საზოგადოება

გადანერგილი საშვილოსნოს მეშვეობით პირველი ბავშვი დაიბადა

5 ოქტომბერი, 2014 • • 3254
გადანერგილი საშვილოსნოს მეშვეობით პირველი ბავშვი დაიბადა

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი “The Lancet” წერს, რომ ბავშვი ნაადრევად დაიბადა და 1.8 კილოგრამს იწონიდა. როგორც ბიბისი წერს, კიბოს მკურნალობა და თანდაყოლილი უშვილობა არის ის მთავარი ორი მიზეზი, რის გამოც ქალები ვერ აჩენენ შვილებს და იმ შემთხვევაში, თუ მათ მაინცდამაინც ბიოლოგიური შვილის ჰყოლა სურთ, სუროგაცია ერთადერთი გამოსავალია.

საშვილოსნოს წარმატებული ტრანსპლანტაცია შვედეთში განხორციელდა. წყვილი, რომელსაც ბავშვი ეყოლათ, ასევე შვედეთში ცხოვრობენ, თუმცა მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ექიმების განცხადებით, დედის ორივე საკვერცხე ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა, შესაბამისად, წყვილმა ინვიტრო განაყოფიერება ჩაიტარა, რის  შედეგადაც მიღებული 11 ემბრიონი გაყინეს.  ამის შემდეგ Gothenburg-ის უნივერსიტეტის ექიმებმა საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია ჩაატარეს. წყვილის დონორი, მათივე ოჯახის 61 წლის მეგობარი გახდა. ტრანსპლანტაციიდან ერთ წელიწადში ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი მზად იყო ემბრიონის საშვილოსნოში გადასატანად და მართლაც, პირველივე ცდაზე, ორსულობა დადასტურდა.

36 კვირის ნაცვლად, ბავშვი 32 კვირაში გაჩნდა, დღეს ბავშვიც და დედაც ჯანმრთელი არიან და თავს კარგად გრძნობენ.  “Associated Press”- თან მიცემულ ინტერვიუში ბავშვის მამამ განაცხადა, რომ ეს იყო რთული მოგზაურობა წლების განმავლობაში:

“მაგრამ ჩვენ ახლა ყველაზე საოცარი ბავშვი გვყავს, ის სხვა ბავშვებისგან განსხვავებულია, თუცა ამავდროულად ჩვენ გვაქვს ისტორია, რომლის მოყოლაც შეგვეძლება”

 

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საშვილოსნოს გადანერგვა სცადეს, ასეთი რამ მანამდე ორჯერ მოხდა, თუმცა პირველ შემთხვევაში გადანერგილი ორგანო დაავადებული აღმოჩნდა და სამი თვეში ამოიღეს ქალის ორგანიზმიდან, მეორე შემთხვევა კი წარუმატებლობით დასრულდა.

“ჩვენი წარმატება ეფუძნება 10-წლიან კვლევას და ჩვენი გუნდის ქირურგიულ წრვთნას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დავეხმაროთ ძალიან ბევრ ახალგაზრდა ქალს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, რომლებიც უშვილობით იტანჯებიან” – ამბობს პროფესორი მათს ბრანსტონი.

მიუხედავად წარმატებისა, ჯერ კიდევ არსებობს ეჭვები პროცედურის  ეფექტურობის და უსფრთხოების შესახებ. გუნდი, რომელმაც ეს ოპერაცია ჩაატარა, ამ დროისთვის კიდევ 8 წყვილთან მუშაობს, რომელსაც მსგავსი საჭიროება აქვს. მათი შედეგები უფრო ნათელს გახდის სამომავლო სურათს – შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ტექნიკის უფრო ფართოდ გამოყენება.

წყვილი, რომელსაც ბავშვი ახლახან შეეძენა, მალე გადაწყვეტს უნდათ თუ არა მეორე შვილი, რადგან იმ წამლების გამოყენება, რომლებიც  საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ აუცილებელია, არ შეიძლება გრძელვადიანი იყოს. თუ წყვილს მეტი შვილი არ უნდა, ექიმები საშვილოსნოს ქალის ორგანიზმიდან ამოიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი