საზოგადოება

შემაშფოთებელი, ნაჩქარევი — დეგნანი სახ. ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

28 დეკემბერი, 2021 • 933
შემაშფოთებელი, ნაჩქარევი — დეგნანი სახ. ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „შემაშფოთებელს“, „ნაჩქარევსა“ და გაუმჭვირვალეს უწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაციის პროცესს და პარლამენტს რეკომენდაციის მიმართავს.

„ამ ახალი კანონმდებლობის შემუშავების პროცესი წარიმართა ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე, მათ შორის, არ ყოფილა კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორთან, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ამ სფეროს ექსპერტებზე. ეს მაშინ, როდესაც არ იყო საჭიროება, აღნიშნული პროცესი წარმართულიყო ასე ნაჩქარევად“, – განუცხადა კელი დეგნანმა 28 დეკემბერს პარლამენტში ჟურნალისტებს.

„გარდა ამისა, ინსპექტორმა გვითხრა, რომ მისმა ოფისმა წარუდგინა პარლამენტს საკანონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობდა ამ სააგენტოს, ოფისის, სამსახურის გაძლიერებას. თუმცა ამ კანონმდებლობის განხილვა არ მომხდარა“, – აცხადებს ელჩი.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის „ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომლის ფუნქცია და მიზანია მოქალაქეების უფლებების დაცვა; რომლის მოვალეობებშიც შედის სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო საჯარო მოხელეების მიერ და ამით იგი უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე“.

ამასთან, ელჩის სიტყვებით, „ეს რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმეა, და ზოგჯერ ხალხი არ არის კმაყოფილი“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიებების შედეგებით.

ელჩის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი არის კანონპროექტის ის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს „თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან უკვე მარტის თვეში, როდესაც არანაირი კითხვის ნიშანი, საჩივარი ამ ადამიანების მიმართ არ ყოფილა“.

„ყველა მათგანი არის აღნიშნული სფეროს ექსპერტი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მუშაობს და კეთილსინდისიერად ასრულებს საქმიანობას. არ ყოფილა მათ მიმართ კითხვის ნიშანი არც პარლამენტის არც სხვა რაიმე ზედამხედველი ორგანოს მხრიდან. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს ადამიანები ვერ შეძლებენ, რომ გააგრძელონ მნიშვნელოვანი მუშაობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს „რეკომენდაცია და თხოვნა“ ასეთია: „ეს ნაჩქარევი პროცესი გარკვეულწილად შენელდეს. თუკი რეორგანიზაცია იგეგმება, წარიმართოს ეს პროცესი ინკლუზიურად. იყოს გათვალისწინებული ის შეთავაზებები, რაც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ და ამ პროცესში ჩაერთოს როგორც თავად ინსპექტორის სამსახური, ასევე ამ სფეროს ექსპერტები და დაინტერესებული პირები“.


„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი