საზოგადოება

სტეფანიანი: სომხურ ეკლესიასთან დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე არ მომხდარა

21 ივლისი, 2014 • • 1306
სტეფანიანი: სომხურ ეკლესიასთან დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე არ მომხდარა

დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში აღნიშნული დაპირისპირების მონაწილეებმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ დაპირისპირება პიროვნული შეურაცხყოფის გამო დაიწყო და მათ ეთნიკური ნიშნით არავინ დაუმცირებიათ.

 

სომხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის ეპარქიის განცხადებით, 19 ივლისს მათ 50 -ევრიანი ჯგუფი დაესხა თავს, რომელმაც ეკლესიის მსახურებსა და მლოცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ეკლესიის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგს ეფუძნებოდა, ხოლო დავდამსხმელები ცივ აიარღს ატარებდნენ.

 

თამაზ ხაჩატუროვი, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ავლაბარში, სომხურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მომხდარს ეთნიკურ და რელიგიურ დისკრიმინაციასთან შეხება არ აქვს.

 

არნოლდ სტეფანიანი
არნოლდ სტეფანიანი

ხაჩატუროვის თქმით, ეკლესიის წარმომადგენელმა მის მეზობელ ქალს, მეგობრის ცოლს, რომელსაც მანქანა უნდა გამოეყვანა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან, ეკლესიის თანამშრომელმა გზა ჩაუკეტა და იმის მაგივრად, რომ მანქანა გაეყვანა, შეურაცხყოფა მიაყენა.

 

იგი ამბობს, რომ ამ ინციდენტს შეესწრნენ სხვა მეზობლები და ასევე ამ ქალის ქმარი. ინციდენტის მეორე მონაწილის, გიორგი ელერდაშვილის თქმით, ეკლესიის თანამშრომლებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ელერდაშვილი ამბობს, რომ მცდარი ინფორმაცია არის ის, რომ თითქოს 50 ადამიანი მივიდა ეკლესიასთან. ეკლესიასთან შეიკრიბა 15-მდე ადამიანი, რომლებიც ხმაურის გამო მივიდნენ. ელერდაშვილი და ხაჩატუროვიც მათ შორის იყვნენ. 

 

“ცოტა მეტს რომ გამოევლო, მეტი იქნებოდა, რომ არ გამოევლო, შეიძლება სამი კაცი ვყოფილიყავით და აქეთ ჩვენ ვეცემეთ.”

 

ხაჩატუროვის თქმით, ქალი და მისი ქმარი ელიას უბანში ცხოვრობენ და მისი მეზობლები არიიან, ეკლესიასთან არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები, რომელმაც აღბეჭდა ყველაფერი და იგი მოითხოვს, რომ ეს ჩანაწერები ნახონ:

 

“მოხდა ჩვეულებრივი შელაპარაკება ამ გატარება-გამოტარებაზე.”

 

ხაცატუროვი ამბობს, რომ არ გაურბის პასუხიმგებლობას:

 

“ამას არავინ არ გაურბის, თუ ვინმე არის პასუხისგებაში მისაცემი, დასაჯარიმებელი, არაა პრობლემა, ამაზე არავინ არ საუბრობს.”

 

“მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების მაგალითს.

 

“ერთი მხარე ამბობს, რომ  მოხდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ქალბატონის, მერე რა, რომ მანქანას ატარებს, იყო იქ რაღაც რეპლიკები. მეორე მხარე ამბობს, რომ მოხდა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.”

 

სტეფანიანი ამბობს, რომ თბილისში არმენოფობია არის და არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირების დროს მართლაც ეთქვა რომელიმე ადამიანს არმენოფობიური რეპლიკა, მაგრამ მისი თქმით, ამ დაპირისპირების ბაზისი არა ეთნიკური, არამედ პიროვნული დაპირისპირება იყო.

 

სტეფანიანი აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფში იყვნენ როგორც ქართელები, ისე სომხები, და ამიტომ რთულია საუბარი იმაზე, რომ ქართველები თავს დაესხნენ სომხებს.

“კონფლიქტის ერთი მხარე იყო პირი, რომელიც მუშაობს ეპარქიაში, თუმცა სასულიერო პირი არ არის.”

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ცემის ფაქტის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უწყების განცხადებით, მართალია, გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების პროცესში შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს.   

მასალების გადაბეჭდვის წესი