ახალი ამბები

უნდა, რომ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

19 ოქტომბერი, 2021 • 1237
უნდა, რომ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებენ.

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმარია და სასჯელს მინიმუმ 6 წლით მოიხდის. რაც შეეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლის განცხადებებს, ღარიბაშვილი ამბობს, რიმ სააკაშვილი საზოგადოებას ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს:

“გარდა იმ აქტუალური საკითხებისა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი ყოველდღე. არჩევნების შემდეგ, მე და ყველას მინდა მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს, აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს.  ახლა არჩევნებია, ბუნებრივია, და ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ და შევახსენოთ რეალობა, მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. იგი არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს და მის შოუს. ის მასკარადი… ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება მისი მხრიდან. ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეუარცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას. ის არის სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, ვითომ შიმშილობს, მეორე მხრივ, უნდა ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. სამარცხვინო სიტუაციაა, დავამთავროთ არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. საპყრობილეში გადაყვანიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ იგი შიმშილობს.

მესამე პრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

თავად სააკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი