საზოგადოება

წლის გარემოსდაცვითი გამოწვევები

6 იანვარი, 2015 • 1255
წლის გარემოსდაცვითი გამოწვევები

 

ქალბატონო ნელი, რამდენი თანამშრომელი მუშაობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში და რა დაფინანსება გაქვთ?

ჩვენს დეპარტამენტში მუშაობს 348 ადამიანი, გვაქვს რვა ტერიტორიული სამსახური. აქედან ერთი გახლავთ შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური, დანარჩენი შვიდი არის ტერიტორიული სამსახურები. ამ სამსახურის შემადგენლობაში არიან როგორც სწრაფი რეაგირების თანამშრომლები, ასევე ინსპექტორები.

 

2014 წლის ბიუჯეტი გახლდათ 6 მილიონ 840 ათასი ლარი. რეალურად საკმაოდ მწირი რესურსით ვმუშაობთ. ამიტომ 2015 წლის ბიუჯეტი როდესაც იგეგმებოდა, მოვითხოვეთ ვაკანსიების დამატება, რათა სრულყოფილი კონტროლი განხორციელებულიყო. მთელი რიგი რეგიონები გვრჩებოდა კონტროლს მიღმა. ძირითადად საქმე ეხება სწრაფი რეაგირების თანამშრომლებს, რომლებმაც პატრულირება უნდა განახორციელონ. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ ვაკანსიების დამატება და 2015 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 12 მილიონი 700 ათასი ლარით.

 

ნელი კორკოტაძე
ნელი კორკოტაძე

რომელ რეგიონში არ გყავდათ სწრაფი რეაგირების ჯგუფები?

თითქმის ყველგან გვყავდა, უბრალოდ, არ იყო საკმარისი რესურსი. ვცდილობდით, მაქსიმალურად ყველა რეგიონი დაგვეფარა. უბრალოდ, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი გვრჩებოდა ინტენსიური კონტროლის მიღმა. მაგალითად, დასავლეთ ცენტრალური სამსახური არის საკმაოდ დიდ რეგიონს მოიცავს, აქ შედის როგორც რაჭა-ლეჩხუმი, ისე ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი. ადამიანური და მატერიალური რესურსის სიმწირის გამო მანქანების სიმწირის გამო ვერ ხერხდებოდა სრულყოფილი და ინტენსიური კონტროლი. აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახური, რომელიც ფარავს შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს, ასევე საკმაოდ დიდი რეგიონია. იქაც გვაკლდა რესურსი. 

თუ ვმოძრაობდით შიდა ქართლისკენ, ყაზბეგი-თიანეთი გვრჩებოდა ინტენსიური კონტროლის მიღმა. აქედან გამომდინარე მოვითხოვეთ ხალხისა და მატერიალური  სახსრების დამატება.

 

რა მიგაჩნიათ წელს მთავარ მიღწევად?

საკმაოდ ინტენსიური გახდა ინსპექტირება, ანუ საწარმოების კონტროლი, წიაღით სარგებლობის ლიცენზიების კონტროლი, ტყის ლიცენზიანტების კონტროლი. წელს შევამოწმეთ ტყის ყველა _ დაახლოებით 68 ლიცენზიანტი. გვქონდა გეგმიური შემოწმებები. ამ გეგმიურ შემოწმებებში იყო როგორც დამაბინძურებელი ობიექტები, წიაღით სარგებლობის ობიექტები, სამონადირეო მეურნეობისა და თევზჭერის ლიცენზიები. ასე რომ, ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო თითოეული ის სამართალდარღვევა, რაც გამოვლინდა.

 

ბიზნესი ცუდად იცნობს იმ ვალდებულებებს, რა ვალდებულებებიც აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში. აქედან გამომდინარე მათთვის ეს ინსპექტირება, გარდა იმისა, რომ ჯარიმებს უკავშირდებოდა, იყო ერთგვარი ცოდნის ამაღლების საშუალებაც. კომპანიებს განემარტათ მათი ვალდებულებები  გარემოს დაცვის სფეროში, ის, რაც ლიცენზიებისა და ნებართვების პირობებით  ჰქონდათ. ვიმედოვნებთ, მომავალ წელს ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ, როდესაც შევამოწმებთ ამ კომპანიებს, სრულად ექნებათ გააზრებული ის ვალდებულებები, რაც აქვთ დადგენილი ლიცენზიებითა და ნებართვებით.

 

თქვენი სამსახურის მთავარი გამოწვევა რა იქნება 2015 წელს?

ქვეყანაში მწვავედ დგას ბრაკონიერობის პრობლემა. უკანონო თევზჭერა-ნადირობა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი სეგმენტი. ასევე, გეგმიური შემოწმებები გვექნება, რომელსაც ამოწმებს მინისტრი.

 

ჩვენს კონტროლქვეშ შემოდის როგორც ტყის ლიცენზიანტების კონტროლი, ასევე სამონადირეო თევზჭერა, დამაბინძურებელი საწარმოები, წიაღით სარგებლობა, სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიები. აქედან გამომდინარე, ვეცდებით ყველა მიმართულებით შევამოწმოთ კომპანიები და ინსპექტირებაც იქნება იმაზე მეტი, ვიდრე იყო 2014 წელს.

 

გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტები ციფრებში როგორ აისახა?

2014 წლის განმავლობაში 15 დეკემბრის მდგომარეობით გამოვლინდა სამართალდარღვევის 9282 ფაქტი. აქედან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი იყო 8922. სისხლის სამართლის ნიშნების მქონე 360 ფაქტი გვქონდა. ეს მასალები გადაგზავნილია შესაბამის ორგანოებში და ზიანის თანხამ შეადგინა 11 მილიონ 416 ათასი ლარი, ხოლო ჯარიმამ  შეადგინა 2 მილიონ 989 840 ლარი. ანუ ჯამში დაანგარიშებული ჯარიმისა და ზიანის თანხა შეადგენს 14  406 537 ლარს.

 

დომინანტი რჩება ტყის რესურსებზე უკანონო ზემოქმედება, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა და ასევე დამაბინძურებელი ობიექტების მხრიდან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევა.

 

მომავალი წლიდან ძალაში შევა ნარჩენების მართვის კანონი. ვინ და როგორ განახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე?

ქვეყანაში არ არსებობდა ნარჩენების მართვის ერთიანი საკანონმდებლო ველი. ეს რეგულაციები გაბნეული იყო სხვადასხვა კანონმდებლობაში და სრულფასოვნად ვერ ხორციელდებოდა ნარჩენების მართვის კონტროლის აღსრულება. კოდექსის შესაბამისად უკვე დადგენილია მთავარი რეგულაციები, როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების მართვა, მისი წარმოქმნიდან მის გაუვნებელყოფებამდე. ამავე კოდექსმა დაარეგულირა სანქციები. რაც შეეხება სანქციებს, უფლებამოსილი ორგანოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში იქნებიან გარემოს დაცვის სამინისტრო, ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები.

 

კონტროლის სამ უწყებაში გადანაწილება ქაოსს ხომ არ გამოიწვევს?

მუხლების მიხედვით გაწერილია ვის რა მუხლზე აქვს უფლებამოსილება. გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს თითქმის ყველა მუხლზე უფლებამოსილება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ბუნებრივია შსს-ს არ აქვს რიგ სპეციფიკურ მუხლებზე რეაგირების უფლება, მაგალითად, სუფთა გარემოს დაცვით რეგულაციებზე.

 

პატრულს ექნება, ბუნებრივია, გზებზე დაჯარიმების უფლება; ავტომობილიდან ნარჩენის გადაგდების შემთხვევაში ოქმის შედგენის უფლებამოსილება. იმ შემთხვევაში, თუ პატრული გამოავლენს სამართალდარღვევას, პატრული ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, თუ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გამოავლენს – ის შეადგენს.

 

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიებზე უფლებამოსილება ექნება თვითმმართველი ერთეულის სისტემაში არსებულ ზედამხედველობის სამსახურს. იქ ეყოლებათ შესაბამისი ადამიანები, რომლებიც განახორციელებენ კონტროლს თვითმმართველ ტერიტორიაზე თუ მოხდება ნარჩენების დაყრა, გარემოში დატოვება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი