საზოგადოება

ბავშვთა თვითნებური მასაჟები და ვარჯიშები კონტროლის მიღმა

12 ივნისი, 2015 • • 4591
ბავშვთა თვითნებური მასაჟები და ვარჯიშები კონტროლის მიღმა

აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო მედიაც, მათ შორის BBC გამოეხმაურა. თუმცა, სად იყო ვიდეო გადაღებული და რა ენაზე საუბრობდნენ მასში ადამიანები, საერთაშორისო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტორში აცხადებენ, რომ ზუსტი პასუხი, რამდენად საშიშია მსგავსი მეთოდით ბავშვების ვარჯიში მათი ჯანმრთელობისთვის, არ აქვთ, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ ბავშვის ოჯახთან დაკავშირება მაინც სცადეს.

 

“ვინც თავდაპირველად ეს ვიდეო გაავრცელა, სახელი და გვარი არ ჰქონდა მითითებული და, შესაბამისად, ვერ მოხდა იდენტიფიცირება. პირადად მივწერე, რომ მშობელთან გასაუბრება მინდოდა, მაინტერესებდა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, თუ რატომ მიმართეს ვარჯიშის ამ ტიპს და ხომ არ შეეძლო ჯანდაცვის სამინისტროს რამეთი დახმარებოდა მათ. სამწუხაროდ, აღარ გამოგვეხმაურნენ. ვიდეოც წაშალეს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ნუცა ოდიშარია, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

 

ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბავშვის მშობელთა ძებნის მიზნით შსს-სთვის არ მიუმართავთ, ვინაიდან ვიდეომასალაში არ ჩანს, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

ნეტგაზეთმა იპოვა სხვა მშობელი, რომელიც ზუსტად ასეთ ვარჯიშებს თავად უკეთებს შვილს, თუმცა ამ ვარჯიშების ამსახველ ვიდეომასალას საჯაროდ არ ათავსებს – “ვიცი, რომ საზოგადოებას დადებითი რეაქცია არ ექნება”.

 

“2 წლის წინ, გამოვიყვანე თუ არა შვილი სამშობიაროდან, მაშინვე სპეციალისტს მივმართე, ვინც ე.წ. მაუგლის მეთოდით ბავშვებს ავარჯიშებს. 17 ვარჯიში ჩაუტარა. მერე მეც ვისწავლე და ახლა დამოუკდებელად ვავარჯიშებ. წყლის მასაჟებსაც ვუკეთებ. პირველად, როცა ჩემმა ქმარმა ნახა ეს ვარჯიშები, გული წაუვიდა. ამიტომ მესმის ნეგატიური რეაქციების, შეიძლება ვინმესთვის რთული იყოს ამის ყურება”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მშობელი.

 

ბავშვის დედა ამბობს, რომ ამ ვარჯიშების წყალობით ბავშვი გაკაჟებულია და “არასდროს გაციებულა”.

 

“ე.წ. მაუგლის მეთოდის შესახებ პირველად 14 წლის წინ შევიტყვე, როდესაც ჩემი მომაკვდავი დისშვილი საავამდყოფოდან ფაქტობრივად მოვიპარეთ და მაშინ საქართველოში მოღვაწე ექიმ რეაბილიტოლოგთან, ქეთევან მერებაშვილთან მივიყვანეთ. მისი ვარჯიშების წყალობით ბავშვი იმავე დღეს ფეხზე დადგა. ახლა სრულიად ჯანმრთელია”.

 

საქართველოში 1990-იანი წლების ბოლოს გამაჯანსაღებელი ცენტრის “მაუგლის” დამფუძნებელი, ექიმი- რეაბილიტოლოგი ქეთევან მერებაშვილი ამჟამად სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.

 

“როდესაც მომაკვდავი ბავშვი მოყავთ, ფერებას ვერ დაუწყებ, საჭიროა მკვეთრი მოძრაობები. თუმცა, რაც შეეხება ჩვეულებრივ ვარჯიშებს, ვარჯიშების კომპლექსს, განსაკუთრებით წყლის ვარჯიშებს, ეს ბაშვისთვის დიდი სიამოვნება უნდა იყოს. თბილი წყალი სისხლძარღვებს აფართოებს, სპაზმს ხსნის. როგორც კი ტირილს იწყებს ბავშვი, მაშინვე უნდა ამოიყვანო წყლიდან, რომ არ შეიძულოს ის. იმ ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ცოტა შეურაცხყოფილი დავრჩი, როგორც ამ მეთოდის შემომტანი საქართველოში. ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მშობელს, რომ სწორი მეთოდებით მოხდეს მასაჟები”, – ამბობს ექიმი-რეაბილიტოლოგი.

 

ე.წ. მაუგლის მეთოდის გამოყენების შესახებ რეგულირების სააგენტოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ ასეთი სერვისი მიმწოდებელი ოფიციალურად საქართველოში დღესდღეობით დარეგისტრებული არ არის, თუმცა, თუ ვინმეს ამ სერვისის მიწოდების სურვილი აქვს, ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილების გახსნის შემთხვევაში, მისი გახსნა შესაძლებელია.

 

“თუმცა ეს ის თემაა, რომელზეც უნდა მივმართოთ სპორტული მედიცინის სპეციალისტებსა და პედიატრებს”,- ამბობს ნათია ნოღაიდელი.

 

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ყველანაირი მასაჟის ჩატარება კანონმდებლობით რეგულირდება, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რომ სახლის პირობებში ჩატარებული მასაჟების შეფასება ან კონტროლი მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ოპტიმალური გამოსავალია საზოგადოების ინფორმირებულობა, რომ არც ერთი ტიპის მასაჟი თვითნებურად არ დაიწყონ.

 

“ნებისმიერი მასაჟი სამკურნალო პროცესის ნაწილია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ის ექიმის მიერ დაინიშნოს. ეს არ ეხება მხოლოდ ბავშვებს”, – ამბობს ნათია ნოღაიდელი, ჯანდაცვის სამინისტროს საექიმო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ნეტგაზეთთან საუბარში.  

 

დღესდღეობით საქართველოში კანონმდებლობა არეგულირებს იმ პროფესიებს, ვისაც ამ მომსახურების მიწოდება შეუძლია. კერძოდ, ნებადართულია, რომ მასაჟის სირთულიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ის ან პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტმა – მასაჟისტმა ჩაატაროს, ან უმაღლესი განათლების მქონე [მაგალითად, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი] სპეციალისტმა.

 

“კანონმდებლობით ერთი ცნების ქვეშაა ყველანაირი მასაჟი – იგივე გახდომის პროცედურები, რელაქსაციური, ვინაიდან ეს ყველაფერი განიხილება ადამიანის ჯანმრთელობის ჭრილში”, – ამბობს ნოღაიდელი.

 

ორივე შემთხვევაში, ნებისმიერი ასეთი პროცედურის წინ, პაციენტს შეუძლია მასაჟის სპეციალისტს არა სერტიფიკატი, არამედ ავტორიზებული სასწავლებლის დიპლომი მოსთხოვოს.

 

“თუმცა პრაქტიკულად შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან რაიმე მონიტორინგი არსებობდეს. თუ გარკვეული მოლაპარაკებით მიდის მასაჟისტი სახლში, არაორგანიზებულად ხდება სერვისის მიწოდება, რეგულირების ბერკეტი არ გვაქვს, თუკი გარკვეული პრეტენზიით მშობელმა ან სხვა პირმა არ მიაკითხა რეგულირების სააგენტოს ან სასამართლოს”.

 

ფოტო: babycenter.com
ფოტო: babycenter.com

მასალების გადაბეჭდვის წესი