ახალი ამბები | ,

კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება — ღარიბაშვილი

29 ოქტომბერი, 2021 | | 3342
კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს.

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედი LIVE”-ის წამყვანმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.

“გასაგებია, თუ დამძიმდება, სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, მაგრამ ფინალი რა შეიძლება იყოს ამის?” — ჰკითხა მან ღარიბაშვილს, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო:

“ფინალი, არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.

თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად, პენიტენციური სამსახურის მიერ.

ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს. გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს”, — დასძინა მან.

აღნიშნულის შემდეგ გადაცემის მეორე წამყვანმა ღარიბაშვილს უთხრა:

“როცა ადამიანი თავს იზიანებს, მოდით, შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს”.

საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს დაეხმარებიან და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, 28-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი