საზოგადოება

გაუგებარია ღარიბაშვილის განცხადება სუიციდზე — ეკა ჭყონია

29 ოქტომბერი, 2021 • 3034
გაუგებარია ღარიბაშვილის განცხადება სუიციდზე — ეკა ჭყონია

„[სახელმწიფო] ყველანაირად უნდა დაუდგეს გვერდში ადამიანს და მიაღებინოს საპირისპირო გადაწყვეტილება“, — ამბობს ნეტგაზეთთან საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავჯდომარე ეკა ჭყონია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას.

საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის 28 ოქტომბრის ინტერვიუზე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა. ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა, რომ ყველას აქვს სუიციდის უფლება და ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არაა.

ამ განცხადებას ნეტგაზეთთან ინტერვიუში აკრიტიკებს ფსიქიატრი ეკა ჭყონია. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც პენიტენციური სისტემისთვის სუიციდის პრევენციის პროგრამაზე იმუშავა. ამ პროგრამის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი ჯერ ახდენს პატიმართა იდენტიფიცირებას, შემდეგ კი ზრუნავს მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, იღებს მასზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მიეცეს ადამიანს, მით უმეტეს, ციხესა და, ზოგადად, სტრესულ გარემოში მყოფ ადამიანს, ასეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. თუ აქვს ადამიანს სუიციდური აზრები, მას მაქსიმალურად უნდა თანადგომა, დახმარება და მას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მსგავსი რამ არ მოიყვანოს სისრულეში“, — ამბობს ეკა ჭყონია.

ჭყონია ნეტგაზეთთან ინტერვიუში დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის ეს საკითხი „მოწოდებული, როგორც სუიციდური განზრახვა და გაუგებარია [ღარიბაშვილის განცხადება], თითქოს ვინმეს უნდა მივცეთ ამის საშუალება“.

„ეს თავისთავად ამტკიცებს იმას, თუ როგორი არასწორი გააზრება გვაქვს ამ პრობლემის. ფაქტობრივად, აქ საუბარია მწვანე შუქის ანთებაზე სუიციდთან დაკავშირებით. ამას ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს, ბევრი ადამიანი, რომელსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, რა არის სუიციდი, სუციდის მცდელობა და რამხელა ძალისხმევა უნდა ჩადოს სახელმწიფომ, რომ ნებისმიერი ადამიანი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვინ არის… ყველანაირად უნდა დაუდგეს გვერდში და მიაღებინოს საპირისპირო გადაწყვეტილება“, — დასძენს ის.

ეკა ჭყონიას თქმით, როდესაც ვსაუბრობთ პენიტენციურ დაწესებულებებსა და პატიმრების მდგომარეობაზე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ციხე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრესფაქტორად ითვლება. აქ ადამიანზე მოქმედებს როგორც გარე ფაქტორები — იზოლირება, სოციალიზაციისა თუ დღის შუქის ნაკლებობა — ასევე, ინდივიდუალური პრობლემები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი,  ციხის პოპულაციაში 10-15-ჯერ იმატებს სუიციდის რისკი.

ჩვენ ვკითხეთ მას, იმის ფონზე, რომ ქვეყანაში სუსტია სუიციდის მიმართ არსებული სახელმწიფო პოლიტიკა, ხომ არ მიუთითებს პრემიერის ეს განცხადება იმაზე, რომ სახელმწიფო აღარ აპირებს, დამატებითი რესურსი ჩადოს და გააძლიეროს სუიციდთან ბრძოლის სტრატეგია.

„გააძლიეროს კი არა, საერთოდ არ არსებობს სუიციდის პრევენციის ეროვნული გეგმა. ყველა განვითარებულ ქვეყანას, არა მხოლოდ განვითარებულ, არამედ ქვეყანას, სადაც ჯანდაცვის სისტემა და სხვა ინსტიტუციები გამართულად მუშაობს, ყველას აქვს შემუშავებული სუიციდის ეროვნული პროგრამები, რომელიც ქვეყნის მთელი მასშტაბით ხორციელდება და რომელიც მოიცავს ბევრ სამინისტროსა თუ უწყების ერთობლივ მუშაობას.

ჩვენ საქართველოში ამაზე ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხანია. 6 წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყო ამაზე მუშაობა. როდესაც სასჯელაღსრულების სისტემაში დაინერგა ეს პროგრამა, მაშინვე იყო მცდელობა, რომ ეროვნულ დონეზეც გაგვეკთებინა. მაშინ გაკეთდა ქვეყანაში არსებული სუიციდიური მდგომარეობის ანალიზი. ეს ყველაფერი მას შემდეგ თაროზეა შემოდებული. დღეს აღრიცხვაც აღარ ტარდება ნორმალურად“, — განმარტავს ის.

ჭყონია ასევე დასძენს, რომ თუ ქვეყანაში რაიმე ინიციატივაა სუიციდის პრევენციულ გეგმებთან დაკავშირებით, ის ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოდის. დღესაც, მისი ინფორმაციით, UNICEF სოციალურ სამსახურებთან მუშაობს, რათა ამგვარი პროგრამა მოზარდებისთვის შეიმუშაოს.

„ის სიძულვილი, რომელიც არის ქვეყანაში, ის ბულინგი ერთმანეთის მიმართ — ეს არის ძალადობრივი ტენდენციების დანერგვა საზოგადოებაში. ამას უყურებენ ახალგაზრდები და მოზარდები, რომელთათვის ეს ადამიანები ავტორიტეტები არიან.

ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ და სხვა განცხადებებს უყურებენ ახალგაზრდები, რომლებმაც შესაძლოა ეს ყველაფერი ძალიან არასწორად აღიქვან, ჩათვალონ, რომ ეს სწორია და კარგია და იგივე დამოკიდებულებით მოექცნენ თანატოლს. ეს ქმნის უმძიმეს ძალადობრივ მდგომარეობას. როგორც სუიციდია პრობლემა, ასევეა ძალადობაც. ძალადობას კი კვებავს ზიზღი, სიძულვილი და ასეთი მაგალითები, როდესაც მოზარდები ხედავენ, რომ წარმატებული, საზოგადოებაში გარკვეული პოზიციების მქონე ადამიანები ასე ურთიერთობენ ერთმანეთთან.

[რაც შეეხება სტრატეგიას] მე მგონი, საერთოდ არც ფიქრობენ ამაზე, არ არის ეს დღის წესრიგში. და არც არავინ ფიქრობს“, — მიიჩნევს საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია.

კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება — ღარიბაშვილი


სუიციდი არ არის გამოსავალი!

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი: ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 29-ე დღეა, რაც შიმშილობს. ის უარს აცხადებს შიმშილობასთან დაკავშირებულ სამედიცინო დახმარებასა და კონსილიუმთან თანამშრომლობაზე.

ამის პარალელურად, ღარიბაშვილმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ არ სჯერა სააკაშვილის შიმშილობის. მათ შორის, თქვა, რომ ის „არის სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, ვითომ შიმშილობს, მეორე მხრივ, უნდა ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე,“.

28 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ღარიბაშვილს ჰკითხეს, მისი აზრით, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა:

“ფინალი, არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.

თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად პენიტენციური სამსახურის მიერ.

ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს. გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს”, — დასძინა მან.

აღნიშნულის შემდეგ გადაცემის მეორე წამყვანმა ღარიბაშვილს უთხრა:“როცა ადამიანი თავს იზიანებს, მოდით, შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს”.

საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს დაეხმარებიან და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება — ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი