ახალი ამბები

ვრჩები უწმინდესის სულიერ შვილად, არავის ვურჩევ ისტორიის გადაწერას – სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2021 • 1794
ვრჩები უწმინდესის სულიერ შვილად, არავის ვურჩევ ისტორიის გადაწერას – სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციას უწოდებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას და აცხადებს, რომ თავად მიმდევარია სინოდის ძირითადი პოზიციების და ილია მეორის სულიერი შვილია. ამის შესახებ სააკაშვილის წერილშია საუბარი.

სააკაშვილის თქმით, კონკორდატს სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი  და სახელმწიფო დროშაზე ჯვრის დასაკანონებლადაც იბრძოდა და ისტორიას ვერავინ გადაწერს.

„მინდა ვუპასუხო პროვოკაციას, რომლის უკან აშკარად რუსული ყურები მოჩანს. კომუნისტების დროიდან, 1979 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩემს მასწავლებელ ჭავჭავაძესთან ერთად, ჯერ კიდევ ბავშვი, დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ ყველა მის პოზიციას, ძირითადად, საეკლესიო საკითხებზე.

პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის, შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები….

შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი. იქნებ, ამ სპეკულაციების ავტორებმა იმაზე ამოიღოს ხმა, რომ სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება, ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო. და რაც შეეხება დანარჩენს, არავის არ ვურჩევ ისტორიის გადაწერას, ვინაიდან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს აზრით, სახარება არ ქადაგებს ყოველთვის ყველასთან შერიგებას და პატიებას.

“დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე”, — დასძინა მან.

სასულიერო პირის სიტყვებით, “ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია”.

“…და გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”, — დაამატა მან.

მიტროპოლიტ შიოს პირდაპირ არ უხსენებია საქართველოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაშია, თუმცა მისი ქადაგება არაერთგზის დააკავშირეს სააკაშვილის საკითხთან.

ამ ფაქტს “იმედთან” ინტერვიუს დროს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეეხო და თქვა:

“ამ ზოგად ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც ციხე და არც პატიმრობა, რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი?! ბოროტება ვახსენეთ და მან პარალელი სააკაშვილთან გაავლო”.

სანამ აღნიშნული ქადაგება იქნებოდა, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წარმომადგენელმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა და “საყოველთაო შერიგება” ახსენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი