საზოგადოება

ტიკარაძის თქმით, 200-ლარიანი წახალისება არა კი ახლა, გაზაფხულზე რომ დაწესებულიყო, მრავალი სიცოცხლე გადარჩებოდა

4 დეკემბერი, 2021 • 1832
ტიკარაძის თქმით, 200-ლარიანი წახალისება არა კი ახლა, გაზაფხულზე რომ დაწესებულიყო, მრავალი სიცოცხლე გადარჩებოდა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაციისთვის ფინანსური წახალისების მექანიზმი ახლა კი არა, გაზაფხულზე რომ დაწესებულიყო, მრავალი ადამიანის გადარჩენა მოხერხდებოდა. ამის შესახებ ტიკარაძემ 2-ის ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ფინანსური წახალისების მექანიზმი, რომელიც 200 ლარს შეადგენს, ძალიან ეფექტიანია და ამას რიცხვები მოწმობს.

“ძალიან ეფექტური იყო ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, როცა ჩვენ მოვახერხეთ და წავახალისეთ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები ფულადი თანხით. ამ პერიოდში ოთხჯერ გაიზარდა ვაქცინაციის ტემპი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს მივუახლოვდით აგვისტოს მაჩვენებელს, როცა ვაქცინაციის მაღალი ტემპი გვქონდა. 7 დღის საშუალო მონაცემი გვაქვს 13-დან – 14 ათასამდე. მათ შორის ძალიან მაღალია 60 + მოქალაქეების ვაქცინაცია. მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება დაგეგმილიყო არა გვიან შემოდგომით, არამედ გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული კალენდრით ამ ადამიანებს ეკუთვნოდათ ვაქცინაცია და ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ ამ პერიოდის მანძილზე, როცა ჩვენ გავიარეთ მე-4 ტალღა და ახლა ვარკვევთ, არის თუ არა მე-5 ტალღა თუ კვლავ მე-4 ტალღის პიკში ვართ, ის ლეტალობები, რომელიც გვქონდა, მოვახერხებდით და ამ ადამიანების მაღალ რიცხვს გადავარჩენდით”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, ის არ უჭერს მხარს მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებების დანერგვას სხვა მოწყვლად ჯგუფებში, რადგან გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკა უჩვენებს, რომ პირველ რიგში ასაკოვანი მოქალაქეების სიცოცხლეა დასაცავი.

ამ ეტაპზე მინისტრი არ ხედავს სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების საჭიროებას, რადგან ხედავს რესურსს, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეები მიიყვანონ ამცრელ პუნქტებში საკუთარი ნებით, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დადგეს სავალდებულო ვაქცინაციის აუცილებლობაც.

“ეტაპობრივად არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, თუმცა ჯერ არსებობს ის რესურსი, რითაც ჩვენ შეგვიძლია სწორი კომუნიკაციის საფუძველზე მოქალაქეები წავახალისოთ და მივიყვანოთ ამცრელ პუნქტებში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი