საზოგადოება

მენსტრუაციის ხარჯები — ქალების უხილავი პრობლემა

17 დეკემბერი, 2021 • 13938
მენსტრუაციის ხარჯები — ქალების უხილავი პრობლემა

ბოლო წლებში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი და ფასების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. სურსათის გარდა ძვირდება წამლები და სანიტარული პროდუქტები.

შედეგად, ბევრისთვის შეიზღუდა ხელმისაწვდომობა ისეთ აუცილებელ ნივთებზე, როგორიცაა ჰიგიენური საფენები თუ ტამპონები.

მენსტრუალური სიღარიბე (Period Poverty) ტერმინია იმ ქალთა/გოგოთა მდგომარეობის აღსაწერად, რომლებსაც ჰიგიენურ საშუალებებსა და მათ გამოსაყენებლად აუცილებელ უსაფრთხო სივრცეებზე წვდომა არ აქვთ. ეს ქოლგა ტერმინი მოიცავს როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ ბარიერებს.

ე.წ. მენსტრუალური სიღარიბის საკითხი საქართველოში ნაკლებად არის შესწავლილი. შესაბამისად, ვრცელი მონაცემები თითქმის არ მოიპოვება. თემის სენსიტიურობის, სოციალური სტიგმისა და სხვა ბარიერების გამო, ქალთა და გოგონათა ზუსტი რიცხვი, ვისაც მენსტრუაციის ხარჯები მძიმედ აწვება, ან საერთოდ არ მიუწვდება ხელი, არც მსოფლიოს მასშტაბითაა დადგენილი.

თუმცა, მსოფლიო ბანკის 2021 წლის კვლევის თანახმად, ნავარაუდევია, რომ იმ ქალთა რიცხვი, ვისაც მენსტრუაციისთვის აუცილებელი და ადეკვატური ჰიგიენური გარემოზე წვდომა არ აქვს, 500 მილიონს აღწევს.

„მე და ჩემს ორ შვილს, მინიმუმ, 70 ლარი გვიჯდება თვეში“ — რას ჰყვებიან ქალები საქართველოში?

ის, რომ მენსტრუალური პროდუქტების გაძვირება ყოველდღიური, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უხილავი პრობლემაა, ყველაზე უკეთ ქალებმა იციან.

ნეტგაზეთმა ქალების ჯანმრთელობის ჯგუფში იკითხა, რამდენი ქალისთვის და რამდენით გაძვირდა ჰიგიენური საფენები.

აი, რამდენიმე პასუხიც:

  • „მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ყიდვა, ორი შეკვრის ფასი, რაც ერთ თვეში შეიძლება დამჭირდეს, არის დაახლოებით 30 ლარი და ძალიან ძვირია“.
  • „მიუხედავად იმისა, რომ მეც შემიძლია ყიდვა, ვთვლი, რომ ძალიან, ძალიან არის გაძვირებული და რეალურად დიდი პრობლემაა. გაორმაგებული თანხა მჭირდება ჰიგიენური საფენების და ტამპონებისთვის“.
  • „ძალიან ცუდი სიტუაციაა. მე პირადად, გადავედი „დოლარ სთორების“ უხარისხო, გაურკვეველ საფენებზე იმიტომ, რომ ერთი და ორი შეფუთვა არ მყოფნის ჩემი მენსტრუაციის სიმძიმიდან გამომდინარე. უცნობია, რამდენად ტოქსიკური და საზიანო შეიძლება იყოს ჩემი ჯანმრთელობისთვის ამ საფენების გამოყენება. არადა, დაზოგვა ნამდვილად მოუწევს ყველა ქალს, ვისაც მძიმე” მენსტრუაცია აქვს. ორი და სამი შეფუთვა საფენი თვეში 20-25 ლარამდე ზედმეტი ხარჯია მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ“.
  • „3 ქალი ვართ სახლში, ხომ წარმოგიდგენიათ?“
  • „მე და 2 შვილი მოვიხმართ. თვეში, მინიმუმ, 70 ლარი მიჯდება მხოლოდ საფენები“.

ქალების ნაწილი უთითებდა იმაზეც, რომ მენსტრუალურ პროდუქტებზე თვეში  ცოტა ეხარჯება, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, ფასი მაინც გაზრდილია. ნაწილი კი აღნიშნავდა, რომ მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტებზე გადავიდა მაგალითად, როგორიცაა მენსტრუალური ჭიქა.

სანიტარული პროდუქტები. ფოტო: ნეტგაზეთი

„გამომდინარე იქიდან, რომ მენსტრუაციული ციკლი 6-7 დღე მიგრძელდება და საკმაოდ ჭარბი რაოდენობით სისხლდენა მაქვს, მჭირდება მინიმუმ ერთი დიდი შეკვრა ღამის საფენი და, ასევე, პარალელურად ვხმარობ ტამპონსაც. ორივე ერთად, დაახლოებით, 20-25 ლარამდე ღირს (ის კონკრეტული პროდუქტი, რომელსაც მე ვხმარობ, ასე ღირს). ამას აუცილებლად უნდა დაემატოს ისიც, რომ ტკივილების დროს საჭიროა ტკივილგამაყუჩებელიც. ჩემ შემთხვევაში შეიძლება, სტანდარტული წამლის ორი ან სამი აბი მეყოს.

თუმცა არსებობენ ქალები, რომლებსაც გაცილებით სერიოზული ჩარევა სჭირდებათ ამ კუთხით და ხარჯიც შესაბამისად იზრდება. თვის განმავლობაში ვხმარობ ყოველდღიურად, ესეც დამატებით 10 ლარამდე ჯდება. აქ აღარ ვისაუბრებ ისეთ ჰიგიენურ საშუალებებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ინტიმგელი“, — ამბობს ნეტგაზეთთან მარიამ გაფრინდაშვილი.

მისივე თქმით, მენსტრუალურ პროდუქტებზე ამხელა ფასი მიუღებელია, მით უფრო იმის ფონზე, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში „დიდი ხანია დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მსგავსი აუცილებელი საჭიროების ნივთები შეღავათიან ფასად უნდა იყიდებოდეს. ზოგან, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში, უსასყიდლოდაც კი არის გამოყოფილი“.

ჰიგიენურ პროდუქტებზე თვეში დაახლოებით 25-30 ლარს ხარჯავს ანანო სიხარულიძეც.

„ბოლო ორი თვეა, რაც განსაკუთრებით შემაწუხა ამან, თითქმის გაორმაგდა. აქამდე ვიმარაგებდი და რამდენიმე თვე არ მიწევდა ყიდვა, ოქტომბრიდან ნოემბრამდე კიდევ გაძვირდა რამდენიმე ლარით.

ცხადია, ეს პრობლემაა ქვეყანაში, სადაც შემოსავალი 300-500 ლარია და ამ ხელფასით ოჯახებს არჩენენ. 30 ლარი დიდი თანხაა ჰიგიენური პროდუქტებისთვის. ეს არაა რაღაც, რაზეც უარს იტყვი ეკონომიის მიზნით. მე თუ შემიძლია, იმას არ ნიშნავს, რომ ყველას მიუწვდება ხელი.“

პრობლემის უკეთ დასანახად გასათვალისწინებელია, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21% აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობს, რაც დაახლოებით 783 006 ადამიანია.

ამასთანავე, შედარებისთვის, 2021 წელს საარსებო მინიმუმი 223 ლარია.

საარსებო მინიმუმი 2021 წელს. ფოტო: საქსტატი

საქართველოში დღეს 10-დან 54 წლის ასაკამდე 1 096 000 გოგო/ქალი ცხოვრობს.

ქალების დახმარება პანდემიის დროს

ქალთა ორგანიზაცია „ქალთა მზერა“ ერთ-ერთია, რომელმაც პანდემიის დაწყებისას ქალების დასახმარებლად სხვადასხვა პროექტი წამოიწყო, მათ შორის 200-მდე ბენეფიციარს დაურიგა ჰიგიენური საფენები და კონტრაცეპტივები.

ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ნინკა ხაინდრავა ნეტგაზეთს უყვება, რომ პროგრამა პანდემიის პირველი ტალღის დროს წამოიწყეს და, ჯამში, 2 თვეს გასტანა. ეს ის პერიოდია, როდესაც მკაცრი შეზღუდვებისა და კომენდანტის საათის გამო მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ან სამსახური დაკარგა, ან აუცილებელ რესურსებზე წვომა საგრძნობლად შეეზღუდა.

ორგანიზაცია არიგებდა პროდუქტების შეკვრებს, როგორიც იყო ჰორმონალური კონტრაცეპტივები, კონდომები და მენსტრუალური პროდუქტები. ამათგან, ნინკა ხაინდრავას თქმით, ყველაზე მოთხოვნადი კონტრაცეპტივები იყო, რადგან მას, მიუხედავად მაღალი ფასისა, დაზღვევა არ ფარავს.

სტიგმა

საზოგადოებრივი სტიგმა ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, თუ რატომაა მენსტრუალური პროდუქტების გაძვირება პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უხილავი, ამბობს მკვლევარი ელენე ქაიხოსროშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისი თანაავტორობით 2021 წლის დასაწყისში გამოიცა კვლევა „მენსტრუაციის სტიგმისა და მასთან დაკავშირებული უფლებადარღვევების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში“.

ჩვენთან ინტერვიუში ქაიხოსროშვილი განმარტავს, რომ კვლევის მიზანი ე.წ. მენსტრუალური სიღარიბის მაჩვენებლის არ დადგენა იყო, თუმცა გამოჩნდა, რომ:

„კვლევის მონაწილეთა (როგორც მოსწავლეებმა, ისე მასწავლებლებმა) გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნა, რომ იცნობდნენ ადამიანებს, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო, მენსტრუაციის დროს მრავალჯერადი მოხმარების საფენებს (ნაჭრებს, მარლას) იყენებდნენ“.

„ჩვენი კვლევა, მაგალითად, ეხებოდა სკოლების სველი წერტილების მოწესრიგებულობის გავლენას გოგონების განათლების წვდომაზე. სხვა ქვეყნების კვლევებითაც გამოვლინდა, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში, რომ გოგოები მენსტრუაციის დროს სკოლაში სიარულს თავს არიდებდნენ, რადგან ჰიგიენას სათანადოდ ვერ იცავენ.

იქნება ეს ცხელი წყლის არარსებობა, ანტისანიტარია… იმიტომ, რომ კარი არ იკეტება ტუალეტში. იმიტომ, რომ ურნა არ არის, იზოლირებული არ არის და ა.შ. სიღარიბე ქვეყანაში რომ არსებობს, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაზეც მოქმედებს და ამ მხრივ დღეს გამოწვევა გვაქვს“, — ამბობს მკვლევარი.

ამასთანავე, ცალკე აღსანიშნავია ის, რომ ჰიგიენურ პროდუქტებზე წვდომა რეგიონების მიხედვით განსხვავდება. ქაიხოსროშვილი გვიყვება, რომ რესპონდენტები, რომლებიც რეგიონში ცხოვრობდნენ, პრობლემად ასახელებდნენ იმასაც, რომ ხშირად მათ აფთიაქებსა თუ მაღაზიებში შესაბამისი ხარისხის პროდუქტები არ იყიდებოდა.

სქრინი ქალთა ფონდის კვლევიდან

„ამ კვლევამ გამოკვეთა ის, რომ სტიგმა მენსტრუალურ სიღარიბესთან დაკავშირებით ელემენტარულ ცოდნაზეც ამცირებს ხელმისაწვდომობას, პოლიტიკურ დღის წესრიგს რომ თავი დავანებოთ. ჩვენ გვყავდა ორი რესპონდენტი, რომლებმაც ამ სტიგმისა და სირცხვილის განცდის გამო დროულად ექიმსაც ვერ მიაკითხეს, შედეგად, მათ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდათ.

გამოდის, ჯანდაცვის სერვისის მიღებასაც კი აფერხებს, არათუ იმას, რომ ხმამაღლა ვისაუბრეთ იმაზე, რომ მენსტრუაციული პროდუქტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ეს არის ის ბაზისური აუცილებლობა, რომელზეც ხმამაღლა ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობთ“.

სკოლა, როგორც მენსტრუალური სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი საშუალება

როგორც სხვა სოციალურ პრობლემასთან მიმართებით, ე.წ. მენსტრუალური სიღარიბის დამარცხებაც კომპლექსური საკითხია. UNICEF ამბობს, რომ მენსტრუალური ჯანმრთელობისა და ჰიგიენის გასაუმჯობესებლად მსოფლიოს მასშტაბით ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ:

  1. სოციალური მხარდაჭერა
  2. ცოდნა და უნარები
  3. ინფრასტრუქტურა და სერვისები
  4. ხელმისაწვდომობა შემწოვ მატერიებზე (როგორიცაა, მაგ. ჰიგიენური საფენი) და დამხმარე ნივთებზე

კიდევ ერთი მიდგომა, რომელსაც ხშირად იყენებენ მენსტრუალური სიღარიბის დასაძლევად, სკოლებში უფასო სანიტარული პროდუქტების დარიგებაა.

ასე მოხდა, მაგალითად, კენიაში, სადაც 2021 წელს მოქალაქეებმა პეტიციაც კი შექმნეს, რომელიც სკოლებში მენსტრუალური პროდუქტების უფასო უზრუნველყოფას ითხოვდა. 2017 წელს კენიაში დამტკიცდა კანონი, რომლითაც ყველა სკოლას ჰიგიენური საშუალებები მოსწავლეებისთვის უფასოდ უნდა მიეწოდებინა, თუმცა კანონის იმპლემენტაცია სრულად არ მომხდარა.

გარდა ამისა, კენიაში სკოლის მოსწავლე გოგონებს შორის საგანმანათლებლო პროგრამები მიმდინარეობს. ამ დროისთვის მოსწავლეთა მხოლოდ 50% არის მზად, ღიად ილაპარაკოს მენსტრუალურ საკითხებზე.

ჰიგიენური საშუალებები უფასოა დიდი ბრიტანეთის საჯარო სკოლებში. კანონის თანახმად, სკოლებში სანიტარული პროდუქტები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოსწავლისთვის, მათ შორის, ტრანსგენდერი და არაბინარული სტუდენტებისთვისაც.

2020 წელს შოტლანდიაში საბოლოოდ მიიღეს კანონი, რომლითაც ქვეყანაში მენსტრუალური ჰიგიენური საშუალებები ყველასთვის უფასო გახდა. შოტლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა.

შოტლანდიამ უფასო ჰიგიენური საშუალებების კანონპროექტი 2019 წელს შეიმუშავა. ამ კანონპროექტის დამტკიცებამდე, შოტლანდიის სკოლებსა და კოლეჯებში ჰიგიენური საშუალებები უკვე უფასო იყო.

რა არის მენსტრუალური ჭიქა?

ბოლო პერიოდში მენსტრუალური ჭიქა სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქალებში. ეს არის მრავალჯერადი გამოყენების სანიტარული პროდუქტი — ზომით პატარა, როგორც წესი, სილიკონისგან ან რეზინისგან დამზადებული.

მენსტრუალური ჭიქა საშოში მოკეცილი უნდა მოთავსდეს. სწორი გამოყენების შემთხვევაში, ის თავისით გაიშლება, რაც თავის მხრივ, გაჟონვას უშლის ხელს. ჭიქა სპეციალური მეთოდით ირეცხება, შესაბამისად, წლებიც კი შეიძლება გაძლოს. შედეგად, ის უფრო ეკონომიური და გარემოსთვის ნაკლებად დამაზიანებელია.

საქართველოში მენსტრუალური ჭიქა ქსელურ მაღაზიებში ჯერ კიდევ ძვირია. ზოგან მისი ფასი 70 ლარს აღწევს თუმცა სხვადასხვა მომწოდებელთან შეძენა უფრო იაფადაც შეიძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი