ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში NGO-ებმა პროექტები საგარეოს უნდა შეუთანხმონ | ინალ არძინბა

30 ნოემბერი, 2021 • 1565
აფხაზეთში NGO-ებმა პროექტები საგარეოს უნდა შეუთანხმონ | ინალ არძინბა

აფხაზეთის ახალი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და კოორდინირებული მუშაობის შესახებ რეგულაციები შეახსენა.

არძინბამ შეხვედრაზე დააზუსტა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მაკოორდინირებელია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოურ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოურ არაკომერციულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე შუამდგომლობს მათი წარმომადგენლობების რეგისტრაციას და სარეალიზაციო პროექტებს ათანხმებს. ჩვენ გთავაზობთ აქტიურ თანამშრომლობას ამ კუთხით”, – განაცხადა ინალ არძინბამ.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, როგორც ინალ არძინბამ განაცხადა შეხვედრის დროს, ომის დასრულებიდან დღემდე დასაფასებელია ამ ორგანიზაციების საქმიანობის შედეგები და დიდია მათი წვლილი აფხაზეთში.

აფხაზური მედიის ცნობითვე, შეხვედრაზე მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში ჰუმანიტარული შედეგების, მათი აპოლიტიკური საქმიანობის და ახალგაზრდების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, თავის მხრივ, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ საგარეო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

როგორ აქამდე ხდებოდა, რეალურად, არ არსებობს ცალსახა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ხდება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა განსახორციელებელი პროექტების შეთანხმება საგარეო უწყებასთან

შეხვედრას ესწრებოდნენ “წითელი ჯვრის” [International Committee of the Red Cross], გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] იუნისეფის [United Nations Children’s Fund], UN Women-ის,  World Vision International-ის, Danish Refugee Council-ის, Action Against Hunger-ის, United Nations High Commissioner for Refugees-ის, The HALO Trust-ისა  და FAO-ს წარმომადგენლები.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრად 17 ნოემბერს დაინიშნა. არძინბამ პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააგროვა, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი