საზოგადოება

აკრძალული დიალოგი

20 იანვარი, 2022 • 2279
აკრძალული დიალოგი

აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრმა სოხუმში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროექტები დაუშვებელია და მათ აუკრძალა ასეთი პროექტების განხორციელება.

კონფლიქტოლოგები ამბობენ, რომ დე ფაქტო მთავრობის წევრებისგან მსგავსი განცხადებები ამ სფეროში ჩართულ წრეებს ადრეც სმენიათ, თუმცა ამჟამად, – ახალი დე ფაქტო მინისტრის, ინალ არძინბას წარსულისა და მოსკოვთან მისი კავშირების გათვალისწინებით, – ეს განცხადება განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი შეიძლება იყოს.

სპეციალისტების თანახმად, თუკი მსგავსი აკრძალვა მართლაც შევიდა ძალაში, ეს მძიმე დარტყმა იქნება, ერთი მხრივ, აფხაზურ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებზე, მეორე მხრივ კი, ქართველებსა და აფხაზებს შორის სახალხო დიპლომატიაზე; შესაბამისად, ეს იქნება გაყოფილი საზოგადოებების შერიგების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

რა მოხდა?

2022 წლის 19 იანვარს აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრმა ინალ არძინბამ, – მოსკოვთან ახლო კონტაქტების მქონე ჩინოსანმა, რომელიც პოსტზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, – აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

დე ფაქტო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • World Vision-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი ოქსანა ლასურია;
  • დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დამყარების კოორდინატორი ადა ჯინჯოლია;
  • UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) აფხაზეთის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი რაფის აბაზოვი.

პრესსამსახურის გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, არძინბამ ორგანიზაციების საქმიანობის გარკვეული ასპექტები დადებითად შეაფასა, მათ შორის სოციალური პროექტები, თუმცა „მინისტრმა დაუშვებელი უწოდა აფხაზეთში განხორციელებულ ზოგიერთ პროექტს“.

არძინბა საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე. 19.01.2022. ფოტო: apsnypress

ამ კონტექსტში არძინბამ რამდენიმე პროექტზე გაამახვილა ყურადღება:

  • UNDP-ის მიერ 2021 წლის ზაფხულში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვა, სადაც შიდაპოლიტიკური საკითხებთან ერთად, თბილისთან ურთიერთობების შესახებ განწყობები შეისწავლეს.
    • არძინბამ განაცხადა, რომ ასეთი რამ „უნდა შეთანხმდეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან“.
  • მან „დაუშვებელი“ უწოდა პროექტ Coberm-ს (ეთნიკურად აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებსა და ექსპერტებს შორის დიალოგი) და მის მიზნად „აფხაზეთის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა“ დაასახელა.

„ამ პროექტის განხორციელება დაუშვებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაიწერეთ ეს და მსგავსი პროექტები აღარ აკეთოთ. ჩვენ გიკრძალავთ ამას”, – განაცხადა მან.

„თუ ასე მოხდა, სერიოზული დარტყმა იქნება“

კონფლიქტოლოგების და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ მსგავსი განცხადებები აქამდეც ყოფილა დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, არძინბას განცხადება საყურადღებო და სამწუხაროა.

„ჩვენ ასეთი ტიპის ხისტი განცხადებები ადრეც ბევრჯერ გვინახავს, ამიტომ ვნახოთ, მოჰყვება თუ არა ამ განცხადებას რაიმე კონკრეტული მექანიზმი, დე ფაქტო კანონმდებლობაში რაიმენაირად აისახება თუ არა. თუკი ეს აკრძალვა რეალურად განხორციელდა და საქმეში გადაითარგმნა, რა თქმა უნდა, ეს იქნება უდიდესი დარტყმა სახალხო დიპლომატიაზე“, – ეუბნება „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი ვანო აბრამაშვილი „ნეტგაზეთს“.

კიდევ ერთი კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი იხსენებს, რომ 2015-16 წლებში, – მას შემდეგ, რაც რუსეთში მიიღეს სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი, – ზეწოლა იყო აფხაზებსა და ოსებზე, რომ იგივე პრაქტიკა საკანონმდებლო დონეზე ასახულიყო:

„ცხინვალმა მსგავსი აკრძალვა მაშინვე მიიღო, აფხაზები კი დღემდე არ იღებდნენ. ზოგადადაც, აფხაზეთში არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში არის აღქმა, რომ ეს ხალხი არ ემსახურება სხვა ქვეყნებს და ემსახურება აფხაზურ ინტერესებს. ასევე, მათი, კარგი გაგებით, გამოყენება ხდება, რადგან იციან, რომ არასამთავრობო სექტორს კავშირები აქვს დასავლეთთან, ხოლო აფხაზეთს უნდა დასავლეთთან კავშირები. ასე რომ, ამ კონტექსტში დადებითაც აღიქვამდნენ არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს“, – ამბობს კანაშვილი.

ვანო აბრამაშვილი ამბობს, რომ თუკი აკრძალვა ძალაში შევა, აფხაზები დაადგებიან დაახლოებით ისეთ გზას, რომელიც ცხინვალმა და იქაურმა სამოქალაქო საზოგადოებამ გაიარა:

„ეს ნიშნავს, რომ თვითორგანიზების ფორმები ბევრად უფრო შესუსტდება, უფრო მეტად დაიქსაქსება, რაც პირდაპირ აისახება ქართულ-აფხაზურ დიალოგზეც“.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, აფხაზეთში დარეგისტრირებული არიან დე ფაქტო კანონმდებლობის მიხედვით:

„ყველამ იცის, რომ ისინი არიან ჩართული სამშვიდობო პროექტებში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები – იღებენ გრანტებს და ა.შ.. თუ ეს აიკრძალება, გართულდება გრანტის მიღება-ადმინისტრირების პროცესი, რაც არასამთავრობოების დაფინანსებას დაარტყამს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებზე წნეხი უფრო და უფრო გაიზრდება. შედეგად, [ჩვენც, ვინც სახალხო დიპლომატიასა და მსგავს პროექტებში ვართ ჩართულები], ფაქტობრივად, უკვე მოგვიწევს ინდივიდებთან მუშაობა და არა ინდივიდების გაერთიანებებთან. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა“, – ამბობს აბრამაშვილი.

ვანო აბრამაშვილი

ვანო აბრამაშვილი
“კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი. ფოტო: ფეისბუკი

მისი თქმითვე, მართალია, ზოგადი კონტექსტის გამო მსგავსი პროექტები შესაძლოა ძალიან წარმატებულ შედეგებს ვერ იძლეოდეს, მაგრამ „სულ მცირე, იმაში გვეხმარება, რომ გაუცხოება ახალგაზრდებს, ადამიანებს შორის კიდევ უფრო არ გაძლიერდეს“.

„ეს ნაბიჯი თუ გადაიდგა, პირდაპირ დაარტყამს სახალხო დიპლომატიას. და, როგორც ვთქვით, ამის მაგალითი უკვე გვაქვს სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. 2016 წლისთვის იქ ორგანიზაციები თითქმის ბოლომდე დაშალეს“, – ამბობს აბრამაშვილი.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიური პუბლიკაციების ციკლის, „თავისუფლება მსოფლიოში“, თანახმად, სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალ ადგილად რჩება, ჩინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. სამხრეთ ოსეთს ამ რეიტინგში შესაძლებელი 100-დან მხოლოდ 10 ქულა უწერია, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ამავე რეიტინგით 40 ქულა აქვს.

ინალ არძინბას ფიგურა

ორი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც სპეციალისტები ამ განცხადებას პოტენციურად უფრო საყურადღებოდ მიიჩნევენ, ვიდრე წარსულში დე ფაქტო მთავრობის გაკეთებულებს, ასეთია: ინალ არძინბას ფიგურა და ბჟანიას მთავრობის ახლანდელი დამოკიდებულება თბილისთან დიალოგზე.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად 17 ნოემბერს დაინიშნა. არძინბას პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქვს დაგროვებული, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე.

ინალ არძინბა

ინალ არძინბა

არძინბა სარგებლობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადისლავ სურკოვის (იგივე ასლამბეკ დუდაევის) მხარდაჭერით. სურკოვი 2020 წლის თებერვლამდე იკავებდა პრეზიდენტი პუტინის თანაშემწის პოსტს, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, კურატორობდა დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც.

დე ფაქტო მინისტრად დანიშვნის შემდეგ, 30 ნოემბერს, არძინბა შეხვდა სოხუმის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და შეახსენა, რომ ესა თუ ის პროექტი მის უწყებასთან უნდა შეთანხმებულიყო.

„ბოლო ხანებია, არძინბას დანიშვნასთან ერთად, განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი, რომ „კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ უნდა იყოს მიღებული და ეს განცხადება, ალბათ, ამ კონტექსტშიცაა განსახილველი“, – ამბობს გიორგი კანაშვილი.

„შერიგების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“

სპეციალისტები ხაზს უსვამენ გარემოებას, რომ არძინბამ აღნიშნულ შეხვედრაზე გააკრიტიკა „კობერმის“ პროგრამა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს.

UNDP-ის თანახმად, COBERM, ანუ ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი, არის „აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და მოქნილი პროგრამა კონფლიქტით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენისათვის“.

„ეს პროგრამა, რომლის ძირითადი, თუმცა არა ერთადერთი, მიზანი არის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, გაჩენა, ნდობის აღდგენა და ა.შ., წლებია, ხორციელდება. ამ საკითხზე იხარჯება მნიშვნელოვანი რესურსები სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, აფხაზეთში სხვადასხვა ორგანიზაციას ეხმარებიან. ბევრი საქმე კეთდებოდა აქამდე. ამ პროექტის აკრძალვა ნიშნავს, რომ ის ბილიკიც კი, რაც იყო აქამდე ქართველებსა და აფხაზებს შორის, ჩაიხურება. ფაქტობრივად, ეს არის საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შემდგომი გართულების მცდელობა“, – ამბობს გიორგი კანაშვილი.

„მეორე მხრივ, ეს საკითხი ზოგადად იქაურ არასამთავრობო სექტორზე დარტყმის კონტექსტშიც არის განსახილველი. მოსალოდნელია, რომ ადრე თუ გვიან ეს კანონიც მიიღონ, რაც კიდევ უფრო გაურთულებს იქ არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებას, – როგორც ადგილობრივების, ისე საერთაშორისოების. ყველაფერი აქეთკენ მიდის“, – ფიქრობს კონფლიქტოლოგი.

გიორგი კანაშვილი. 21.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ამასთანავე, კანაშვილი შენიშნავს, რომ დე ფაქტო მთავრობაში, მისი ცნობით, ყველა წევრი ერთგვაროვნად არ ფიქრობს: „იქ ყველა ერთნაირად არ უყურებს ამ საქმეს. ხვდებიან, რომ უცხოური, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები მათთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ საბოლოო ჯამში. და ისიც იციან, რომ ქართველებთან კონტაქტი არ არის თავისთავად ანტიაფხაზური ქმედება“, – გვეუბნება იგი.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია პოსტზე მოსვლისას, 2020 წლის მარტში, საქართველოსთან ორმხრივი დიალოგის საჭიროებაზე ხმამაღლა საუბრობდა, რაც იშვიათობას წარმოადგენდა იქაურ პოლიტიკური წრეებისათვის. ამის გამო ბჟანიას მკაცრად აკრიტიკებდნენ ოპოზიციაში.

კანაშვილი შენიშნავს, რომ ამის შემდეგ „სულ უფრო და უფრო ნეგატიურად ვითარდება პროცესები“, კერძოდ, „აფხაზეთში რუსების დომინაცია ხდება ყოვლისმომცველი“, ამაში კი კანაშვილი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც ხედავს, რომელმაც სათანადო მზაობა არ გამოთქვა აფხაზებთან საუბარზე.

„სოხუმი ახლა ცდილობს, საზოგადოებებს შორის არ იყოს არანაირი დიალოგი. COBERM სწორედ საზოგადოებებს შორის დიალოგზეა მიმართული. თბილისი ამას მხარს უჭერს, მაგრამ არ უჭერს მხარს პოლიტიკურ დიალოგს. აფხაზეთის ახალი დე ფაქტო მთავრობა, 2020 წელს, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა პოლიტიკურ დიალოგს. ახლა კი ამაზეც აღარ არის საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რომ 2021 წლის ზაფხულში ბჟანიამ აფხაზური „საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან“ „თბილისთან მრავალდონიანი დიალოგის“ პუნქტი ამოიღო, მათ შორის ოპოზიციის ზეწოლითაც. მთლიანობაში არ მიდის კარგად საქმე…“

მასალების გადაბეჭდვის წესი