საზოგადოება

ბაზრის დირექტორმა ენმ-ის წევრს თავში ჩაარტყა და შეაგინა — რა მოხდა ფოთში

3 ნოემბერი, 2021 • 2235
ბაზრის დირექტორმა ენმ-ის წევრს თავში ჩაარტყა და შეაგინა — რა მოხდა ფოთში

ფოთის აგრარული ბაზის დირექტორმა ნოდარ კორსანტიამ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყო. ინციდენტს წინ უძღოდა უკმაყოფილება თევზით მოვაჭრეებისგან, რომლებიც კორსანტიას ზეწოლაში ადანაშაულებენ, ეს უკანასკნელი კი თავის კერძო საკუთრებაში “შეჭრაზე” საუბრობს.

რა მოხდა

ინციდენტი მოხდა 3 ნოემბერს ნოდარ კორსანტიას კაბინეტში, ჟურნალისტების თანდასწრებით. კადრებში ჩანს, რომ ბაზრის დირექტორი ოთახიდან აძევებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომდგენელს, ნუკრი რობაქიძეს, რა დროსაც ჯერ თავში ურტყამს, შემდეგ კი აგინებს მას.

რობაქიძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ დახმარების თხოვნით მოვაჭრეებმა მიმართეს და სწორედ ამიტომ შევიდა კორსანტიას კაბინეტში.

“მე მთხოვეს, რომ დავხმარებოდი, ტელევიზიები მოვიყვანე… შეურაცხყოფაზე წამოვიდა, ხელიც დამარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო”, — დასძენს ის და აღნიშნავს, რომ სწორედ მისმა პარტიულმა კუთვნილებამ გააღიზიანა ბაზრის დირექტორი.

თავად კორსანტია დასძენს, რომ მას და რობაქიძეს ერთმანეთთან “ძალიან ცუდი დამოკიდებულება” აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ მის მიერ დღეს გამოხატულ აგრესიასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ ბაზრის დირექტორი ამბობს, რომ რობაქიძე უნებართვოდ შევიდა მის კაბინეტში:

“[ჟურნალისტებს] შემოჰყვა და მეგონა, ამათთან იყო. თურმე ამათთან არ ყოფილა.

გოგოები[ჟურნალისტები] რომ მოვიდნენ, ჯერ დამირეკეს, შეიძლება, მოვიდეთო? რაც უნდა იყოს, ხომ უნდა იკითხო, შეიძლება თუ არა.

ნაგლად რომ შემოდის, მე ჩემი თავმოყვარეობა მაქვს და ვერ ვაპატიე. გავიყვანე გარეთ. არ გადიოდა”.


კორსანტიას ვკითხეთ, სანამ ოპოზიციის წარმომადგენელს ხელს დაარტყამდა და შეაგინებდა, ამ უკანასკნელმა თუ გამოხატა მის მიმართ რაიმე ფორმით აგრესია.

“ტყუილს არ გეტყვით, კიდევ გიმეორებთ: ეს იჯდა დივანზე. ვლაპარაკობდით. ადგა და პირდაპირ სახეში დამიდგა მამლაყინწასავით. რა ვიცი, იქნება გაერტყა? არ ვიცი, არც გაბედავდა, მაგრამ მაინც. ავდექი, გავიყვანე გარეთ, არ გავიდა. გადი-მეთქი, არ გავიდა, ავდექი მერე და გავიყვანე ძალით”.

რატომ გახდა სადავო თევზით ვაჭრობა

თევზით ვაჭრობის გამო დაწყებულ კონფლიქტთან დაკავშირებით მოვაჭრეთა ნაწილსა და ნოდარ კორსანტიას განსხვავებული ვერსიები აქვთ.

რამდენიმე ქალი, რომელიც ბაზრის შესასვლელთან ახლოს ქაფშიას ყიდის, ამბობს, რომ კორსანტია მათ ვაჭრობას უკრძალავს, რისი მიზეზიც ამ უკანასკნელის მიერ აგრარული ბაზრის შიგნით თევზის მაღაზიების გახსნა და კონკურენციაა.

“22 წელია, ვზივარ. [კორსანტიამ] მანქანა დამიყენა. არ მასვენებს ეს კაცი…

სახლი მე არ მაქვს, კარი მე არ მაქვს. ჩემი მოთხოვნაა, დამსვას [სავაჭროდ] და გაიყვანოს ეს მანქანა.

დავჯდები, არაფერს ვთხოვ. ჩემით ვიშოვი”, — უთხრა ჟურნალისტებს ლილი მესხმა, რომელიც ქაფშიით ვაჭრობს.

საპასუხოდ, ნოდარ კორსანტია ამბობს, რომ ტერიტორია, რომელსაც ხსენებული მოვაჭრეები იყენებენ, მას ეკუთვნის.

“ამათ მისცეს სხვაგან ადგილი, იქ ვაჭრობენ სხვაგან. არ მოეწონათ, ალბათ, კარგი ვაჭრობა არაა, მოვიდნენ და გზაზე დასხდნენ, სადაც ჩემი საკუთარი ტერიტორიაა. შენობის გარდა გარეთ ხომ ჩემი საკუთარი ტერიტორია მაქვს, მანქანების პარკინგი რომ არის.

პარკინგზე დგება მანქანები. მანქანები რომ დადგა და ხელი შეეშალათ, მაშინ სავალ ნაწილზე დასხდნენ. სავალ ნაწილში რომ დასხდნენ, აქ, ჩვენს სავაჭრო ცენტრში მანქანა ვერ შედის, ვერ ვაჭრობს…”, — აღნიშნავს ის.

კორსანტია ამბობს, რომ გასული 5 დღის მანძილზე პოლიციის მეშვეობით ცდილობდა პრობლემის მოგვარებას, თუმცა, ამაოდ.

“ჩემს კერძო საკუთრებაში შემოიჭრნენ ქალები. ოთხჯერ დავურეკე პატრულს.

ახლა წავალ ქურდებთან და გაარჩევენ საქმეს“, – განაცხადა ნოდარ კორსანტიამ.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს ქურდების მიერ საქმის გარჩევა.

“აბა, მეტი რა ვქნა? პოლიცია ვერ აკეთებს, მერია ვერ აკეთებს, 112 ვერ აკეთებს, ოჯახში შემომივარდა ხალხი და ვის მივმართო აბა?!”, — მიუგო ბაზრის დირექტორმა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, კონკრეტულად ვინ და როდის “შეეჭრა” კორსანტიას სახლში. მისი თქმით, უშუალოდ მის ოჯახში არავინ შეჭრილა, თუმცა კერძო საკუთრებაში შეჭრა “ეს იგივეა, რომ კაცი ოჯახში შემოგივარდეს”.

“მიწერილი მაქვს წერილი მერიისთვის, თუ გარეთ ვინმე დგას, არ აქვს საშუალება, არ აქვს ადგილი, მე ვაძლევ ადგილს. პროდუქტით თუ ვაჭრობს, ნახევარი წელი არ გადავახდევინებ [გადასახადს], და ტანსაცმლით თუ ვაჭრობს, ერთი წელი არ გადავახდევინებ, ოღონდ მოწესრიგდეს”, — დასძინა მან.

დამაზუსტებელ კითხვას, მზად არის თუ არა, ის მოვაჭრეებიც შეუშვას ბაზარში, რომელთა საქმიანობასაც ბაზრის შესასვლელთან ეწინააღმდეგება, კორსანტია პასუხობს:

“როგორ არა, ჩვენ ქალაქზე [მერიისთვის] მიწერილიც გვაქვს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი