ახალი ამბები

როგორ შეიცვალა “ოცნების” რიტორიკა ფარულ ჩანაწერებზე 2 დღეში

15 სექტემბერი, 2021 • 3695
როგორ შეიცვალა “ოცნების” რიტორიკა ფარულ ჩანაწერებზე 2 დღეში

“ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თავდაპირველად ცალსახად “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში მმართველი პარტიის რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი ოცნებაში “ტყუილ-მართალს” უწოდებენ.


ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

“ქართული ოცნება” გავრცელებულ ჩანაწერებს 13 სექტემბერს, 20:00 საათზე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურა. მდინარაძემ ფარული ჩანაწერების შექმნაში, გავრცელებასა და სახელმწიფოსა და ეკლესიაზე თავდასხმაში “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა: “თავად ჩაწერეს, თავად დაამონტაჟეს, თავად ადასტურებენ”.

“სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული… ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა”, — განაცხადა მდინარაძემ.

14 სექტემბერს სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაში “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები. ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს… კარგად ვიცით, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

იმავე დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა “მორიგი ცილისწამება და სიცრუეზე დაფუძნებული  გარკვეული მასალები” უწოდა სავარაუდოდ სუს-იდან გაჟონილ მასალებს. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას იხსენებდნენ “ოცნების” მერობის კანდიდატი და დეპუტატები.

14 სექტემბერს “იმედის” ღამის ეთერში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი გუნდი ახსენა.

“მე არ გავაკეთებდი აქცენტს მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე” და მივესალმებოდი გამოძიების დაწყებას და მე ამ გამოძიებისგან ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხს ველოდები”, — თქვა წულუკიანმა.

მან გააკრიტიკა პარტიის “საქართველოსთვის” წევრ კახა ქემოკლიძის განცხადება, რომ “გასაოცარი დანაშაულია ჩადენილი და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”.

“როდესაც რამდენიმე თვე და წელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობ და როდესაც ამ სამსახურის უფროსის მოადგილე შენი თანაგუნდელია და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ვგულისხმობ ბატონ ხოჯევანიშვილს, როდესაც ყველა მათგანის ხელმძღვანელია ბატონი გახარია და იმ დროს მათ შორის ჩემიც იყო… მე რომ ჩუმად ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს. მე ვსვამ კითხვებს და აღმაშფოთებელია ასეთი ზედაპირული საქციელი”, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეორე დღეს, 15 სექტემბერს, ამ ვერსიაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. ღარიბაშვილის თქმით, არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ოპოზიციის გაკეთებულია, თუმცა გამოძიება დაადგენს, ადგილი აქვს ფაბრიკაციას თუ “სხვა უფრო მძიმე დანაშაულს”. პრემიერი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, მეორე მხრივ, არ გამორიცხავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის მონაწილეობას.

“პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, თეორიულად ხომ არ არის გამორიცხული ან შესაძლებელია იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციაზე, მათ შორის, მოსმენების სამსახურთან. სპეკულირება და წინასწარი დასკვნები არ მსურს, ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვის უკავშირდება ტყუილ-მართლის გატანა.

“იქნება ეს გახარია, ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა, ალბათ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და იქნას შესაბამისი ინფორმაცია მოძიებული… დეტალებში მე ვერ შევალ. ერთადერთი, თუ რამე მართალი შეიძლება იყოს იმ ინფორმაციიდან, რომელიც გავრცელდა, ამ ინფორმაციების მოპოვების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც 2 გასაღები იყო ორ ხელში და ორივე გასაღებს აკონტროლებდა ერთი და იგივე ჯგუფის ორი წარმომადგენელი”, — თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ “სამართალდამცველები დაინტერესებიან და გაარკვევენ, სად არის გატანილი ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს მართალი ინფორმაცია”.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც პრემიერმა ახსენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, თუმცა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვა. სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი ისტორია აქვს პარტიის “საქართველოსთვის” წევრ კახაბერ ქემოკლიძეს.

თავად პარტია “საქართველოსთვის”, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში  სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ჩანაწერების ავთენტურობა, მისი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა, ვინც მასში მონაწილეობს. მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც. ეკლესიას კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

გახარიას გუნდი ჩანაწერებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი