საზოგადოება

დაიცავი დაუცველი – უსახლკარო ცხოველთა დღე თბილისში საპროტესტო მსვლელობით აღინიშნა [ფოტო/ვიდეო]

5 აპრილი, 2015 •
დაიცავი დაუცველი – უსახლკარო ცხოველთა დღე თბილისში საპროტესტო მსვლელობით აღინიშნა [ფოტო/ვიდეო]

უსახლკარო ცხოველთა დღეს აქციები გაიმართა ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. თბილისში შეკრებილ ცხოველთა დამცველებს გორიდან 80-მდე ადამიანი შეუერთდა და მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა.

რუსთაველის მეტროსთან აქციის დაანონსებულ დროზე უფრო ადრე ცხოველთა მოყვარულები ბანერებით, ბუშტებითა და სხვადასხვა ატრიბუტებით მივიდნენ. მათ უსახლკარო ცხოველებისთვის საკვებიც შეაგროვეს. პრეზიდენტის რეზიდენციამდე ისინი თბილისის საკრებულოსთან შეჩერდნენ. მსვლელობისას აქციის მონაწილეები მხოლოდ თავისუფლების მოედანთან შეფერხდნენ; ავტომობილების მძღოლები ფეხით მოსიარულეთა ნაკადს და ცხოველებს გზის მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პრეზიდენტის რეზიდენციამდე სამართალდამცველები გზაზე მოძრაობის წესებს არ არეგულირებდნენ.

 

 

მეტისი ბუბუ. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე
მეტისი ბუბუ. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე

ცხოველების უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პეტიციით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს, რათა შეაჩერონ თბილისის საკრებულოში მომზადებული ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის დადგენილების პროექტის მიღება.

ისინი მიიჩნევენ, რომ პროექტის მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ცხოველთა მოყვარულები ამბობენ, რომ იქ არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია) და მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას.

კოკერსპანიელი მარკო. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე
კოკერსპანიელი მარკო. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე

“კანონი, პირველყოვლისა, არ უნდა იძლეოდეს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი, არააგრესიული ცხოველი, ერთმნიშვნელოვნად უნდა დასტერილდეს ან გაჩუქდეს ან დაბრუნდეს იმავე ტერიტორიაზე, სადაც ის იყო. მეორე, რაც მე არ მომწონს, თავშესაფრიდან გასული მეტისი უნდა დასტერილდეს და ჯიშიანი – არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯიშიანების გამრავლება არ კონტროლდება. ესე იგი, პოპულაციის მართვა არ ხდება და გამრავლება მიდის ისევ ისე, როგორც არის,” – აცხადებს ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, თინა ჭავჭანიძე.

ის მიიჩნევს, რომ თავშესაფრებში არაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ეს არც ახალ პროექტშია გაწერილი. ჭავჭანიძის თქმით, “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” არაგამჭვირვალედ მუშაობს და სააგენტოს წარმომადგენლები ცხოველთა მოყვარულების შეტყობინებებს არ პასუხობენ. ცხოველთა დამცველი ითხოვს, რომ სააგენტოს ფუნქციონირება აეწყოს ისე, რომ არ იყოს საჭირო პირადი ნაცნობობა, შეხვედრები და ნეპოტიზმი.

ცხოველთა დამცველების საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის მეტროდან პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ცხოველთა დამცველების საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის მეტროდან პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე

კანონპრიექტის მიხედვით, პატრონიანი ძაღლების გასტერილების ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ მეტისებზე, რასაც ცხოველთა დამცველები არასწორად მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ არ არსებობს ცხოველების სასაფლაო და კრემატორიუმი, ხოლო ცხოველთა ჩიპირება GPS მონიტორინგის გარეშე არაეფექტურია. პროექტის მიხედვით, ცხოველს, რომელიც თავშესაფრიდან 10 დღეში ვერ გაჩუქდება, ევთანაზია ემუქრება, რასაც აქციაზე შეკრებილი ადამიანები გულგრილ დამოკიდებულებად აფასებენ.

სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვახტანგ მამალაძე ამბობს, რომ ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაცია უფრო ჰუმანური მეთოდებით უნდა მოხდეს:

“ძველ პროექტში გამოყოფილი იყო პრიორიტეტი, რომ ცხოველი, რომელიც არის მუნიციპალურ თავშესაფარში, მეათე დღეს აუცილებლად უნდა დაეძინებინათ. ახალ ვერსიაში ეს გაურკვეველია. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი უფრო პრიორიტეტულია: სტერილიზაცია-კასტრაცია, თუ ევთანაზია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ საერთოდ პოპულაციური მართვა არ ითვალისწინებს მხოლოდ ევთანაზიას. ეს უნდა მოხდეს ჰუმანური მეთოდებით, ევთანაზია-კასტრაციის გზით.”

ჰასკი ვულფი. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ჰასკი ვულფი. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე

პროექტის მიხედვით, ძაღლების გასეირნება ნებადართულია 08:00-დან 22:00 საათამდე. ცხოველთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება დედაენის ბაღზე. აქციის მონაწილეთა თქმით, მხოლოდ დედაენის ბაღი ერთდროულად დიდი რაოდენობით ცხოველს ვერ დაიტევს. ისინი ამბობენ, რომ ცხოველებისთვის არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე და მათი ფიზიკური აქტივობებისთვის გამოყოფილი დრო მოუხერხებელია. მათი თქმით, დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები და ქუჩაში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის.

ცხოველთა უფლებების დამცველები მოითხოვენ, რომ კანონით აიკრძალოს ცხოველების ქუჩაში მოკვდინება და სააგენტოს ბიუჯეტიდან უფრო დიდი თანხები გამოიყოს ცხოველების მოვლა-პატრონობისა და სათანადო სანიტარული პირობების უზრუნველსაყოფად. ისინი მოითხოვენ თავშესაფრიდან გასული ყველა ძაღლის უსასყიდლოდ გასტერილებას სააგენტოს მიერ და ყველა გასტერილებული/კასტრირებული ძაღლის დაბრუნებას ბინადრობის პირვანდელ ტერიტორიაზე.

 

ცხოველთა მოყვარულები და მათი ოთხფეხა მეგობრები თბილისის საკრებულოსთან. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ცხოველთა მოყვარულები და მათი ოთხფეხა მეგობრები თბილისის საკრებულოსთან. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე

აქციაზე შეკრებილი ადამიანები მოითხოვენ, ზუსტად განისაზღვროს აგრესიის ტესტი და უპატრონო ცხოველების რაოდენობის დათვლისა და “ზედმეტი ცხოველების” გამოვლენის მეთოდიკა. ასევე, ზუსტად განისაზღვროს, რა შემთხვევაშია დასაშვები შპრიცსასროლი იარაღის გამოყენება. ფასიანი რეგისტრაციის დაწესების შემთხვევაში, დაზუსტდეს, რაში დაიხარჯება ეს ფული. მათი თქმით, დაკბენაზე პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს პატრონს და არა ძაღლს. ისინი ითხოვენ, რომ ჩატარდეს ახსნა-განმარტებითი ღონისძიებები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ასევე ცხოველების და მათი პატრონების მიმართ ტოლერანტობის გაზრდის მიზნით.

 

კავკასიური ნაგაზი, სახელად, ბადი. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე
კავკასიური ნაგაზი ბადი. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე

“ამ ამინდის მიუხედავად რომ ამდენი ადამიანი მოვიდა, მე მეძლევა ძალა და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.” – ამბობს ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის წევრი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თიკო კვალიაშვილი.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნებითა და საერთო მიზნით წელს პირველად გაერთიანდნენ ცხოველების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები: „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, „ჰუმანიმალი“, „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ , „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“, „ცხოველთა ადვოკატირების ცენტრი“, „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, “ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია” და “უტყუარი მეგობარი”.

 

ჩინური ქოჩორა, სახელად, ოლიკა. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ჩინური ქოჩორა, სახელად, ოლიკა. 04.04.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე

 

რუსთაველის მეტროსთან შეკრებილ ცხოველთა დამცველებს შორის იყვნენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის წარმომადგენლებიც. თუმცა, ელიზბარაშვილის თქმით, ისინი მხოლოდ უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა აქციის ორგანიზატორების პროტესტი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ.

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად ასობით ადამიანის პროტესტისა ახალი კანონპროექტის მიმართ, უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს მუნიციპალურ თავშესაფარშიც. სააგენტოსა და თავშესაფრის თანამშრომლებმა ცხოველებთან მუშაობის პროცესის ფოტოგამოფენა მოაწყვეს. მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხოველთა უფლებადამცველების რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე გათვალისწინებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი