საზოგადოება

რატომ ცდილობენ პარტიები ერთმანეთისგან ეკლესიის „დაცვას“

28 ოქტომბერი, 2021 • 1401
რატომ ცდილობენ პარტიები ერთმანეთისგან ეკლესიის „დაცვას“

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ მსხვილი პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, მაქსიმალურად დაამტკიცონ, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის — მართლმადიდებელი ეკლესიის — ერთგულები არიან. პარალელურად, ისინი ენერგიას არ იშურებენ ოპონენტების ეკლესიის მტრებად და მოძულეებად წარმოსაჩენად.

გადის თუ არა პარტიების პოლიტიკური გამარჯვების გზა ეკლესიის მიმართ ბრმად მორჩილებაზე? რატომ ვერ ახერხებენ პარტიები, თუნდაც საარჩევნოდ, დაიცვან სეკულარიზმის პრინციპები და რელიგიური თემებით მანიპულირების გარეშე ეცადონ ამომრჩეველთა მხარდაჭერის მიღებას? ნეტგაზეთი ამ და სხვა საკითხებზე ანალიტიკოსებს ესაუბრა.

“ეკლესიის მტრობა”, როგორც კომპრომატი წინასაარჩევნოდ

რელიგიური საკითხებით მანიპულირება და ყველაზე გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის — მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს — გავლენის გამოყენება წინასაარჩევნოდ აქამდეც არაერთგზის გვინახავს.

ხშირია, მაგალითად, პატრიარქთან ვიზიტები და ამის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება წინასაარჩევნოდ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან.

ტრადიციულად, არც სასულიერო პირები ცდილობენ წინასაარჩევნო პროცესებისგან დისტანცირებას:

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” თანახმად, 2021 წლის 11 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სახელისუფლებო პარტიის მიერ კანდიდატთა წარდგენის ყველა ღონისძიებას დაესწრნენ. ამასთან, არაერთი განცხადება გააკეთეს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის თუ საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

თუმცა ეკლესიისა და პატრიარქის საკითხი პოლიტიკურ დისკურსში განსაკუთრებით საინტერესოდ გააქტიურდა მიმდინარე წლის სექტემბერში, როცა ინტერნეტ სივრცეში, სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი ჩანაწერები გავრცელდა.

ფაილებში მრავლად იყო მასალა მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, რამაც პოლიტიკოსებს გზა გაუხსნა, ესაუბრათ ეკლესიაზე, როგორც შეთქმულების მსხვერპლზე, და ერთმანეთი დაედანაშაულებინათ ამ უკანასკნელში.

ირაკლი ღარიბაშვილი და ილია მეორე

ჩანაწერების საკითხს მყისიერად გამოეხმაურნენ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, რომელთაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილს ყოველთვის “ძალიან აღიზიანებდა” ქართული ეკლესია და “ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი”, ნიკა მელიას სიტყვებით კი, “სასტიკად უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი „მილიონობით მორწმუნის განსაცდელში ჩაგდებისთვის და მათი რწმენის შერყევის მცდელობისთვის”.

ოპონენტებისგან ეკლესიის “დაცვა” მაშინ არც “ქართულმა ოცნებამ” დააყოვნა:

“სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას”, — ამბობდა მაშინ მამუკა მდინარაძე, მმართველი გუნდის წევრი.

სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაში ენმ დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმაც და პარტია მოიხსენია “ბოროტ ძალად”, რომლის “ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები”.

კადრი “ქართული ოცნების” ვიდეოდან, რომელიც პარტიამ 22 ოქტომბერს გაავრცელა

რელიგიით მანიპულირება სრულიად ახალ ფაზაში შევიდა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, როცა ოპოზიციისადმი ზემოთ გახმიანებული ბრალდებები ოფიციალურად იქცა მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად.

“ქართული ოცნების” მიერ 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კლიპში შეკრებილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ მედიის წარმომადგენელთა კრიტიკული განცხადებები საპატრიარქოსა და სასულიერო პირებისადმი, დასკვნის სახით კი ნათქვამია:

“ნაციონალური მოძრაობა არის რადიკალური ანტიეკლესიური დაჯგუფება. დავამთავროთ ნაცები, დავამთავროთ ბოლშევიზმი. ნაცობა სირცხვილია”.

“მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა…”

გასულ დღეებში “ნაციონალური მოძრაობიდან” საზოგადოებას მინიმუმ ორჯერ შეახსენეს, როგორ თანამშრომლობდნენ სახელმწიფო და საპატრიარქო წინა ხელისუფლების დროს.

პირველად ეს პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, სავარაუდოდ, პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს ქადაგების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ სახარება არ ქადაგებს  ყოველთვის ყველასთან შერიგებას და პატიებას.

მიტროპოლიტს პირდაპირ არ უხსენებია სააკაშვილი, თუმცა მისი ქადაგება არაერთგზის დააკავშირეს ექსპრეზიდენტის პატიმრობისა და მისი გათავისუფლებისკენ მოწოდებების საკითხთან.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში”, იყო და არის ილია მეორისა და სინოდის “ძირითადი პოზიციების მიმდევარი”.

მიხეილ სააკაშვილი და ილია მეორე; ფოტო არქივიდან

“პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის, შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები…”, — დასძინა ექსპრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს, იგივე გააკეთა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, ამჯერად, “ქართული ოცნების” ბრალდებების საპასუხოდ.

“მითხარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში. ან იმაზე მეტი სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში.

მითხარით კიდევ ერთ მმართველობის პერიოდი, როცა თუნდაც საპატრიარქოს რეიტინგი იყო 99% და ნდობა. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი”, — მიმართა მან რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდასაჭერად შეკრებილებს.

“სამწუხაროდ, ეს კომპლექსი ვერავინ გადალახა”

ორგანიზაცია CRRC-ის პროექტის, “კავკასიის ბარომეტრის” ფარგლებში 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 40% სრულად, 43% კი ძირითადად ენდობა რელიგიურ ინსტიტუტებს.

ორგანიზაციის დირექტორს, კობა თურმანიძეს მიაჩნია, რომ დიდი პარტიების ქცევა მეტყველებს მათ მცდელობაზე, სათავისოდ გამოიყენონ საპატრიარქოს ავტორიტეტი.

“…80%-ზე მეტი ამბობს, რომ ენდობა [მართლმადიდებელ ეკლესიას] მაშინ, როცა პოლიტიკურ პარტიებს ენდობა 20%.

აქ აშკარად ჩანს, რომ [პარტიები] ცდილობენ, არ გაანაწყენონ ან, უკეთეს შემთხვევაში, თავისკენ მოიზიდონ ის ადამიანები, ვინც ეკლესიას უფრო მეტად ენდობიან და პატივს სცემენ, ვიდრე პოლიტიკოსებს”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ანალიტიკოსის თქმით, “ეს კომპლექსი ვერავინ გადალახა”; ვერც ერთმა მსხვილმა პოლიტიკურმა მოთამაშემ შეძლო, “საკუთარი პროგრამით, საკუთარი ხედვით და საკუთარი მხარდაჭერით გაიტანოს საარჩევნო კამპანია და არ მიეტმასნოს თავისზე უფრო ავტორიტეტულ ინსტიტუტებს”.

კობა თურმანიძე; ფოტო: GIP

პარტიების მხრიდან გახმიანებულ ურთიერთბრალდებებზე საუბრისას, თურმანიძე დასძენს, რომ სიძულვილსა და შეურაცხყოფაზე დამყარებული კამპანია ვერაფერს მოიტანს, გარდა პოლიტიკური მოთამაშეების მოკლევადიანი ინტერესების დაკმაყოფილებისა.

მისი თქმით, იდეალურ შემთხვევაში, პარტიებმა ზემოხსენებული კომპლექსი უნდა გადალახონ, თუმცა ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა ნაწილზეც, რომელსაც აკმაყოფილებს არსებული მოცემულობა:

“პოლიტიკოსები არიან პოლიტიკური მეწარმეები, რომელთაც სურთ, თავიანთი ძალისხმევა გადაზარდონ ხმებში. ერთი მხრივ, პოლიტიკოსების მხარესაც უნდა ვისროლოთ კენჭი, მაგრამ, მეორე მხრივ, ამომრჩევლის მხარესაც…

სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობაა, რომ ნაწილობრივ ამომრჩეველი ამაზე ეგება, ამას ხედავს მეწარმე პოლიტიკოსი და იყენებს სათავისოდ, თავისი მოკლევადიანი ინტერესებისთვის, რაც გამოიხატება კონკრეტული არჩევნების მოგებაში”.

“ოცნება და ენმ ცდილობენ, სიტუაცია სათავისოდ გადაქაჩონ”

“ზოგადად, ჯანსაღი არ არის მდგომარეობა, როდესაც ეკლესიის გამოყენება ხდება პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და არც ის არის ჯანსაღი, როცა ეკლესია ამას თავადვე ცდილობს”, – დასძენს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, თუმცა აქვე უსვამს ხაზს შექმნილი ვითარების კომპლექსურობას:

“მოცემულ სიტუაციაში ცოტა სხვა სურათი გვაქვს სახეზე.

კონკრეტულად, ეკლესიის ცენტრალური ჯგუფი, ეს არის მოსაყდრე და მისი თანაგუნდელები, ხშირად თავიანთი ინიციატივით ავლენენ პროსახელისუფლებო პოზიციებს, მღვდელმთავართა გარკვეული ნაწილი კი პირიქით, ღიად აფიქსირებს მხარდაჭერას ყოფილი პრეზიდენტისადმი.

ანუ, სახეზე გვაქვს გაორებული მდგომარეობა [ეკლესიაში] და როგორც “ოცნება”, ისე “ენმ” ცდილობენ, სიტუაცია სათავისოდ გადაქაჩონ”.

თეოლოგის ხედვით, მსხვილ პარტიებსა და ეკლესიას არა კონკრეტული იდეები, არამედ  ორმხრივი სარგებელი აკავშირებთ.

მისი თქმით, რელიგიურობის იმ ტიპიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს საზოგადოებაშია გავრცელებული, პოლიტიკოსები ახერხებენ, ამომრჩევლის ნაწილის გული მოიგონ, მაგალითად, ეკლესიასთან მეგობრობისა თუ მისდამი პატივისცემის გაცხადებით.

მირიან გამრეკელაშვილი

“ჩვენი რელიგიურობა დღემდე საკრალური სახისაა. პოლიტიკოსები იძულებულნი არიან, აქედან მოკბიჩონ რაღაც და თავის სასარგებლოდ გადაქაჩონ, საზოგადოების რელიგიურ გრძნობებზე ითამაშონ.

ჯანსაღი ამბავია, რომ ეკლესია თავის მხარდაჭერას რაღაცაში ცვლის. დასავლეთშიც ხდება ეს. მაგალითად, შრომითი უფლებების მიმართულებით გერმანიაში ეკლესიას ცალკე სტრუქტურა აქვს. რაღაც იბადება ამ მომენტში.

ჩვენთან არაფერი. ჩვენთან ერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ უფრო მეტად მოისყიდოს ეკლესია და ეაფერისტოს. მეორე ცდილობს, ამას გადააჭარბოს”, — დასძენს გამრეკელაშვილი.

მისი თქმით, თავის მხრივ, “სამღვდელოება ცდილობს, ხელისუფლებასთან დაახლოებით მოიპოვოს ფინანსური დივიდენდები. ანუ, ამ მხარდაჭერას ისინი შემდგომ ახურდავებენ ვალუტაში”.

“მეორე მხარემაც, ენმ-მაც ავტომატურად იცის, რომ თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მოსვლისთანავე უნდა დაიწყოს ეკლესიის მოსყიდვა”, — ამატებს ის.

მირიან გამრეკელაშვილი პრობლემად მიიჩნევს პოლიტიკური პარტიების ზედაპირულ, არასისტემურ დამოკიდებულებას ზოგადად რელიგიური საკითხებისადმი.

“დასავლეთში ყველა პარტიას ჰყავს კონსულტანტი რელიგიათმცოდნე, ფილოსოფოსი, თეოლოგი, რომელსაც ეს საქმე ესმის, იცის ტექსტები, რას, როგორ, რა დაარქვას. ჩვენი პოლიტიკოსების საუბრები რელიგიაზე რაც მომისმენია, არის სრული უვიცობის დემონსტრირება.

შეიძლება, რამდენიმე კომპეტენტური არსებობს, მაგრამ დანარჩენი, თუნდაც კრიტიკულად როცა ცდილობენ საუბარს, სრული კოშმარია. მათი არგუმენტაციის გზა, კრიტკის არგუმენტაციის გზა გადის ყოველთვის რაღაც პიროვნულზე. არსობრივი არგუმენტირება არ ხდება”, — მიიჩნევს მირიან გამრეკელაშვილი.

“ნებისმიერი სახის კრიტიკა აღიქმება ბრძოლად ეკლესიის წინააღმდეგ”

მიანიშნებს თუ არა მსხვილი პარტიების წინასაარჩევნო რიტორიკა იმაზე, რომ საპატრიარქო, როგორც ინსტიტუცია, კვლავ რჩება წითელ ხაზად ქართულ პოლიტიკაში?

მირიან გამრეკელაშვილი ფიქრობს, რომ — კი. მისი თქმით, უკანასკნელ წლებში ვითარება “ოდნავ შეცვლილია”, რასაც ძირითადად ე.წ. ციანიდის საქმითა და საპატრიარქოს შიდა პროცესების დღის სინათლეზე გამოტანით ხსნის.

თუმცა გამრეკელაშვილი ახსენებს რამდენიმე ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის პოლიტიკური დისკურსის მნიშვნელოვნად ცვლილებას ამ მიმართულებით.

“მე ვფიქრობ, რომ ამ წითელი ხაზების დარაჯი, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ამ ყველაფერში არ ერევა, არის პატრიარქის კულტი. თავად პატრიარქიც არა, არამედ წარმოდგენა მის შესახებ, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრი კრიტიკული მოსაზრება გაისმა პატრიარქის მიმართ, მათ შორის, თავად პოლიტიკოსების მხრიდანაც, შეფარვით თუ ღიად, მისი კულტი მაინც ძალიან ქმედითია”, — დასძენს ის.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების წარდგენა ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტასა და თელავში; ფოტო: Facebook/Irakli Garibashvili

მეორე მხრივ, თეოლოგი ახსენებს კრიტიკის მიუღებლობას, რომლითაც, მისი ხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოირჩევა.

“ეკლესია თავად ასაღებს ნებისმიერ კრიტიკას მის წინააღმდეგ ბრძოლად… ნებისმიერი სახის კრიტიკა, იქნება ეს კონსტრუქციული თუ არაკონსტრუქციული, აღიქმება ბრძოლად ეკლესიის წინააღმდეგ”, — დასძენს ის და ამატებს:

“აქ უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი ბრალი ამაში ასევე მიუძღვის ტელემედიის ნაწილს და ჩემს [იმ] კოლეგებს, რომლებიც არ ასხვავებენ ინსტიტუციის კრიტიკასა და პიროვნული ხელშეუხებლობის ცნებას.

მაგალითად, როცა აკრიტიკებენ მეუფე შიოს ან დეკანოზ ჯაღმაიძეს… იყენებენ მათი ოჯახების გარკვეულ ისტორიებს და ტელემედია ამას აშუქებს ჩვეულებრივ: მოგონილს, ჭორს, ერთმანეთში ურევს და ეს ბადებს საზოგადოების უბრალო წევრებში განცდას, რომ მართლაც ხომ არ ებრძვიან ეკლესიას…”

რას უნდა ველოდოთ?

ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” თანახმად, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციაში რელიგიური ორგანიზაციების ჩართულობას აკვირდება, არჩევნების წინ სხვა პარტიებისგანაც შეიმჩნეოდა რელიგიური თემებით მანიპულირება.

“ოცნებისა” და ენმ-ის გარდა, ორგანიზაცია ამავე კონტექსტში ახსენებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „ლელოს“ და  გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”.

CRRC-ის დირექტორი კობა თურმანიძე ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი არსებულ მოცემულობას დაუპირისპირდება. მისი თქმით, არ იკვეთება ნება, შეიცვალოს დღის წესრიგი, რომლის ფარგლებშიც “სეკულარული სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ თან არ გვაქვს”.

“პირიქით, დასკვნა არის ის, რომ ყველა ცდილობს, ამ [სურათის] სათავისოდ გამოყენებას, სანამ ამისგან სარგებელი პოლიტიკოსებისთვისაც იქნება და  ეკლესიისთვის…

ეს სტატუს-კვო რომ დაირღვეს, ამ სარგებელმა ვიღაც  აღარ უნდა დააკმაყოფილოს, ჯერჯერობით კი ამის ნიშნები მაინცდამაინც არ ჩანს; თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესია ერთი მოთამაშეა, მეორე მხარეს კი  ალტერნატივები აქვს. ერთი არ მოეწონება, შეიძლება, მეორისკენ გადაიხაროს და აქედან მეტი სარგებელი მიიღოს.

ამიტომ, ის ამ მხრივ უპირატეს მდგომარეობაშიც კი არის”, — დასძენს ანალიტიკოსი.

გიორგი გახარია მერობის კანდიდატობის წარდგენისას ონსა და ამბროლაურში; ფოტო: გახარია/Facebook

ოპტიმისტური პროგნოზი არც მირიან გამრეკელაშვილს აქვს და ფიქრობს, რომ რომელიმე პარტიამ რომც მოინდომოს, დისკურსს მარტო ვერ შეცვლის მინიმუმ მანამ, სანამ “პატრიარქის კულტი” აქტუალურია.

თუმცა თეოლოგი არ ფიქრობს, რომ პოლიტიკური სუბიექტები პასუხისმგებლობისგან თავისუფალნი არიან:

“მაგალითად, გერმანიაში, ბავარიის რომელიმე ბარში რომ შეხვიდე და თქვა, რომ “სოციალ-დემოკრატების” ამომრჩეველი ხარ, იმათ უკვე იციან, რომ შენ ხარ სეკულარიზმის მომხრე. ეს ორი ერთმანეთს ეთანადება, სხვა შემთხვევაში — გამორიცხავს.

საქართველოში ასე არ ხდება. საქართველოში გვყავს ქრისტიანი კომუნისტები, მამაოებით აღფრთოვანებული სოციალ-დემოკრატები და არ ვიცი, ალბათ, ქრისტიანი ათეისტებიც არსებობენ.

ამიტომ, პარტიებს, რა თქმა უნდა, ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამის გამო, რომ ისინი არ ცდილობენ, გადაიქცნენ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებულ ორგანიზაციებად და მიზიდულობის ცენტრებად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი