იდა ბახტურიძე აქტიური ფემინისტია. მან იცის, რომ ცინიზმი და სიძულვილის ენა საქართველოში, ფემინისტების მიმართ უცხო არ არის: “არის აგრესია, უარყოფითი დამოკიდებულება და ლანძღვაც”.
იდას თქმით, ანტიფემინისტები აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ აქციაზე მათ ეუბნებოდნენ – “თუ ფემინისტებს არ გინდათ შვილების გაჩენა, ნუ აძლევთ სხვა ქალებს ცუდ მაგალითს”. სტერეოტიპის გავლენაა, როცა ფიქრობენ, რომ ფემინისტები “რაღაც სხვანაირები არიან” – აგრესიულები, გამწარებულები და უშნოები. სძულთ არა მარტო კაცები, ლამაზი ქალებიც. აგრესიული ადამიანები ბუნებაში არსებობენ და ისინი შეიძლება ფემინისტებიც იყვნენ. მინახავს ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი, მაგრამ თავს ფემინისტად არ მიიჩნევს. ეს ყველაფერი ამ სტერეოტიპის გამო ხდება”.
იდას აზრით, ფემინისტებს დასცინის მედიაც: “ამის მაგალითია გადაცემა “ოთხი ელემენტი” – წამყვანებმა მაშინვე შეიცვალეს დამოკიდებულება ჩემ მიმართ, როცა ვთქვი, რომ ფემინისტი ვარ და ღიად გამოხატეს, რომ ეს თემა სასაცილოა მათთვის”.
ფემინისტებთან დაკავშირებული სტერეოტიპების მიზეზებზე ქალთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში, ნანა ფანცულაიაც საუბრობს:
“ნეგატიური მიდგომები გააჩინა ადამიანის უფლებების არცოდნამ ისეთ საკითხებში, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას ეხება. ამის მიზეზი საბჭოთა წარსულია. მართალია, დეკლარირებულად მაშინაც საუბრობდნენ თანასწორობაზე, თუმცა რეალურად ის არასდროს განხორციელებულა. ჩვენი მენტალიტეტი დღესაც საბჭოთა მემკვიდრეობის წნეხის ქვეშაა, ამიტომ ეუცხოებათ სიტყვა “ფემინიზმი”. საქართველოში არაერთი ფემინისტი ქალი გვყავდა გასულ საუკუნეში, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესაცვლელად. მათი ისტორიები და პუბლიკაციებიც მხოლოდ ახლა ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი”.
ნანა ფანცულაია მიიჩნევს, რომ ფემინიზმის მტერია პატრიარქალური აზროვნებაც, რომელიც ჩრდილავს ქალის თანასწორუფლებიანობის იდეას:
“პატრიარქატისთვის თანასწორობა მიუღებელია, რადგან მამაკაცის დომინაცია არის ბუნებრივი მდგომარეობა. ფემინიზმი კი მეტი არაფერია, თუ არა დომინაციის აკრძალვა. არ შეიძლება ფემინიზმი კაცის მოძულეობა იყოს, რადგან ფემინიზმი წინააღმდეგია ვინმე ვინმეზე მეტი იყოს, უფლებებითა და შესაძლებლობებით”.
ფემინისტებს აკრიტიკებენ სასულიერო პირებიც. მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი ერთ-ერთი ქადაგების დროს ფემინისტებს მოდას აყოლილ ქალებად მოიხსენიებს: “ეს ფემინისტობა საქართველოში რა უბედურებაა. ჩვენ ვითმენთ მათ გამოხტომებს და ერთხელაც იქნება ჭკუას ვასწავლით”.
ეპისკოპოსი ფემინისტებს ასე მოიხსენიებს: “რომელი ოჯახის შვილები არიან იქ გაერთიანებული? თუ ასეთი ჩაგრულები არიან, მაშინ ცოტა სხვა საზოგადოება უნდა შექმნან და არა ქალთა დაცვის”.
ნანა ფანცულაიას აზრით, ქალის დაქვემდებარებულობა ქრისტიანულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება: “ვიღაცის მორჩილება და ჩაგვრა არ დევს ქრისტიანობის არსში. ქართულ ეკლესიას კი, რომელსაც აკლია ფემინისტური შეხედულებები, იმ დოგმებზეა აგებული, რომელიც ძველმენტალურ შეხედულებებს ემყარება. მას ურჩევნია ადამიანები ნაკლებად აზროვნებდნენ და კითხვების გარეშე დაემორჩილონ”.
“ჩვენ გვინდა არა უფლებები, არამედ შესაძლებლობები”, – ამბობს ნანა ფანცულაია. მისი აზრით, ეს შესაძლებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს: “მხოლოდ კანონების მიღება და საერთაშორისო კონვენციებთან მიერთება არ კმარა, ამ ყველაფერს სჭირდება ასრულება პრაქტიკაში”.
ფემინიზმთან დაკავშირებული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა განვითარებულ სახელმწიფოებსაც კი უწევთ. სწორედ ამას უკავშირდება გაეროს მიერ წამოწყებული კამპანია “HeForShe“(კაცები ქალებისთვის), რომელშიც მსოფლიოში ცნობილი პირები არიან ჩართული. რამდენიმე დღის წინ, ამ კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებამ მსახიობ ემა უოტსონს მოუსმინა – მან ფემინისტების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაზე ისაუბრა: “უკვე მეექვსე თვეა, რაც გაეროს კეთილი ნების ელჩი ვარ და რაც უფრო მეტს ვსაუბრობ ფემინიზმზე, მით უფრო მეტად ვაცნობიერებ, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ხშირად აიგივებენ მამაკაცების მიმართ სიძულვილთან. მსგავსი აზროვნება უნდა შევწყვიტოთ!”
ემა უოტსონმა ფემინიზმის იდეა ასე განმარტა: “ეს გულისხმობს იმას, რომ მამაკაცთა და ქალთა უფლებები და შესაძლებლობები თანაბარია. საუბარია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თანასწორობაზე. პირადად მე, ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე არსებული უთანასწორობის გაპროტესტება. მამაკაცებო, მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ფორმალური მოწვევა გამოგიგზავნოთ! გენდერული თანასწორობა თქვენც გეხებათ!” – თქვა მსახიობმა.
ქალთა თანასწორობის კამპანიას სახელმწიფო მოხელეებიც შეუერთდნენ.
“თუ ეს გულისხმობს თანაბარ უფლებებს ქალებისთვის, დიახ, მე ფემინისტი ვარ”, – ამბობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი.
“ყველა კაცი ფემინისტი უნდა იყოს. მსოფლიო უკეთესი იქნება, თუ მამაკაცები ქალთა უფლებების საკითხებზე იზრუნებენ”, – ამბობს მომღერალი ჯონ ლეჯენდი.
ნანა ფანცულაიას აზრით, საქართველო გენდერული თანასწორობის მიმართ ნაკლებად სოლიდარულია: “რთულია მოიპოვო მამაკაცების სოლიდარობა, მაგრამ არანაკლებ რთულია ქალების სოლიდარობაც. როდესაც შს სამინისტროსთან იმართება აქცია იმის გასაპროტესტებლად, რომ ქალების მკვლელობამ იმატა და შს სამინისტროს ამაზე ადეკვატური რეაგირება არ აქვს, 30-50 ქალი და რამდენიმე მამაკაცი არ უნდა იკრიბებოდეს. მეც მომხრე ვარ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის, მაგრამ მარიხუანას აქციაზე უამრავი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ქალების მკვლელობების გასაპროტესტებლად. ესეც ცნობიერების პრობლემაა”.
“სტერეოტიპების ნგრევა განათლებით იწყება”, – ამბობს იდა ბახტურიძე, – “გენდერული თანასწორობა სკოლიდან უნდა ისწავლებოდეს. იყო დრო, როცა საზოგადოება სიგიჟედ მიიჩნევდა ქალებისთვის განათლების უფლებას, მაგრამ დღეს ამ უფლების წართმევა წარმოუდგენელია. საქართველოში ყველაზე მწვავედ მაშინ რეაგირებენ, როცა ფემინისტები ვამბობთ, რომ ქალის სხეული ქალს ეკუთვნის და მისი გადასაწყვეტია, როგორ მოექცეს მას. საზოგადოების ამ შეხედულებას მხოლოდ უკეთ ინფორმირება შეცვლის”.