ახალი ამბები

ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის  — ფაილები

21 სექტემბერი, 2021 • 5538
ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის  — ფაილები

“მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით, შეარჩიოს შემდგომი პატრიარქობის ღირსეული კანდიდატი და ხელი შეუწყოს მისი გავლენის გაძლიერებას არსებული რესურსის გამოყენებით”.

ეს ციტატა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების იმ ნაწილში იძებნება, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას განიხილავენ.

ფაილებში, რომლებიც “ნეტგაზეთმა” ნახა, ცხადად ჩანს მთავარი — ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში და განსაკუთრებით, ახალი პატრიარქის არჩევაში. გარდა ამისა, დოკუმენტებში დეტალურად არის გაანალიზებული კონკრეტული მღვდელმთავრებისა თუ ჯგუფების გავლენა საპატრიარქოში, მათ შორის, მიმდინარე დაპირისპირებები, სინოდის აქტიური წევრების, უპირველესად “პატრიარქობის კანდიდატების” პოლიტიკური შეხედულებები და ცხოვრების წესი.

ფაილების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ ხელისუფლება ცდილობს, გავლენა მოახდინოს ილია მეორის მემკვიდრის არჩევის პროცესზე და ამისათვის აქტიურად იყენებს სუს-ის რესურსს: უწყებისა, რომელიც უთვალთვალებს და აყურადებს ყველაფერს, უმაღლესი იერარქებისა თუ რიგითი სტიქაროსნების პირადი ცხოვრების დეტალების ჩათვლით.

როგორ აკვირდება/აკონტროლებს სუსი შიდა გადაადგილებებს საპატრიარქოში

ჩვენს მიერ ნანახი ზოგიერთი ფაილი ქრონოლოგიურად დალაგებული არ არის, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩანაწერები 2014-2020 წლებშია მომზადებული.

აღნიშნული მასალები, სავარაუდოდ, უწყების ოპერატიულმა მუშაკებმა მოამზადეს და შეიცავს არამხოლოდ ღია წყაროებში მოცემულ თუ სუს-თან დაახლოებული პირების მიერ გამოტანილ ინფორმაციას, არამედ ამ ინფორმაციის ანალიზსა და პროცესების სამომავლო განვითარების სცენარებს.

2017 წლამდე — ე.წ. ციანიდის საქმის ცნობილ სკანდალამდე — სუს-ის მიერ იდენტიფიცირებული იყო საპატრიარქოში მოქმედი 4 დაჯგუფება, რომელთა რიგებშიც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წარმომადგენლები ერთიანდებოდნენ.

ავტორის სიტყვებით, “ეს ჯგუფები დაკომპლექტდა იმ გავლენიანი ფიგურების ირგვლივ, რომლებიც ჯგუფის რიგით წევრებს დაეხმარნენ მღვდელმთავრის წოდების მიღებაში”.

“შორენა თეთრუაშვილის (პატრიარქის მდივან რეფერენტი) იგივე დიმიტრი შიოლაშვილის ჯგუფი შედგებოდა 12 მღვდელმთავრისგან, მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილის ჯგუფი შედგებოდა 9 მღვდელმთავრისგან, მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას ჯგუფი შედგებოდა 4 წევრისგან და იობი აქიაშვილის ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ასევე 4 წევრისგან. ამას გარდა არსებობდნენ ე.წ. დამოუკიდებელი მღვდელმთავრები (7 კაცი)”, — აღნიშნულია ჩანაწერში.

ამავე მასალებში ხაზგასმულია, რომ “ციანიდის საქმის” შემდეგ ვითარება შეიცვალა, ჯგუფების უმეტესობა “დეზორგანიზდა” და “თუ მანამდე ღიად იკვეთებოდა მღვდელმთავრების მიკუთვნება კონკრეტული ძალების მიმართ, ამჟამად მათი უმეტესი ნაწილი არჩევს ჩრდილში დარჩენას და მოვლენების “კულისებიდან” დაკვირვებას.

ჩანაწერებში დეტალურად არის საუბარი საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე უთანხმოებებზე, რომლებიც, საერთო ჯამში, გავლენას ახდენენ შიდა გადაადგილებებზე.

მაგალითად, შედარებით ძველ ჩანაწერში ნახსენებია “შესაძლო დაპირისპირება” ბოდბელ ეპისკოპოს იაკობსა და პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს შორის, გვიანდელ მასალებში კი აღნიშნულია, რომ თეთრუაშვილს “საერთო შეხედულებებიდან გამომდინარე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილთან და მიტროპოლიტ ანდრია გვაზავასთან. ხსენებული პირები ითვალისწინებენ ერთმანეთის მოსაზრებებს და გარკვეულ საკითხებს წყვეტენ ერთობლივად”.

თეთრუაშვილზე, როგორც გავლენიან ფიგურაზე, არაერთგზის არის საუბარი, განხილულია მისი ურთიერთობები მღვდელმთავრებთან და საუბარია მის მთავარ მიზნებზე, რომლებიც, ავტორის ხედვით, “ძალაუფლების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე” გადის.

“ამჟამად, პატრიარქის მიერ არაოფიციალურად დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე შ. თეთრუაშვილი კურირებს საპატრიარქოს აპარატის ყოველდღიურ საქმიანობას, მისი საქმიანობის შედეგად საპატრიარქოს სხვა ოფიციალურმა სტრუქტურებმა მიიღეს ფორმალური ხასიათი და მათი საქმიანობა სრულიად კონტროლდება შ. თეთრუაშვილის მიერ

შორენა თეთრუაშვილისთვის დამახასიათებელია მისთვის არასასურველ, ან დაპირისპირებულ ადამიანზე ისეთი დავალების მიცემა, ან პროვოცირება ქმედებაზე, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება ამ პიროვნების დისკრედიტაციისთვის.”, — ნათქვამია 2019 წლით დათარიღებულ ჩანაწერში.

ის, რომ სახელმწიფოსთვის საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების მეთვალყურეობისა და კონტროლის გზა მხოლოდ მედია და სხვა ღია წყაროები არ არის, მარტივად დასტურდება ერთ-ერთი ჩანაწერის ბოლოს. კერძოდ, ავტორი დასძენს:

 “მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი მიმართულებებით:

– პირადი კონტაქტების დამყარება მღვდლებთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციის წამყვან პირებთან.

– ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვან პირებზე და მიმდინარე პროცესებზე.

– საპატრიარქოში არსებული ჯგუფების და მათი ინტერესების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

– საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე და ცალკეულ პირებზე გარეშე ძალებისა და ფაქოტების[სავარაუდოდ, იგულისხმება “ფაქტორები”] გავლენის ხასიათის საკითხების და ხერხების შესწავლა-შეფასება.

– ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გავლენის მექანიზმის შექმნა”.

ჩანაწერების თანახმად, აღნიშნულ მექანიზმებს სუსი აქტიურად იყენებს პატრიარქობის სამომავლო კანდიდატთა განსაზღვრის, მათი პოლიტიკური შეხედულებების, “დამყოლობისა თუ სიხისტის”, ცხოვრების წესისა და სხვა დეტალების გამოსარკვევად.

“ბრძოლა პატრიარქობისთვის” — სუსი პროცესის კვალდაკვალ და მისი აქცენტები “ციანიდის საქმემდე”

ცნობები იმის შესახებ, რომ “დაიწყო შემდგომი პატრიარქობისთვის ბრძოლა და ძალთა გადანაწილება”, ჩანაწერებში 2016 წლიდან მრავლდება. ამ წლით დათარიღებული “საიდუმლო ცნობის” ავტორი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირებებზე.

ამ კუთხით აღსანიშნავია ჩანაწერებში მოტანილი დაწვრილებითი ინფორმაცია 2016 წლის დაპირისპირებაზე, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, თეოდორე ჭუაძის ქონების შესახებ ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემაში სტატიის გამოქვეყნებას მოჰყვა. აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით ცნობები იმ პერიოდში მედიაშიც ტრიალებდა.

ჩანაწერის მიხედვით, მაღალ სასულიერო იერარქებში ვნებათაღელვის გამომწვევი სტატიის დამკვეთად ზოგიერთი მღვდელმთავარი პატრიარქის დაცვის იმჟამინდელ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ასახელებდა. ამ უკანასკნელმა ბრალდება უარყო.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, თეოდორე ჭუაძე

აღნიშნული დაპირისპირება ჩანაწერებში ორი სავარაუდო მიზეზით არის ახსნილი: პირველი მიზეზი უკავშირდება იმავე წლის ნოემბერში მღვდელმთავართა ვიზიტს რუსეთში, რომლის დროსაც, ჩანაწერში მოცემული ინფორმაციით, თეოდორე ჭუაძეს პატივისცემით ეპყრობოდნენ მაშინ, როცა სხვა სასულიერო პირებს ყურადღებას არ აქცევდნენ.

მეორე სავარაუდო მიზეზად დასახელებულია იმჟამად საპატრიარქოში გავრცელებული ინფორმაცია “იმის შესახებ, რომ გარკვეულ ჯგუფებში შეთანხმდნენ კიდეც მეუფე თეოდორეს სამომავლო პატრიარქობაზე”.

“სასულიერო პირებს მიაჩნიათ, რომ თეოდორე ჭუაძის შესაძლო გავლენის გაძლიერება გახდა ამ სტატიის გამოქვეყნების მიზეზი. თავად თეოდორე ჭუაძეც იზიარებს ამ მოსაზრებას და ხაზგასმით განმარტავს, რომ მისი კომპრომეტირება მიზნად ისახავს ავტორიტეტის შელახვას, ვინაიდან მოიაზრება მომავალ პატრიარქად, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ამის ამბიცია არ აქვს.

აშკარად შესამჩნევი ხდება, რომ თეოდორე ჭუაძის ავტორიტეტის გაძლიერებას ცალსახად ეწინააღმდეგება ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი”, — ვკითხულობთ ჩანაწერში.

ამავე მასალაში, ავტორი დაწვრილებით განიხილავს დაპირისპირებას პატრიარქის დაცვის იმჟამინდელ უფროსსა და ბოდბელ ეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილს, ასევე, ამ უკანასკნელსა და პატრიარქის ძმისშვილს, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს შორის.

იაკობაშვილი იოსებ ოხანაშვილს იმ პერიოდში ღიად, ამბიონიდანაც დაუპირისპირდა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალი,  რამაც ჩანაწერის ავტორს დამატებითი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

“ზემოხსენებულ მღვდელმთავრებს შორის დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანა შესაძლოა წარმოადგენდეს საპატრიარქოში არსებულ დაჯგუფებებს შორის ძალებისა და გავლენების ახლებურად გადანაწილების წინაპირობას”, — წერს ის.

მთავარეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ზემოხსენებული დაძაბულობის განხილვისას, ავტორი დაპირისპირებულ მხარეებს გამოყოფს, განიხილავს, როგორ შეიძლება განვითარდეს კონფლიქტები სამომავლოდ, შემდეგ კი დასძენს:

“პროცესების სამომავლო განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს ის გარემოება, თუ რომელი მხარე მოიპოვებს ხელისუფლების მხარდაჭერას. აღნიშნულის განხორციელების შემდეგ შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს ზოგიერთი მღვდელმთავრის პოზიცია, ხოლო ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის პოზიციაში მყოფმა სინოდის წევრებმა ღიად დააფიქსირონ თავიანთი შეხედულებები”.

მოცემულ კონტექსტში ავტორს არც შორენა თეთრუაშვილი გამორჩენია. ის აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ პროცესებში პატრიარქის მდივან-რეფერენტი არ ჩანდა, თუმცა “მისი ცბიერი პიროვნებიდან და კულისებს მიღმა მოთამაშე ადამიანის პოზიციიდან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიმდინარე პროცესებში იმალებოდეს შორენა თეთრუაშვილის ინტერესებიც”.

ამ ნაწილში ახსენებენ აწ უკვე დაპატიმრებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძესაც. ავტორი დასძენს, რომ ზემოხსენებული სტატიის შემკვეთად შორენა თეთრუაშვილის წარმოჩენასაც ცდილობდნენ და ამას აკეთებდნენ დიმიტრი შიოლაშვილი — რომელსაც იმ პერიოდში უკვე ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა თეთრუაშვილთან — და “თავისი გავლენის ქვეშ მყოფი სასულიერო პირი, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი მამალაძე”.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი

“აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადამწყვეტ მომენტში დიმიტრი შიოლაშვილმა პატრიარქობის კანდიდატად შესაძლოა წარადგინოს მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, რომელიც დადებითი რეპუტაციით სარგებლობს მღვდელმთავრების დიდ ნაწილში, ახლო ურთიერთობა აქვს იაკობ იაკობიშვილთან და საპატრიარქოში არსებულ სხვა დაჯგუფების წევრებთან”, — დასძენს ავტორი.

ჩანაწერის ბოლოს კი მოცემულია რჩევა ხელისუფლებისადმი, რომლითაც სტატია დავიწყეთ: შეარჩიოს “პატრიარქობის ღირსეული კანდიდატი” და ხელი შეუწყოს მისი გავლენის გაძლიერებას.

სინოდალური მმართველობა, პატრიარქალური მმართველობა, ეკლესიის გაყოფა

ჩანაწერების ავტორები ე.წ. ციანიდის საქმესა (2017) და პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს დანიშვნას საპატრიარქოს დაჯგუფებათა შემადგენლობისა და ძალთა გადანაწილების რადიკალური ცვლილების დასაწყისად მიიჩნევენ.

ისინი ხაზს უსვამენ პეტრე ცაავას “საგრძნობ გააქტიურებასა” და მის დაპირისპირებას შორენა თეთრუაშვილთან, მიაჩნდა რა ზემოხსენებული საქმე თეთრუაშვილის პროვოკაციად.

ასევე საუბარია ერთ დროს გავლენიანი დიმიტრი შიოლაშვილის ჯგუფის “სრულ დეზორგანიზებასა” და თავად სასულიერო პირის “დემორალიზებაზე”, “ციანიდის საქმის” ფონზე მისი შელახული რეპუტაციის გამო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 19.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

“ციანიდის საქმის შემდგომ საკმაოდ გამწვავდა ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის და პატრიარქის ძმისშვილის დიმიტრი შიოლაშვილის დაპირისპირება.

არსებული ინფორმაციით, დიმიტრი შიოლაშვილს, გიორგი მამალაძეს და იოსებ ოხანაშვილს გეგმაში ჰქონდათ იაკობ იაკობიშვილის ქორეპისკოპოსობიდან ჩამოცილება, რა მიზნითაც ცდილობდნენ სინოდის წევრების მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა გ. მამალაძის დაკავების შემდგომ, აშკარად შეიმჩნევა დ.შიოლაშვილის პოზიციების შესუსტება.

ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ გ.მამალაძის დაკავებით მოხდა მისი ავტორიტეტის დაქვეითება, რის გამოც თავს არიდებს სხვა მღვდელმთავრებთან ურთიერთობას. დ.შიოლაშვილი თვლის, რომ გ. მამალაძის დაკავებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ითამაშა”, — ვკითხულობთ ჩანაწერში.

ამავე პერიოდიდან, ჩანაწერებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით  2 სცენარს, რომელსაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ავტორის სიტყვებით, “არსებული ვითარების ანალიზის და დანაყოფში არსებული ინფორმაციების გათვალისწინებით” სახავს. კერძოდ, ავტორის ვარაუდით, შესაძლოა, “პატრიარქობისთვის ბრძოლის” პროცესში მოხდეს სინოდალური,ან პატრიარქალური მმართველობის ჩამოყალიბება და მღვდელმთავართა დაპირისპირება.

სინოდალური მმართველობის მომხრეებად ავტორი, ძირითადად, ასახელებს იმ მიტროპოლიტებს, რომელთაც ე.წ. ლიბერალური ფრთის კატეგორიაში აერთიანებს. მათ შორის არიან აბრაამ გარმელია, გრიგოლ ბერბიჭაშვილი, მთავარეპისკოპოსები მელქისედეკ ხაჩიძე, ზენონ იარაჯული და აწ უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

“ხსენებული პირები ხშირად აფიქსირებენ, რომ უწმინდესს მისი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აღარ შესწევს საპატრიარქოს მართვის უნარი და დამოკიდებული ხდება სხვადასხვა პირების მითითებებზე.

მათი აღნიშნული პოზიცია ეტაპობრივად პოპულარული ხდება სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირებში, რაც გაამყარა `ციანიდის საქმეზე” პატრიარქის ინერტულობამ, — ვკითხულობთ ჩანაწერში.

პატრიარქალური მმართველობის მომხრეებად ჩანაწერში მიჩნეულნი არიან რიგ მიტროპოლიტებსა, მათ შორისა, ანდრია გვაზავა, ისაია ჭანტურია, მთავარეპისკოპოსები — ილარიონ ქიტიაშვილი, ეფრემ გამრეკელიძე, ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი და ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი, რომლებიც, ავტორის სიტყვებით,  “ღიად უპირისპირდებიან “ლიბერალური ფრთის” წარმომადგენლებს”:

“ხსენებული პირები ცალსახად აღნიშნავენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის წინსვლისა და განვითარებისთვის აუცილებელია სათავეში გავლენის და ავტორიტეტის მქონე პიროვნების არსებობა, რომელიც იქნება შუამავალი ეკლესიას, საზოგადოებას და სახელმწიფოს შორის”.

საგულისხმოა, რომ წლიდან წლამდე, ჩანაწერებში მოცემულ სიებში ზოგიერთი სასულიერო პირი ადგილს იცვლის. მაგალითად, 2019 წლის მარტამდე მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი პატრიარქალური მმართველობის მომხრედ მიიჩნეოდა, ამავე წლის ოქტომბრიდან კი მან სინოდალური მმართველობის მხარდამჭერ იერარქთა რიგებში გადაინაცვლა.

ჩანაწერებში საუბარია კიდევ ერთ, “საპატრიარქოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ სამთავროებად გაყოფის” სცენარზე, რომელზეც, ავტორის თანახმად, “სასულიერო წრეებში საუბრობენ”. ჩანაწერში ეს სცენარი “საფრთხედ” და “სახელმწიფოსთვის და ეკლესიისთვის მეტად მძიმე” მიმართულებად არის მოხსენიებული.

ჩანაწერების მიხედვით, ეს მიმართულება წარსულში განიხილებოდა და “საფრთხე” კვლავ გააქტიურდა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის განხილვისას, 2018 წელს, როცა მღვდელმთავრებმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს.

გაყოფის სცენარი ვრცლად მხოლოდ ერთ ჩანაწერშია განხილული. სხვა შემთხვევებში მას ავტორები გაკვრით, ანალიზის გარეშე ახსენებენ.

რა კრიტერიუმებით აფასებს სუსი “პატრიარქობის კანდიდატებს”, აქტიურ მღვდელმთავრებსა და სხვებს

ჩანაწერებში ხაზგასმულია საპატრიარქოს მზარდი გავლენა, რომელსაც ის წლების განმავლობაში იხვეჭდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სხვა პროცესებთან მიმართებით.

ავტორი აღნიშნავს, რომ ინსტიტუცია ხელისუფლებისა თუ პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ თავის დამოკიდებულებას ნეიტრალურად წარმოაჩენს, თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ:

“მართლმადიდებლურ ეკლესიას, ქვეყანაში არსებული მაღალი რეიტინგის, ბოლო პერიოდში დაგროვებული მატერიალური ქონების და მოხვეჭილი ავტორიტეტის გათვალისწინებით, შესწევს უნარი გარკვეული გავლენა იქონიოს, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ასევე გარკვეულ პოლიტიკურ და სახელისუფლებო ჯგუფებზე”.

მასალების მიხედვით, სუსი ყურადღებით აკვირდება, ვინ იკავებს კონკრეტულ პერიოდში პატრიარქობის სამომავლო კანდიდატთა რიგებს და დაწვრილებით ინფორმაციას წარმოადგენს მათ შესახებ.

ილია მეორე – ნათლისღება სამებაში. 19.01.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მაგალითად, 2017 წლით დათარიღებულ ჩანაწერში დასახელებულია 6 კანდიდატურა: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა; ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტი დათუაშვილი დანიელი; ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი; თეოდორე ჭუაძე; ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავით მახარაძე; სენაკის, ჩხოროწყუსა და ავსტრალიის მიტროპოლიტი(შემდგომ მოსაყდრედ დასახელებული) შიო მუჯირი; ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია.

თითოეულის ბიოგრაფიას ახლავს ინფორმაცია ხსენებულ მღვდელმთავართა პიროვნულ თვისებებზე(მაგ.: განათლებული, სამართლიანი, გაწონასწორებული, მოხერხებული, დახვეწილი და ა.შ.)

ამას გარდა, თითოეული მათგანის მონაცემებს თან ახლავს სამი გრაფა: “დადებითი მხარეები”, “უარყოფითი მხარეები”, “დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ”.

სასულიერო პირთა დადებით მხარეებს შორის იხსენიება მაღალი ავტორიტეტი, “სულიერად მდგრადობა”, პატრიოტიზმი, ხელისუფლებისა თუ სხვა რელიგიური დომინაციების წარმომადგენლებთან “ურთიერთობების დალაგების უნარი”.

უარყოფითი მხარეები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია კონკრეტულ მღვდელმთავარზე. ერთ-ერთის შემთხვევაში, ავტორი უარყოფით მხარედ განიხილავს “წარსულში მის ახლო კავშირს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან”. სხვა შემთხვევებში დასახელებულია შორენა თეთრუაშვილის გავლენა, ბიზნეს ინტერესები და პირადი ცხოვრების დეტალები.

ერთ-ერთ მიტროპოლიტს ავტორი ასე ახასიათებს:

“სასულიერო პირისთვის შეუფერებელ საქციელში ჩვენს მიერ შემჩნეული არ ყოფილა, ყურადღებას აქცევს შვილებს, რომლებსაც ეხმარება ფინანსურად, ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა არ გააჩნია”.

ხელისუფლებასთან დამოკიდებულების კონტექსტში, ინტერესის საგანია მმართველი გუნდისადმი ლოიალობის მაჩვენებელი.

“სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესების სასარგებლოდ გაითვალისწინებს ხელისუფლების პოზიციებს და მხარს დაუჭერს მათ”, — ნათქვამია ერთ-ერთ მღვდელმთავარზე.

ამ შემთხვევაშიც, ავტორი პროცესების სამომავლო განვითარებაში კონკრეტული მხარის მიმართ ხელისუფლების მხარდაჭერის დიდ როლზე საუბრობს და აღნიშნავს და დასძენს, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების პოზიცია ცხადი გახდება, შესაძლოა, ზოგიერთმა მღვდელმთავარმა პოზიციები შეიცვალოს.

მღვდელმთავართა პოლიტიკურ შეხედულებებს სხვა ჩანაწერებშიც ჯეროვანი ადგილი უკავია. მაგალითად, არის სია, რომელშიც სასულიერო იერარქები დაჯგუფებულნი არიან 3 კატეგორიაში: ისინი, ვინც 2012 წლის არჩევნებზე მხარს უჭერდა “ნაციონალურ მოძრაობას”; მღვდელმთავრები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” ემხრობოდნენ; ისინი, ვინც ნეიტრალურობა შეინარჩუნეს.

დაკვირვების ობიექტებს შორის მხოლოდ ილია მეორის პოტენციური მემკვიდრეები არ არიან. ფაილებში ასევე ინახება იმ მღვდელმთავრების ბიოგრაფიული და სხვა სახის მონაცემები, რომლებიც ბოლო წლებში, სხვადასხვა ვითარებაში, აქტიურობით გამოირჩევიან, ზოგიერთს კი, სუსის დაკვირვებით, თავად აქვს პატრიარქობის ამბიცია.

მიმოხილულია მათი წარსული და აწმყო, ქმედებები, რომელთა გამოც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ, ავტორიტეტი და ზოგიერთ შემთხვევაში ისიც, სად ატარებენ ძირითად დროს — ეპარქიაში, სახლში თუ სხვაგან.

“მიტროპოლიტი მიდრეკილია ალკოჰოლისკენ, რასაც მოიხმარს სისტემატურად. ნასვამ მდგომარეობაში მეგობრების წრეში ხშირად აფიქსირებს, რომ უყვარს ,,კარგი ცხოვრება” “, — ვკითხულობთ ერთ-ერთ ჩანაწერში.

“დაიწყოს ეკლესიის უღირსი სასულიერო პირებისგან გაწმენდა”

ჩანაწერების ავტორებს იმ ფაქტორთა გამოკვეთაზეც აქვთ ნამუშევარი, რომელთაც ეკლესიის დამაზიანებლად მიიჩნევენ. ერთ-ერთი ფაილის მიხედვით, მათ შორისაა უცხო ქვეყნების გავლენები საპატრიარქოში, კონკრეტულ მღვდელმთავრებზე.

“უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების და რელიგიური ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციების მხრიდან, მათივე მიერ მართვად სასულიერო და საერო პირებზე ზეგავლენა ხელშემწყობია საპატრიარქოში რუსეთის და დასავლეთის პოზიციების გაძლიერების, მათი ინტერესების გატარების, რაც ცალსახად საფრთხის შემცველია საქართველოს ეკლესიის მთლიანობისთვის”, — ვკითხულობთ ჩანაწერში.

პოტენციური დამაზიანებლის კონტექსტშია ნახსენები საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორიული პრინციპით გაყოფის სცენარი, რომელიც, ავტორის ხედვით, “საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს სეპარატიზმის გაღვივებას”.

ამავე ჩანაწერში, საზოგადოებრივი წესრიგისა და რელიგიური შუღლის გაღვივების შესაძლო მიზეზად სახელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფის “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” საქმიანობა.

ჩანაწერის ავტორს ასევე ჰგონია, რომ ეკლესიის შიგნით “არატრადიციული ორიენტაციის სასულიერო პირების ზრდა ცალსახად ნეგატიურად მოქმედებს ეკლესიის და საზოგადოების ზნეობრივ განვითარებაზე”.

დასკვნის სახით, ჩანაწერში აღნიშნულია შემდეგი:

“დანაყოფი, პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე აქტიურად არ ერევა საპატრიარქოს შიდა საქმიანობაში და შემოიფარგლება მიმდინარე პროცესების კონტროლით.

ხსენებულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ეტაპისთვის მუშაობა წარიმართოს ზემოხსენებული პრობლემების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, რათა თავიდან აცილებულ იქნას მასშტაბების ზრდა.

ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპატრიარქოში ხელისუფლებასთან კავშირზე მყოფი სასულიერო პირების შუამავლობით, ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების წარმომამდგენლების მეშვეობით, დაიწყოს ეკლესიის უღირსი სასულიერო პირებისგან გაწმენდა.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულის შედარებით მარტივად განხორციელება შესაძლებელია ახალი პატრიარქის არჩევის, ან სინოდალური მმართველობის შემთხვევაში.”

სავარაუდოდ, სუს-ის ოპერმუშაკები ასევე წერენ, რომ თუმცა საპატრიარქოში დიდი გავლენა აქვს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს. მათი ვარაუდოდ, სუს-ის მიერ დაგეგმილ ქმედებებს შესაძლოა, წინააღმდეგობა სწორედ შორენა თეთრუაშვილმა გაუწიოს, “ვინაიდან თეთრუაშვილს თავისი გავლენის შენარჩუნების და ეკლესიაში პროცესების მართვის მიზნით ხელს აძლევს თავის გარემოცვაში ჰყავდეს კომპრომეტირებული სასულიერო პირები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი