ახალი ამბები

პრეზიდენტი კულტურის მინისტრის პორტფელის გაუქმებას ემხრობა

7 სექტემბერი, 2024 •
პრეზიდენტი კულტურის მინისტრის პორტფელის გაუქმებას ემხრობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კულტურის სამინისტროს ამ ფორმით არსებობას დრომოჭმულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ უწყებას დაქვემდებარებული ინსტიტუტები დამოუკიდებლად უფრო ეფექტურად იმუშავებს.

კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „მე-17 სართულზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ქართული კულტურის პოლიტიკა იმავე დღეშია, რაც ქვეყანა , რომელსაც მისი ხელისუფლება ევროპის კართან ბლოკავს. მინისტრი თეა წულუკიანი, ზურაბიშვილის შეფასებით, მხოლოდ სიმბოლოა კულტურის სფეროში არსებული პრობლემების.

„თუ ქვეყანა არ გადარჩება, მაშინ არც კულტურა გადარჩება. თუმცა შეიძლება, რაღაც ფორმით იარსებოს. კულტურა ყოველთვის იყო ის, რაც ყველაფრის მიუხედავად ცოცხლობდა. პირველი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენა, რაც 26 ოქტომბერს გადაწყდება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, კულტურის რეფორმაზე ყველა პარტიას თავისი ინიციატივები ექნება:

„მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების და სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის, ფონდებისთვის მეტი შესაძლებლობების და დაფინანსების მიცემის. ამ საკითხს სჭირდება შესწავლა. მე მგონია, თანამედროვეობა ამას მოითხოვს და არა იმ ძველ ფორმებს, როცა ერთი სამინისტროს ცდილობს, ყველაფერი [დაიქვემდებაროს]. ძეგლთა დაცვის სააგენტო ბევრად კარგად მუშაობდა ცალკე, ვიდრე ახლა. ცალკე სააგენტოს თავის თავზე არის პასუხისმგებელი ბიუჯეტური დახმარება საჭიროა, მაგრამ ასევე შეიძლება მოიპოვონ ცალკე დაფინანსება, კერძო სექტორი იყოს ჩართული“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ემხრობა მეცენატის კანონმდებლობის მიღებას, რომ „იყოს გამჭვირვალობა, იარა ისეთი მეცენატობა, რომელიც გაგვივლია“.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ურბანული კოლაფსის შეჩერების საჭიროებაზე. მისი აზრით, ბახმაროში ახალი მშენებლობა უნდა შეჩერდეს და საჭიროების შემთხვევაში, გაიცეს კომპენსაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი