საზოგადოება

რას ნახულობენ აჭარაში ტურისტები ყველაზე ხშირად

28 აგვისტო, 2014 • 3122
რას ნახულობენ აჭარაში ტურისტები ყველაზე ხშირად

 

საბაგირო გზა ბათუმში ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია
საბაგირო გზა ბათუმში ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია

2014 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საბაგირო გზა „არგო~ აჭარაში ყველაზე პოპულარული ადგილია დამსვენებლებს შორის. „არგო~ 2013 წლის 16 აგვისტოს გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე საბაგირო გზით 301 400-მა მგზავრმა ისარგებლა. საბაგირო გზას მგზავრები ფერიის მთაზე, ზღვის დონიდან 260-მდე მეტრ სიმაღლეზე აჰყავს.

 

 

 

ადმინისტრაციის მონაცემით, საბაგიროთი დღეში საშუალოდ 1353 მგზავრი სარგებლობს. 2014 წელს, აგვისტომდე, `არგომ~ 102 830 მგზავრი გადაიყვანა.

 

 

მეორე ადგილზეა ბათუმის დელფინარიუმი. დელფინარიუმის დირექტორი ნატალია ზოიძე ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით დელფინარიუმში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 25 პროცენტით გაიზარდა. დელფინარიუმში დელფინების შოუ დღეში სამჯერ იმართება და სამივე წარმოდგენაზე არენა სავსეა. 2014 წლის 15 აგვისტოს მონაცემებით, დელფინარიუმს 80 064 ადამიანი სტუმრობდა, 2013 წელს კი, მთელი წლის მანძილზე, დელფინარიუმი 112 765-მა ადამიანმა მოინახულა.

 

 

დელფინების შოუზე დასწრების ფასი 20 ლარია. ტურისტებს შორის პოპულარულია დელფინებთან ცურვაც, ინტერაქტივი, რომლის ფასი საკმაოდ მაღალია _ 150 ლარი 15 წუთის მანძილზე (ბავშვებისათვის 60-100 ლარი).

 

 

მესამე ადგილზეა ბოტანიკური ბაღი _ 2014 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ბოტანიკურ ბაღს 36 947 დამთვალიერებელი სტუმრობდა. 2013 წლის იმავე პერიოდის მონაცემებით კი ბოტანიკურ ბაღს 31 909 დამთვალიერებელი ჰყავდა. დამთვალიერებლებს შორის უცხოელი ტურისტები სჭარბობენ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსი ლევან ლეონიძე ამბობს, რომ გასულ წელს ბოტანიკურ ბაღს უფრო მეტი უკრაინელი ტურისტი სტუმრობდა, ვიდრე წელს. ლევან ლეონიძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა უკრაინიდან ტურისტების კლება ამ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისს უკავშირდებოდეს. ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის სამი ლარია, უცხოელებისათვის კი _ რვა ლარი.

 

 

ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა გონიო-აფსაროსის ციხე- მუზეუმი. წელს, გონიოს ციხეს, 24 აგვისტოს მონაცემებით, 48 133 დამთვალიერებელი ეწვია, 2013 წელს _ 65 856. შოთა მამულაძე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ამბობს, რომ ვიზიტორთა ძირითად ნაწილს უცხოელები შეადგენენ, გონიოს ციხეს ქართველები შედარებით იშვიათად სტუმრობენ. გონიოს ციხეში შესვლის ფასი ერთი ადამიანისათვის 3 ლარია, ჯგუფის შესვლის შემთხვევაში (ათზე მეტი ადამიანი) _ 2 ლარი, სტუდენტებსა და მოსწავლეებს ერთ ლარად შეუძლიათ ციხის ნახვა, ხოლო სოციალურად დაუცველებს – უფასოდ.

 

 

ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს შორის პოპულარულია ბათუმის აკვარიუმიც. 2013 წელს ბათუმის აკვარიუმს, რომლის დაარსებიდანაც წელს, 20 აგვისტოს, 48 წელი შესრულდა, 35 738 ადამიანი სტუმრობდა, 2014 წლის 15 აგვისტოს მონაცემებით კი _ 21 716 ადამიანი.

 

 

2014 წელს, 15 აგვისტოს მონაცემებით, 17 851 ადამიანი სტუმრობდა ბათუმის ზოოპარკს, 2013 წელს კი _ 28 278 ადამიანი.

 

ბათუმის დელფინარიუმში ვიზიტორების რაოდენობა წელს 25 პროცენტით გაიზარდა
ბათუმის დელფინარიუმში ვიზიტორების რაოდენობა წელს 25 პროცენტით გაიზარდა

 

ბათუმში მდებარე მუზეუმებს შორის, სტატისტიკის თანახმად, ტურისტები ყველაზე ხშირად აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობენ. ამ მუზეუმს 2014 წელს, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, სულ 6 400 ვიზიტორი სტუმრობდა, აქედან 3 788 უცხოელი იყო. გასულ წელს მუზეუმმა კი სულ 16 635 დამთვალიერებელი მიიღო.

 

 

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც წელს ოქროს ფონდიც გაიხსნა, 2013 წლიდან 2014 წლის მაისამდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. 2014 წლის მაისიდან 22 აგვისტომდე კი არქეოლოგიურ მუზეუმს 5550 დამთვალიერებელი ეწვია. მუზეუმის მეორე სართულზე, პატარა მაღაზია-სალონში იმ ნივთების ასლების შეძენაა შესაძლებელი, რომლის ორიგინალები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის კოლექციებშია დაცული. მუზეუმის თანამშრომელი იზო დუმბაძე ამბობს, რომ არაერთი დამთვალიერებელი ხელახლა მიდის მუზეუმში სუვენირის შესაძენად.

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს კი, 2014 წლის 21 აგვისტოს მონაცემებით, წელს 3507 დამთვალიერებელი სტუმრობდა. 2013 წელს ხელოვნების მუზეუმს 6 337 დამთვალიერებელი ეწვია.

 

 

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს 2014 წლის 22 აგვისტომდე 1 386 ადამიანი ესტუმრა, 2013 წელს, მთელი წლის მანძილზე კი _ 1 577 ადამიანი. მუზეუმის მმართველი, თემურ ტუნაძე „ბათუმელებთან~ აღნიშნავს, რომ მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელთა დიდი ნაწილი უცხოელია. იმავეს ამბობენ სხვა მუზეუმებშიც, მათი მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, იმატა უკრაინელი, რუსი და პოლონელი ტურისტების რაოდენობამ.

 

 

მუზეუმებზე დადებითად აისახება ბათუმში საკრუიზო გემების შემოსვლაც, ტურისტულ კომპანიებს ხშირად მიჰყავთ გემებიდან ჩამოსული ტურისტები მუზეუმებში და არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ტურისტები დამოუკიდებლად, გიდის გარეშე სტუმრობენ მუზეუმებს.

 

 

ვიზიტორების რაოდენობამ იმატა დაცულ ტერიტორიებზეც. აქ ლიდერი მტირალას ეროვნული პარკია. პარკის დირექტორის, დავით ხომერიკის თქმით, 2014 წელს მტირალას უკვე 15 500-მდე ვიზიტორი სტუმრობდა, მაშინ როცა 2013 წელს, მთელი წლის მანძილზე, ვიზიტორთა რაოდენობა 11 500 იყო. მისივე თქმით, მტირალას ძირითადად ქართველები სტუმრობენ, თუმცა წელს უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა.

 

 

მეორე ადგილზეა ქობულეთის დაცული ტერიტორიები. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს 2014 წელს, 18 აგვისტოს მონაცემებით, დაცული ტერიტორიების დირექტორის, რეზო მოისწრაფიშვილის თქმით, სულ 5908 ვიზიტორი სტუმრობდა, აქედან 566 უცხოელი იყო, 76 პირი კი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს სამეცნიერო კვლევის ფარგლებში ეწვია. 2013 წლის მონაცემებით ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს სულ 7888 ტურისტი სტუმრობდა.

 

 

 

ტურისტების რაოდენობა გაიზარდა კინტრიშის ნაკრძალშიც. თუ გასულ წელს კინტრიშს 2300 ტურისტი ესტუმრა, წელს, ბოლო მონაცემებით, ნაკრძალი უკვე 2800-მდე ტურისტმა მოინახულა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი