალურ ემისიაში 0.1%-ზე ნაკლებია. სათბურის ეფექტების მქონე გაზების ატმოსფეროში გაფრქვევის ყველაზე დიდი წილი საქართველოში ენერგო-სექტორზე მოდის (მათ შორის, სატრანსპორტო სექტორზე).

ნაციონალურ დონეზე, საქართველოში ეკონომიკის დანგრევამ 90-იან წლებში შეამცირა სათბური ეფექტების მქონე გაზების გამოფრქვევა ატმოსფეროში. 2006 წელს 90-იან წლებთან შედარებით, სათბური ეფექტების მქონე გაზების გამოფრქვევა 25 პროცენტით შემცირდა. 2004 წლიდან, რაც ეკონომიკამ აღმასვლა იწყო, ამას სათბური გაზების გამოყოფის ზრდაც მოჰყვა.
 
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში, 1997 წელს შეიქმნა კიოტოს პროტოკოლი, რომლის ფარგლებშიც კონვენციის წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს სათბურის ეფექტების მქონე გაზების ჰაერში გაფრქვევის შემცირება. კიოტოს პროტოკოლის მოქმედება 2012 წელს მთავრდება და ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ამ დროისთვის 8%-ით უნდა შემცირდეს ატმოსფეროში სათბური ეფექტების მქონე გაზების გამოყოფა 1990 წელთან შედარებით.

სათბური ეფექტების მქონე გაზები – ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი, ინდუსტიული გაზები და გოგირდის ორჟანგი – ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არაა.

მეთანი, ისევე როგორც სათბური ეფექტების მქონე სხვა გაზები, თავისუფლად ატარებს მზისგან მომავალ სითბოს, დედამიწიდან გასხივებულ ენერგიას კი აკავებს, რაც დროთა განმავლობაში, პლანეტაზე კლიმატის დათბობის მიზეზი ხდება.

კლიმატის დათბობა გავლენას ახდენს როგორც ბუნებრივ ეკო-სისტემებზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რიგ შემთხვევებში, მათ გადასახლებას, ანუ ეკომიგრანტების გაჩენას იწვევს.

ეკომიგრანტები დედოფლისწყაროს რაიონიდან ჯერ არ არსებობენ, თუმცა, მეორე ეროვნულ შეტყობინებას თუ დავუჯერებთ, მათი გაჩენა რეალურია.

მეორე ეროვნული შეტყობინების კვლევის შედეგად, გამოიკვეთა საფრთხეები, რომელიც ელოდება ამ რეგიონს. ესენია: სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საძოვრების ნაყოფიერების კიდევ უფრო შემცირება ეროზიის ზრდისა და წყლის ნაკლებობის გამო. შეტყობინების დოკუმენტის მიხედვით, ხორბალზე წყლის დანაკლისი, სავარაუდოდ, 73%-ით შემცირდება, რაც იმოქმედებს მის ხარისხსა და საკვებ ღირებულებაზე.

“მაღალი სიჩქარის ქარების დროს ნიადაგი იფიტება, ქარს მიაქვს ზედა – ჰუმუსოვანი, ანუ ნაყოფიერი ფენა, დათესილ კულტურასთან ერთად. ამდენად, კლიმატური ცვლილებები გავლენას ახდენს იქ მცხოვრებთა ეკონომიკაზე” –ამბობს მარინა შვანგირაძე.  

შედეგად კი ფერმერების მიერ მიწის მიტოვება და ეკოემიგრანტების ზრდაა მოსალოდნელი.

სამ რეგიონში, რომელიც მეორე ეროვნული შეტყობინების მიხედვით ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებად დასახელდა, დედოფლისწყაროსთან ერთად, შედის შავი ზღვის სანაპირო ზონა და ქვემო სვანეთი.

მოწყვლად რეგიონებში მიმდინარე პროცესები – ხმელეთის მიმართ ზღვის დონის აწევა, შტორმული მოდენების სიხშირის და სიმძლავრის მატება შავი ზღვის სანაპიროზე, წყალმოვარდნების, მეწყერების, ღვარცოფებისა, თოვლის ზვავის სიხშირის და ინტენსივობის მატება სვანეთში იწვევს მოსახლეობის ცხოვრების დონის დაქვეითებას და მიგრაციული პროცესების დაჩქარებას.

მეორე ეროვნული შეტყობინების კვლევის შედეგად, ეს პროცესები დაწყებულია ზოგ რეგიონში, მათ შორის, სვანეთში.  

დედოფლისწყაროში სასოფლო-სამეურნეო მიწების ქარისმიერი ეროზიისაგან დასაცავად გასულ საუკუნეში 1770 ჰექტარი ფართობი დაირგა. 1990-იანი წლებიდან ენერგეტიკული კრიზისის გამო ეს ქარსაფარი ზოლები თითქმის მთლიანად გაიჩეხა, რამაც გააძლიერა ნიადაგის ქარისმიერი ეროზია.

2008 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქარსაფარი ზოლების აღდგენას, განადგურებული ტყეების რეაბილიტაციას და საშეშე პლანტაციების გაშენებას დედოფლისწყაროში.

პროექტის დონორია გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო (BMU), რომელმაც პროექტს  1,2 მილიონი ევრო გამოუყო. პროექტის მიმღები (ბენეფიციარი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაციები გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (Gesellschaft fur Technische Zusammenarbeit, GTZ) და დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

პროექტის ფარგლებში, ქარსაფარი ზოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ხეებით, რომელთა სახეობების არჩევის პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს.

იფანი, აკაცია, ნუში, მუხა, ელდარის ფიჭვი – ის საცდელი სახეობებია, რომლებიც ამ ეტაპზეა დარგული. მათი სიმაღლე ჯერ-ჯერობით 50 სანტიმეტრამდეა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხეების გარკვეული სახეობები ვერ გაუძლებს დედოფლისწყაროს ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს – გვალვებს, წვიმების ნაკლებობას, ძლიერ ქარებს. ამიტომ, მხოლოდ ყველაზე გამძლე სახეობები დავტოვებთ გასაშენებლად,” – ამბობს დიტერ მიულერი, პროექტის ხელმძღვანელი.  

ქარსაფარი ზოლების სიფართეE 10 მეტრია, საერთო სიგრძე კი – 1700 კილომეტრი. ამჟამად მხოლოდ 30 კილომეტრია აღდგენილი. ზოლის სრული გაშენება შერჩეული სახეობებით არა ამ პროექტის ფარგლებში, არამედ მისი დამთავრების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.

მიულერს იმედი აქვს, რომ რომელიმე ადგილობრივი კომპანია ამ საქმეში დახელოვნდება და პროექტის დასრულების შემდეგ, თვითონ გააგრძელებს მათ დაწყებულ საქმეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო დაფინანსებით.  
 
პროექტის ინიციატივა სწორედ დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წამოვიდა. ისინი დაუკავშირდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვის სამინსტრო – გერმანიის ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს.

“ეს პროექტი ზედა ეშელონებიდნ არ წამოსულა, პირიქით_უბრალო ხალხის ინიციატივა იყო. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაცა უნდა გაეკეთებინათ, “– ამბობს მიულერი.

დიტერ მიულერი, გიორგი კოლბინი, გელა თეთრაული
დიტერ მიულერი, გიორგი კოლბინი, გელა თეთრაული

ხეები თვითონ დარგეს დედოფლისწყაროელებმა გერმანელი პარტნიორების დახმარებით. პროცესში ჯაფარიძელი დიმიტრი ხოჩიაშვილიც მონაწილეობდა. ის ხეების დამრგველი ჯგუფის ბრიგადირი იყო და ამ საქმეში სამი კვირის მუშაობის შემდეგ, 380 ლარი აიღო გასამრჯელოდ. დასაქმდნენ მისი მეგობრებიც. ამჟამად, ქარსაფარი ზოლის ნაწილი დიმიტრის კუთვნილ მიწის მიმდებარედაც გადის.

რაც შეეხება ტყეებს, ისინი დედოფლისწყაროს რაიონის მთლიანი ფართობის 1,3%-ს შეადგენენ. ტყის შეშა კი ზოგჯერ გათბობის ერთადერთი წყაროა მოსახლეობისთვის.

“ჩვენთან არსებობს სოფლები, სადაც გაზი არაა გაყვანილი და შეშაა გათბობის ერთადერთი წყარო,” – ამბობს პროექტის დედოფლისწყაროელი კოორდინატორი გელა თეთრაული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე.

ნიადაგის ეროზიის შედეგად ხორბლის წარმოება დედოფლისწყაროში შემცირდა. გელა თეთრაული იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ, წელიწადში 7-8 ტონა ხორბალი მოდიოდა ჰექტარზე, ბოლო წლებში კი ნახევარ ტონამდე ჩამოვიდა.

დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობის ეკონომიკური სიძლიერე სწორედ მიწას უკავშირდება. ძირითადი კულტურები ხორბალი, ქერი, შვრია და მზესუმზირაა. მათ მოსაყვანად კი კლიმატური პირობები უარესდება.  

“ეს პროექტი სასიცოცხლოა დედოფლისწყაროელებისთვის, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით,” – ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ის მაქსიმალურად ცდილობს ამ პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნოს და ასევე გაავრცელოს ინფორმაცია, თუ რა არის გლობალური კლიმატის ცვლილება.  

“გლობალური კლიმატის ცვლილება დედოფლისწყაროელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მოსავალზე აისახება,” – ამბობს ბაღაშვილი. მისი თქმით, დაგეგმილია ქარსაფარის ზოლების გაშენებაში ადგილობრივი ფერმერების ჩართვა.

“მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მოხდება დეგრადირებული ტყის მასივების გარდაქმნა პროდუქტიულ ტყეებად,” – აღნიშნავს პროექტის ქართველი კოორდინატორი გიორგი კოლბინი.

კლიმატის ცვლილებების ზემოქმედების შესარბილებლად და CO2 –ის  შესამცირებლად დედოფლიწყაროში მუშავდება ხელახალი გატყიანების მოდელები.

კიოტოს პროტოკოლით, საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, CO2 –ის  გამოყოფის კვოტა არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ სათბურის ტიპის გაზების გამოყოფის კონტროლის პრობლემა საქართველოში არ დგას. შესაბამისად, პროექტს დღეისათვის არ გამოუთვლია, თუ რა რაოდენობის ნახშირორჟანგს შთანთქავენ მომავალში დედოფლისწყაროს რაიონში პროექტის ფარგლებში დარგული ხეები.

გიორგი კოლბინი მიიჩნევს, რომ ისეთი მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა სუფთა განვითარების მექანიზმი და ტყის დეგრადაციის თავიდან აცილებით ემისიის შემცირება, ძალზე მნიშვნელოვანია.

დიტერ მიულერის გამოთვლებით, ამჟამად დარგული, ჯერ კიდევ 50 სანტიმეტრის სიმაღლის ხეები 5 წელში დაიწყებენ ჩაფიქრებული – საადაპტაციო-შემარბილებელი  ფუნქციების შესრულებას.   
 
“არსებობს გერმანული გამოთქმა: როცა ხეს რგავ და ფიქრობ, რომ მის ჩრდილში დაისვენებ, ცდები,” – ამბობს მიულერი– “ხეები შთამომავლობისათვის ირგვება.” 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცირა გვასალია