საზოგადოება

”კავკასიური სახლი” ხელმოწერებს აგროვებს

2 აგვისტო, 2010 •
”კავკასიური სახლი” ხელმოწერებს აგროვებს

„კავკასიური სახლის“ წარმომადგენლობასთან ერთად მოქალაქეები შენობისთვის „სმირნოვების მუზეუმის“ სტატუსის მინიჭებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს „კავკასიურ სახლში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორმოცდაათამდე მოქალაქე დაესწრო. დღესვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კულტურული ურთიერთობების ცენტრის მხარდასაჭერადაც.

საქართველოს პრეზიდენტის 14 ივლისის განკარგულების მიხედვით, ,„კავკასიური სახლის“ ბაზაზე „სმირნოვების მუზეუმი“ შეიქმნება.  „კავკასიურ სახლს“ ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ არ მიუღია. მათ კითხვებს არც კულტურის სამინისიტრო პასუხობს.

„ეს შეხვედრა საზოგადოებამ მოითხოვა. ვეღარ ავუდივართ მოქალაქეების მოსვლას, ამდენ რეკვასა და კითხვებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან. ამ შეხვედრით შევეცადეთ განგვემარტა მათთვის, რა ხდება“, – ამბობს „კავკასიური სახლის“ დირექტორი ნაირა გელაშვილი.

ნაირა გელაშვილის თქმით, „კავკასიური სახლისთვის“ შენობის ჩამორთმევა ლოკალურ პრობლემას არ წარმოადგენს. „ეს არის მართლა საჯარო სახლი, კავკასიელთა დიალოგისა და შეხვედრების სახლი“, – განმარტავს იგი.  

„კავკასიური სახლის“ დახურვის მიზანშეუწონლობას მამუკა არეშიძეც ეხმაურება. „წლების მანძილზე „კავკასიური სახლი“ რეგიონულ პოლიტიკას სერიოზულად ეწეოდა. მე ვიცი, რომ რუსებს ამ სახლის არსებობა საქართველოში ყოველთვის სერიოზულად აშფოთებდა. ახლა კი, აშკარად, ვიღაც ძალიან ცდილობს მათ ასიამოვნოს“, – ამბობს მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში.  

ექსპერტს მიაჩნია, რომ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ევროპულ ფონდ  „ჰორაიზონს“ შორის 1998 წელს დაიდო, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, გეგმის განსახორციელებლად, ხელისშემშლელი პირობა არ იქნება.  .

ხელშრკრულების მიხედვით, ევროპულმა ფონდმა „ჰორაიზონმა“ შენობის რესტავრაცია იმ პირობით უზრუნველყო, რომ მასში „კავკასიური სახლი“ განთავსდებოდა. ხოლო  შენობაში სხვა ორგანიზაციის განთავსების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, ფონდს რესტავრაციაში გადახდილი თანხა დაუბრუნოს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

„ეს სამართლებრივი საქმეა. თუ სადაო გახდა ეს ყველაფერი, საკითხს ჰააგის სასამართლო განიხილავს“, – ამბობს „კავკასიური სახლის“ დირექტორი.

ნაირა გელაშვილის თქმით, საზოგადოებაში „კავკასიური სახლის“ მხარდამჭერთა დარბაზი უნდა შეიქმნას. ის აცხადებს, რომ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ „კავკასიური სახლი“ იმავე შენობაში უნდა დარჩეს, სადაც ახლაა, ის ღონისძიებებია, რომლებსაც კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი წლების განმავლობაში ახორციელებს.

„ჩვენი პროგრამები ამ შენობასთანაა ადაპტირებული. ათი წელია უკვე, რაც ჩვენთან დევნილი და სოცილაურად დაუცველი ბავშვებისთვის  სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ბავშვებს სულიერი რეაბილიტაციის საშუალება ეძლევათ“, – ამბობს ნაირა გელაშვილი.

პროგრამა, რომელსაც ასევე ევროპული ფონდი „ჰორაიზონი“ ახორციელებს, დევნილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ნახევარწლიან საგანმანათლებლო–კულტურულ სწავლებებს სთავაზობს.

„ახლაც, დაახლოებით 25–27 ბავშვი ფშავში წავიყვანეთ დასასვნებელად. მთელი წლის განმავლობაში ეს ბავშვები სხვადასხვა პროგრამებით არიან უზრუნველყოფილნი. შენობაში არსებობს ძალიან კარგი კაფე, სადაც მათ კვებას ვზრუნველვყოფთ. დაგვყავს ექსკურსიებზე, ოპერასა და თეატრებში. გვაქვს ასევე სტუდია, სადაც ბავშვები ფილმებს იღებენ“, – ამბობს ნაირა გელაშვილი.

„ჰორაიზონმა“, რომელიც „კავკასიურ სახლში“ ამ და სხვა პროგრამებს აფინანსებს, შენობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა. თუმცა, როგორც „კაკვასიურ სახლში“ აცხადებენ, – უშედეგოდ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი