საზოგადოება

როგორ ვიცნოთ შხამიანი სოკო

16 ოქტომბერი, 2014 • • 45026
როგორ ვიცნოთ შხამიანი სოკო

ქალბატონო ია, რამდენი სახეობის სოკოა საქართველოში გავრცელებული?


სოკოები იყოფა ორ კატეგორიად, სოკოები, რომელიც თვალით ხილულია და მეორე, რომელიც თვალით უხილავია. ანუ მიკრო და მაკროსოკოები. მთლიანად საქართველოში დღეისათვის არის 6 500 სახეობა აღწერილი. მაკროები, რომლებსაც ჩვენ თვალით ხილულ სოკოებს ვეძახით, დაახლოებით 1600 სახეობა.


როგორ ჩნდება სოკო?


სოკო იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის სოკოს ნაყოფი და ბუნებაში ჩნდება წვიმის შემდეგ. რეალურად სოკო მიწის ქვეშ ცხოვრობს. ამას ეწოდება მიცელიუმი, რომელიც ივითარებს ნაყოფ სხეულს, რომელსაც მერე ჩვენ ვეძახით სოკოს.


თუ არის ისეთი სახეობის სოკო, რომელიც მხოლოდ საქართველოში გვხვდება?


ისეთი სოკო, რომელიც მხოლოდ საქართველოში გვხვდება, არ არის, მაგრამ არის სოკოები, რომლებიც გვხვდება მარტო გაზაფხულზე. ასევე არის სოკოები, რომლებიც მარტო შემოდგომაზე გვხვდება. მაგალითად, გაზაფხულზე ნახავთ მხოლოდ ხარისფაშვას. არის კიდევ ერთი სოკო – ზაფხულის მანჭკვალას ეძახიან.


როგორც წესი, სოკოს იყენებენ საკვებად, აქვს თუ არა სხვა დანიშნულება და თუ აქვს, კონკრეტულად რა?


სამკურნალოდაც იყენებენ სოკოებს. დღესდღეობით არის ძალიან განვითარებული ფუნგოთერაპია ანუ სოკოებით მკურნალობა. მსოფლიოში ახლა ვითარდება ეს მეთოდი. საქართველოში ვიკვლევთ ძველ ხელნაწერებს და სამკურნალო წიგნებს, სადაც არის სხვადასხვა რეცეპტი მოყვანილი, რაშიც გამოიყენებოდა სოკო სამკურნალოდ.


საკვებად ვარგის სოკოს სახეობებს გააჩნია ე.წ. „შხამიანი ორეული”. როგორ უნდა გავარჩიოთ კარგი სოკო შხამიანი სოკოსაგან?


ის, ვინც სოკოს შეგროვებას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა იცნობდეს სოკოს. თვალით უნდა ცნობდეს, რომელია საჭმელი და რომელია – შხამიანი. მოსაზრება, ვერცხლის კოვზს ან ხახვს თუ ჩააგდებ და სოკო გალურჯდა ე.ი. შხამიანიაო – არ არის სწორი. ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება. უნდა ვასხვავებდეთ აუცილებლად ვიზუალურად.


არსებობს ლიტერატურა, საიდანაც შეიძლება ისწავლო სოკოს ცნობა. არიან ასევე გამოცდილი მესოკოვეები, რომლებიც დადიან წლების განმავლობაში და ამაზე აქვთ ინფორმაცია. ამასთან, სულ ხუთი-ექვსი სახეობაა, რომელსაც აქვს თავისი ორეული. თუ ზუსტად არ იცი, რომ საჭმელი სოკოა, იმას არ უნდა მოჰკიდო ხელი. არის ისეთი სოკოები, რომლებსაც არ აქვთ შხამიანი ორეული, მაგალითად, მიქლიო, იგივე ხეთამხალი. ამ სოკოებს არ აქვთ მატყუარა ორეული და, შესაბამისად, არ შეგეშლება. შხამიანი ორეული აქვს ნიყვს, ქამას, მანჭკვალას.


ყველას მოვუწოდებ, არ შეაგროვონ ისეთი სოკოები, რომლებშიც ეჭვი ეპარებათ. ასევე არ არის სასურველი ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს აჭამონ სოკო. სოკო დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს და რთული მოსანელებელია. ასევე მონელება უჭირთ იმ ადამიანებს, ვისაც ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის პრობლემა აქვთ, ამიტომ მცირე რაოდენობით უნდა მიირთვან. დიეტისთვის არის არაჩვეულებრივი, რადგან კალორიებს არ შეიცავს.


გარდა ტყისა, სად არის რეკომენდებული სოკოს შეგროვება? ხშირად ქალაქებში, პარკებსა და სკვერებში ჩნდება სოკო, შეიძლება თუ არა მისი საკვებად გამოყენება?


ქალაქის პირობებში სოკოს შეგროვება არ არის სასურველი, რადგან გამონაბოლქვია ბევრი და სოკოები ყველაზე კარგად შთანთქავენ ამ მძიმე მეტალებს. რის გამოც შეიძლება საჭმელმა სოკომ გამოიწვიოს მოწამვლა. ამიტომ ქალაქში სოკოს შეგროვება არ შეიძლება.


როგორ მოჰყავთ სახლის პირობებში სოკო?


იყიდება მზა მიცელიუმები, საიდანაც უნდა ამოიზარდოს სოკოს ნაყოფი, რომელსაც მერე ჩათესავენ მორებში ან ნახერხში. ეს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ხეთამხალის მოყვანა უნდათ. ხოლო თუ ქამას მოყვანას გადაწყვეტენ, მაშინ ნაკელზე მოჰყავთ. კვებითი ღირებულება ტყის სოკოსა და სახლის პირობებში მოყვანილ სოკოს ერთი და იგივე აქვთ, უბრალოდ, გემოვნური თვისებებით განსხვავდებიან. ტყეში შეგროვებულ სოკოს უკეთესი გემო აქვს.


იკვლევენ თუ არა სოკოს საქართველოში? რა კვლევები მიმდინარეობს ამჟამად?


ერთადერთი ვარ მე, რომელიც ვიკვლევ სოკოს, არიან ალბათ მსურველები და ნელ-ნელა მოდიან სტუდენტებიც. ჩვენი კვლევა ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების შესწავლას – სოკოების სახეობრივი მრავალფეროვნების დადგენას საქართველოში. ზოგიერთი ტერიტორიიდან ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს, რომელი სახეობებია. ასევე ვიკვლევთ ადგილობრივი მოსახლეობა რა სახეობის სოკოებს იყენებს საკვლევად. ეს არის ეთნომიკოლოგია. ახალია ის, რომ სოკოს ზოგიერთი სახეობა შევიდა ევროპის წითელ ნუსხაში. ამიტომ უნდა ჩატარდეს ჩვენთანაც კვლევა, სოკოების სტატუსის დადგენა. უნდა დადგინდეს არის თუ არა საჭირო რომელიმე სახეობის წითელ ნუსხაში შეტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი