ევროპის გარემოს სააგენტომ 2015 წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ ინტენსიური მიწათმოქმედება, ურბანიზაცია და შიდა წყლების სისტემის დაუცველობა ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.
2011 წლის მონაცემებით, 400 000 -ზე მეტი ადამიანის ნაადრევი სიკვდილი, სავარაუდოდ, ტოქსიკური გამონაბოლქვის გაზრდამ გამოიწვია.
სააგენტოს შეფასებით, მიუხედავად გარკვეული წარმატებული მცდელობებისა, ზოგადი სურათი საგანგაშოა, რადგან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ ერთიანი მიდგომა გარემოსდაცვითი პრობლემებს მოსაგვარებლად.
ათწლეულია, რაც ევროკავშირის მთავრობა ახალისებს დიზელზე მომუშავე ავტომობილებს სახარბიელო საგადასახადო სისტემის დაწესებით. ამ პოლიტიკის მიზანი იყო სითბური აირების გამოყოფის შემცირება, რადგან დიზელზე მომუშავე ძრავები ნაკლებ საწვავს მოხმარს, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები.
თუმცა ამ პოლიტკის ნაკლი ისაა, რომ დიზელზე მომუშავე ავტომობილები უფრო მეტად აბინძურებენ ჰაერს, რადგამ გამოყოფენ აზოტის დიოქსიდებს, ვიდრე ბენზინზე მომუშვაე ავტომობილები, რაც განსაკუთრებით აზიანებს მოწყვლად ჯგუფებს- ბავშვებსა და მოხუცებს.
გარდიანის ცნობით, ევროპის მასშტაბით ყველაზე მძიმე მდგომარეობა გარემოს დაბინძურების კუთხით დიდ ბრიტანეთშია. ლონდონი, ბირმინგემი და ლიდსი არიან იმ ქალაქთა შორის, სადაც ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია.
“კინგსის კოლეჯის“ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აზოტის დიოქსიდის დონე ლონდონში, ოქსფორდის ქუჩაზე, ყველაზე მაღალია მთელ მსოფლიოში.
ბრიტანეთმა ევროკავშირის მიერ აზოტის დიოქსიდის დასაშვები ლიმიტის ზღვარს 2010 წელს გადააჭარბა. ამის გამო ევროპის კომისიამ და გარემოს დამცველებმა სამართლებივი ნაბიჯები გადადგეს ბრიტანეთის წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებს ბრიტანეთისთვის 300 მილიონი ფუნტის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას.
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტომ 2014 წლის აგვისტოში მონიტორინგი ჩაატარა. სხვადასხვა ნივთიერების შემცველობა წარმოდგენილია მილიგრამი კუბურ მეტრზე.
თბილისის სამ ქუჩაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, რომ აზოტისა და გოგირდის დიოქსიდებისა და ოზონის დაფიქსირებული მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციები არ აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.
ზღვრულად დასაშვებ მაქსიმალურ კონცენტრაციას არ აღემატებოდა ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციაც მოსკოვის გამზირზე. ნახშირჟანგის ერთჯერადმა მაქსიმალურმა კონცენტრაციამ კვინიტაძის ქუჩაზე შეადგინა 1,8 ზდკ, წერეთლის გამზირზე კი – 1.2 ზდკ, ხოლო მტვრის მაქსიმალურმა ერთჯერადმა კონცენტრაციამ კვინიტაძის ქ–ზე შეადგინა 3.0 ზდკ.
ქუთაისში წარმოებულ კვლევის შედეგებში წერია, რომ ჰაერში მხოლოდ მტვრის მაქსიმალურმა ერთჯერადმა კონცენტრაციამ შეადგინა 2,6 ზდკ, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების: ნახშირჟანგის, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდებისა და აზოტის ოქსიდის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია.
რაც შეეხება ზესტაფონს, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ასევე ნახშირჟანგის დაფიქსირებული მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციები არ აღემატებოდა ზღვრულ ნორმას. მტვრის მაქსიმალურმა ერთჯერადმა კონცენტრაციამ შეადგინა 2 ზდკ, ხოლო მანგანუმის დიოქსიდის მაქსიმალურმა ერთჯერადმა კონცენტრაციამ – 1,7 ზდკ.
ამავე კვლევაში წარმოდგენილია წყლის მონიტორინგიც, სადაც ჩანს, რომ მდინარე რიონში ამონიუმის იონის და რკინის კონცენტრაციები აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობებს. სხვა განსაზღვრული კომპონენტების რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყო. ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე მეტი მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა აჭარის რამდენიმე მდინარეშიც. რაც შეეხება თბილისს, ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას გადააჭარბა ამონიუმის აზოტმა ლისისა და კუს ტბებში, ასევე მომატებული სულფატების რაოდენობა დაფიქსირდა კუს ტბაში.