საზოგადოება

როგორ დაეხმარნენ წყალდიდობებში გამოცდილი პრაღის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისს

24 ივნისი, 2015 •
როგორ დაეხმარნენ წყალდიდობებში გამოცდილი პრაღის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისს

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ვიტ ლუკაში ამბობს, რომ მოკლე დროის მიუხედავად, მათთმა ჯგუფმა ქართველი კოლეგებისათვის მცირედი დახმარების გაწევა მაინც შეძლეს და ერთმანეთთან მომავალში აქტიურ თანამშრომლობასაც აპირებენ.

ვიტ ლუკაში თბილისის ზოოპარკში გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის დროს, ივნისი, 2015წ. ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან
ვიტ ლუკაში თბილისის ზოოპარკში გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის დროს, ივნისი, 2015წ. ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან

“ჩვენ მაშველებს ძირითადად მკვდარი ცხოველების მოძებნაში დავეხმარეთ. ტალახიდან ამოვათრიეთ რამდენიმე დათვი, ლომი, იაგუარი, ბაბუინი, გიბონი და ჩიტების რამდენი სახეობა. მუშაობა საკმაოდ გაგვიძნელდა, ტალახი დაახლოებით 70 სმ.-მდე იყო. სწორედ აქ გამოგვადგა ჩვენი ტალახთან გამკლავების გამოცდილება. ტალახში მოძრაობა ძალიან ძნელდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მძიმე ცხოველების ამოთრევაა საჭირო. ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ზოოლოგი ფრინველების სპეციალისტია, მან პატარა პინგვინი, რომელიც ავტომანქანის ზეთში იყო ამოსვრილი, გაასუფთავა და ვოლიერს დაუბრუნა. ასევე გავათავისუფლეთ გადარჩენილ ცხოველებამდე მისასვლელი გზებიც,” – ამბობს ვიტ ლუკაში. ის 2002 და 2013 წლების წყალდიდობების დროს პრაღის ზოოპარკში მუშაობდა და მონაწილეობას იღებდა ზოოპარკის ევაკუაციასა და შემდგომ განახლებაში.


ლუკაში კრიტიკულად აფასებს შექმნილ ვითარებას და ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ზოოპარკში მუშაობენ – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოოპარკმა დიდი მატერიალური დანაკარგი განიცადა.

“მათ მეგობრები დაკარგეს. ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად მუშაობდნენ ყოველდღე. ვიმედოვნებ, რომ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მცირედი ფსიქოლოგიური დახმარებაც გავუწიეთ ჩვენს კოლეგებს. წყალდიდობა სამუდამოდ დაილექება მათ გონებაში. როდესაც გადარჩენილი ცხოველები დავათვალიერეთ, დავინახეთ, როგორი მოვლილები არიან ისინი. ცხადია, რომ ეს ადამიანები ზრუნავდნენ ამ ცხოველებზე და უყვართ საკუთარი ბინადრები,”- ამბობს ლუკაში.

 

ჩეხი ზოოლოგის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ ზოოპარკი ძველ ადგილას აღარ აღდგება და ცხოველებისათვის უფრო მშვიდი და შესაფერისი ადგილი მოიძებნება. მომავალი საფრთხეების ასაცილებლად და მათთან გასამკლავებლად კი, ლუკაშის აზრით, აუცილებელია სტრატეგიის წინასწარ შემუშავება.

“ამგვარი სიძლიერის წყალმოვარდნა, რა თქმა უნდა, კატასტროფულ შედეგებს იწვევს. ჩემი აზრით, ზოოპარკის ყველაზე მეტად დაზიანებული ნაწილი აღარ უნდა აღდგეს, რადგას ის უკვე საფრთხის შემცველი ზონაა. მილი, რომელიც ზოოპარკს მიუყვება, შეუსაბამოა და აქ კიდევ შეიძლება განმეორდეს მსგავსი წყალდიდობა. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ზოოპარკი უფრო მშვიდ ადგილას გადაეტანათ. კარგი იქნება, თუ ზოოპარკს ექნება კრიზისთან გასამკლავებელი სწრაფი გეგმა და შემდეგ მას მიჰყვება ფეხდაფეხ. 2002 წელს ჩვენმა ზოოპარკმა გადაწყვიტა შეეცვალა დაზიანებული ნაწილი ახალი ტერიტორიით, რასაც წლები დასჭირდა, თუმცა შედეგი ამად ღირდა,”- აცხადებს ვიტ ლუკაში.

პრაღის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისელ კოლეგებს გაწმენდით სამუშაოებში ეხმარებიან, ივნისი, 2015წ. ფოტო ვიტ ლუკაშის ფეისბუკის გვერდიდან
პრაღის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისელ კოლეგებს გაწმენდით სამუშაოებში ეხმარებიან, ივნისი, 2015წ. ფოტო ვიტ ლუკაშის ფეისბუკის გვერდიდან

პრაღის ზოოპარკში წყალდიდობა პირველად 2002 წელს მოხდა. იმჟამად ზოოპარკი სტიქიასთან გასამკლავებლად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ქალაქი გაფრთხილებული იყო, რომ მდინარე ვლტავას წყლის დონე აიწევდა, თუმცა წყალდიდობას არავინ ელოდა. ზოოპარკში ევაუკაციის დროს 1000-ზე მეტი ცხოველის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ დაიღუპა დაახლოებით 80 ეგზოტიკური ჯიშის ფრინველი, ზოოპარკის სახე – ცნობილი გორილა პონგი და სელაპი სახელად გასტონი. გასტონმა 5 დღე იცურა და მისი დაჭერა დრეზდენში, გერმანიაში შეძლეს. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ცხოველი პრაღაში გადმოყვანისას გზაში დაიღუპა. ზოოპარკის თანამშრომლებს 35 წლის სპილოს მოკვლა მოუხდათ, რადგან მის ზოოპარკიდან გამოყვანას ვერ ახერხებდნენ და ცხოველის დახრჩობის ყურებას მისი უცაბედი სიკვდილი ამჯობინეს. მოკლეს ასევე ჰიპოპოტამი, რომელიც აგრესიული იყო და ხალხისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. ამ წელს პრაღაში წყალდიდობის გამო 17 ადამიანი გარდაიცვალა.

“2002 წლის წყალდიდობამ საკმარისი გამოცდილება მოგვცა იმისათვის, რომ 2013 წელს მომზადებულები შევხვედროდით. 2013 წელს გვქონდა სასწრაფო დახმარებისა და ცხოველების ევაკუაციის გეგმა. ტრანკვილიზატორების დახმარებით დავაძინეთ მტაცებელი ცხოველები. ასევე, შევიმუშავეთ განახლებითი სამუშაოების ჩატარების განრიგი. სრულ სტაბილიზაციას 6 თვეში მივაღწიეთ. ამის შემდეგ გავხსენით დაზიანებული არე ვიზიტორებისათვის,”- ამბობს ვიტ ლუკაში.


ლუკაშს ახლა რაიმე სახის რჩევის მიცემა ქართული მხარისათვის უჭირს, თუმცა პრაღის ზოოპარკის სახელით სრულ მზადყოფნას გამოთქვამს დასახმარებლად და ამბობს, რომ განახლებამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

პრაღის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისელ კოლეგებს გაწმენდით სამუშაოებში ეხმარებიან, ივნისი, 2015წ. ფოტო ვიტ ლუკაშის ფეისბუკის გვერდიდან
პრაღის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისელ კოლეგებს გაწმენდით სამუშაოებში ეხმარებიან, ივნისი, 2015წ. ფოტო ვიტ ლუკაშის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი