საზოგადოება

მოქალაქეები კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ, რისთვისაც მეწყერსაშიში კლდე იჭრება

11 სექტემბერი, 2014 • • 2353
მოქალაქეები კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ, რისთვისაც მეწყერსაშიში კლდე იჭრება

“პარტიზანული მებაღეობა თბილისში”, რომელიც ბუნების დამცველებს აერთიანებს, უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს ახალი შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ძველ თბილისში.

 

“ორი დღეა მანქანით გვქონდა ჩახერგილი გზის სავალი ნაწილი და არ ვაძლევდით მუშაობის საშუალებას. გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც გვითხრა, რომ მანქანები უნდა გავწიოთ, თორემ ჯარიმას გვიწერდნენ. გავწიეთ იმიტომ, რომ ჯარიმის თანხები არ გვაქვს, თუმცა ახლა ვაპირებთ ფიზიკური ძალით გადაკეტვას,” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე.

კლდე, რომელიც ახალი კორპუსის მშენებლობისთვის იჭრება, ფოტო: პარტიზანი მებაღეები
კლდე, რომელიც ახალი კორპუსის მშენებლობისთვის იჭრება, ფოტო: პარტიზანი მებაღეები

 

“პარტიზანი მებაღეების” განცხადებით, კორპუსის მშენებლობისთვის კლდე იჭრება, რომელიც მეწყერსაშიშია:

 

“ეს ზუსტად ის კლდეა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჩაიტანა ბენზინგასამართი სადგური და იყო მსხვერპლი. ახლა გეოლოგიც გვყავდა და მან თქვა, რომ კლდის ასეთი ფენების განლაგება ძალიან დიდ მეწყერსაშიშროებას უქმნის უბანს. გარდა ამისა, ეს არის ძველი ისტორიული ქალაქის ზონა. ასევე, შენობა დგება გზის პერპენდიკულარულად, რაც შეაფერხებს ჰაერის მიმოდინებას და ტემპერატურა ზაფხულში 2 გრადუსით აიწევს და ზამთარში 2 გრადუსით დაიწევს უბანში. მოკლედ, ყველაფერი დარღვეულია, ოღონდ ყველაფერი ისევ “კანონის ფარგლებში”, – ამბობს ფერაძე.

 

მისივე თქმით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ოფიციალურ დასკვნას ითხოვენ იმის შესახებ, რომ  რომ კლდის მოჭრა მეწყერის საშიშროებას შექმნის:

 

“გუშინ ველაპარაკე მერიის ზედამხედველობას და ზუსტად ეგ გვითხრეს, რომ კი, ვხედავთ, რომ მეწყერსაშიშია, მაგრამ მანამ მოქალაქეები არ მოგვიტანთ ოფიციალურ დასკვნას, ჩვენ ამაზე რეაგირებას ვერ მოვახდენთო”.


ნატა ფერაძის თქმით, “პარტიზანი მებაღეები” თანხების მოძიებას და ოფიციალური დასკვნის მომზადებას გეგმავენ. თუმცა მანამდე ე.წ. კოდალა (დიდი მანქანა, რომელიც კლდეს ამტვრევს) ადგილზე მუშაობას აგრძელებს.


“დღეს გვქონდა შეხვედრა საკრებულოში, მერიაშიც შეტანილი გვაქვს განცხადება, ანუ მანამ კანონი გაასაჩივრებს, ასე ფიზიკური ძალით გვიწევს ისევ ამის შეფერხება”,- ამბობს ნატა ფერაძე.


მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, შპს “ნირან პროპერტის დეველოპმენტის” საკუთრებაა. “პარტიზანი მებაღეები” აცხადებენ, რომ 2012 წელს ტერიტორიას, სადაც ახლა მშენებლობა მიდის, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოეხსნა და საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმშიც წერია:


“თქვენი განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, გოგებაშვილის I შესახვევში, გუნიას გასასვლელში, არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #01.15.02.069.075) ნაწილისთვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის საცხოვრებელი ზონა 3-ით ცვლილებას, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხი განხილული იქნა “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის” 2012 წლის 13 ივნისის #23 სხდომაზე, რომლის დასკვნის საფუძველზეც ფუნქციური ზონის სტატუსის – ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის საცხოვრებელი ზონა 3-ით ცვლილებას მოცემული მიწის ნაკვეთის ნაწილისთვის მიეცა თანხმობა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით,” – ნათქვამია დოკუმენტში.

 

ამის მიუხედავად, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის საცხოვრებელი ზონით ცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მამუკა ჯაყელის თქმით, შპს “ნირან პროპერტის დეველოპმენტის” მიერ მიწის ნაკვეთის შეძენის მომენტშიც (2010 წლის ოქტომბერი) და მას შემდეგაც ტერიტორია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ჯაყელი აცხადებს, რომ კომპანიას წარმოდგენილი აქვს მშენებლობის ნებართვა:


“დღესდღეობით არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ გავაჩეროთ მშენებლობა”.


კითხვაზე, როგორი იქნება მერიის პოზიცია, თუკი მოქალაქეები კვლავ გააგრძელებენ პროტესტს და შეაფერხებენ მშენებლობის პროცესს, მამუკა ჯაყელი პასუხობს, რომ ეს მერიის საქმე არაა:

“ჩვენ ვერაფერ სვიზამთ, ეგ კერძო დავაა. ან სასამართლოს უნდა მიმართოს თვითონ ამ სამშენებლო კომპანიამ, ან პატრულს გამოიძახებს”.


პარტიზანი მებაღეები დღეს, 13:00 საათზე აქციას გამართავენ ბელინსკის (ჭოველიძის) და გუნიას ქუჩის კუთხეში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ანალოგიური აქცია ხვალაც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი