საზოგადოება

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა

30 დეკემბერი, 2021 • 886
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი მიიღო. მესამე მოსმენით, დაჩქარებულად, კენჭისყრა დღეს, 30 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გაიმართა. კანონის მიღებას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი წინააღმდეგ მისცა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა და მიიღო.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

მეორე მოსმენის განხილვისას კანონპროექტს ახალი წინადადებება დაემატა, რომლის თანახმადაც ხელმძღვანელობის გარდა ინსპექტორის ყველა თანამშრომელი ახალ სამსახურებში, სავარაუდოდ, ავტომატურად დასაქმდება – სახელმწიფო ინსპექტორის დღეს მოქმედი სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურის ბაზაზე შესაქმნელ ორ ახალ უწყებაში ავტომატურად დასაქმდებიან. ხოლო დანარჩენი დეპარტამენტის თანამშრომლებს “ოცნება” სთავაზობს ორ ახალ სამსახურში ნების შესაბამისად გადანაწილდნენ.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი