საზოგადოება

ეს არის ინსპექტორის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის – ლონდა თოლორაია

27 დეკემბერი, 2021 • 812
ეს არის ინსპექტორის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის – ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლარაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

„უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, რომელზეც 2025 წლამდე იყო ლონდა თოლორაია არჩეული და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის პირველი მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე. ნაცვლად იმისა, რომ სამსახურის თანამშრომლები, სფეროს კვალიფიციური სპეციალისტები გადანაწილდნენ სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შექმნილ ორ სხვადასხვა უწყებაში, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს 2019 წელს და როგორც ეს მოხდა განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის შემთხვევაში, როცა თანამშრომლები განაწილდნენ ორ სამინისტროში.

საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის, არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი, რომლებიც ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე დაინიშნენ. ამასთან კანონპროექტი შეიცავს ძალიან ბევრ დისკრიმინაციულ მიდგომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რაც არის არაკონსტიტუციური“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიას თქმით, ეს არის ძალიან საშიში პრეცენდენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ქვეყნისთვის და ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის სიგნალია, რომ „ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად“.

მისივე თქმით, ეს არის ასევე მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლოა, ისინი ასე ძალიან მარტივად დარჩნენ სამსახურის გარეშე.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ლონდა თოლორაია არასოდეს ყოფილა პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი. თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის და საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო რეფორმის გამიჯვნასთან დაკავშირებით კანონპროექტზე გამოთქმული კრიტიკული და განსხვავებული პოზიციისთვის, საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილი წინადადებებისთვის, რომლითაც ჩვენ მოვითხოვეთ არაერთი მოხელის წინაააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და რომელთაგანა არცერთი არ იქნა პროკურატურის მიერ დაკმაყოფილებული.

ეს არის დასჯა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებზე გამოძიების ახალი სტანდარტის დანერგვისთვის და კიდევ ბევრი რაიმის ჩამოთვლა შეიძლება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიმ.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი