საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

უმუშევრობა სამხრეთ კავკასიაში

14 დეკემბერი, 2014 • • 2842
უმუშევრობა სამხრეთ კავკასიაში

ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიით არის გამოთვლილი, საქართველოში უმუშევრობის დონე 15 პროცენტია, სომხეთში – 18.5, ხოლო აზერბაიჯანში – 5 პროცენტი.

 

თუმცა სრულიად სხვა სურათს მივიღებთ, თუ შევხედავთ გამოკითხვების შედეგებს, სადაც რესპონდენტებს ეკითხებიან, არიან თუ არა ისინი დასაქმებულნი. კავკასიის კვლევითი რესურსების მიერ ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით გამოკითხული 25-60 წლის რესპონდენტებიდან სომხეთში 49, აზერბაიჯანში 48, საქართველოში კი 43 პროცენტი აცხადებს, რომ დასაქმებულია (სულ 19 500 რესპონდენტი). პირველ დიაგრამაზე მოცემულია ამ მაჩვენებლის განაწილება წლების მიხედვით.

 

დიაგრამა 1 – იმ რესპონდენტთა წილი, ვინც თავს დასაქმებულად თვლის:

 

|Create infographics

 

როგორც ვხედავთ, ეს მონაცემები ოფიციალური უმუშევრობის სტატისტიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ოფიციალური შეფასების მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლება ყველა ადამიანი, რომელსაც რაიმე სახის შემოსავალი აქვს საკუთარი შრომისგან, თუნდაც ეს საკუთარ ოჯაში წარმოებული პროდუქციის გაყიდვა იყოს. ამ გამოკითხვაში კი რესპონდენტები თავად წყვეტენ, თვლიან თუ არა თავს დასაქმებულად.

 

როგორც დიაგრამიდან ჩანს, სამ ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, თუმცა საქართველოში ოდნავ უფრო დაბალია.

 

რა ფაქტორები განაპირობებს უმუშევრობას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და შეინიშნება თუ არა ამ მხრივ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები? ამის დასადგენად სტატისტიკური მოდელიდან, რომელშიც შედის ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სქესი, განათლება, მშობლის განათლება და საცხოვრებელი ადგილი, გამოვთვალე დასაქმების ალბათობები. ქვემოთ მოყვანილ დიაგრამებზე მოცემულია სამ ქვეყანაში დასაქმების ალბათობები სქესის და განათლების დონის მიხედვით. როგორც ვხედავთ, სამივე ქვეყანაში კაცების დასაქმების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ქალების დასაქმების მაჩვენებელზე, რაც გასაკვირი არ არის. ასევე, მოსალოდნელი იყო, რომ აზერბაიჯანში სხვაობა კაცებისა და ქალების დასაქმების ალბათობებს შორის ბევრად დიდია, ვიდრე – საქართველოსა და სომხეთში. საქართველოში ეს სხვაობა სომხეთთან შედარებითაც მცირეა.

 

დიაგრამა 2 – დასაქმების ალბათობა სქესის მიხედვით საქართველოში, სომხეთსა დ ააზერბაიჯანში:

 

|Create infographics

 

დაახლოებით მსგავსი მდგომარეობაა განათლების დონის შემთხვევაშიც. როგორც მე-3 დიაგრამიდან ჩანს, აზერბაიჯანში უმაღლესი განათლების მქონეებს გაცილებით დიდი შანსი აქვთ, იყვნენ დასაქმებული საშუალო და უფრო დაბალი განათლების მქონეებთან შედარებით. სომხეთში და საქართველოში ეს სხვაობა განათლების დონეებს შორის ბევრად ნაკლებია. აქაც ყველაზე მცირე სხვაობა საქართველოშია.

 

დიაგრამა 3 – დასაქმების ალბათობა განათლების დონის მიხედვით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში:

 

|Create infographics

 

შესაძლოა მე-3 დიაგრამაზე მოცემული განსხვავებების მიზეზი ის იყოს, რომ საქართველოში სამ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლების მიღწევის დონე ყველაზე მაღალია. გამოკითხულთა შორის (იმავე ასაკობრივ კატეგორიაში) საქართველოში 38 პროცენტს აქვს უმაღლესი განათლება, სომხეთში – 26 პროცენტს, ხოლო აზერბაიჯანში – 22 პროცენტს. შესაძლებელია, რომ საქართველოში უნივერსიტეტის დიპლომს დასაქმების თვალსაზრისით ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს უმაღლესი განათლება. ასევე შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანში უმაღლეს განათლებას განსაკუთრებულად ელიტური ხასიათი აქვს და მასზე ხელი მხოლოდ პრივილეგირებული ოჯახების შვილებს მიუწვდებათ, რომელთაც შემდგომ ამ პრივილეგიის (და არა მხოლოდ უმაღლესი განათლების) წყალობით სამსახურის პოვნა უფრო ადვილად შეუძლიათ.

 

მიუხედავად ამ განსხვავებებისა, როგორც ვხედავთ, სამივე ქვეყანაში დასაქმების დონე საკმაოდ დაბალია. სამხრეთ კავკასიაში რომ უმუშევრობა დიდი პრობლემაა, მოსახლეობის განწყობაშიც ჩანს. საქართველოში გამოკითხული რესპონდენტების 52 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა არის უმუშევრობა, 10 პროცენტი უმთავრეს პრობლემად სიღარიბეს ასახელებს. დანარჩენ სავარაუდო პასუხებს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა, რუსეთთან ურთიერთობა და ა.შ. ბევრად ნაკლები ადამიანი მიიჩნევს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად. სომხეთშიც უმრავლესობა, გამოკითხულთა 44 პროცენტი უმუშევრობას ასახელებს ქვეყნის მთავარ პრობლემად. აზერბაიჯანში ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა: აქ მოსახლეობის უმრავლესობა – 39 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა, ხოლო 23 პროცენტის აზრით მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. გარდა ამისა, როგორც მე-4 დიაგრამიდან ჩანს, საქართველოში დასაქმებულებს და უმუშევრებს თანაბრად მიაჩნიათ უმუშევრობა ქვეყნისათვის უმთავრეს პრობლემად. სომხეთსა და აზერბაიჯანში კი დასაქმებულები უფრო ნაკლებად ასახელებენ უმუშევრობას ქვეყნის მთავარ პრობლემად, ვიდრე – უმუშევრები.

 

დიაგრამა 4 – იმ რესპონდენტთა წილი, ვისაც უმუშევრობა ქვეყნის უმთავრეს პრობლემად მიაჩნია:

 

|Create infographics

მიუხედავად მეტნაკლებად დამაიმედებელი ოფიციალური სტატისტიკისა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი ქალებში და უმაღლესი განათლების არმქონე რესპონდენტებში. შესაბამისად, ალბათ, გასაკვირი არ არის, თუ სამხრეთ კავკასიაში უმუშევრობა მოსახლეობას უმთავრეს პრობლემად მიაჩნია.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი