საზოგადოება

პატრიარქის მდივანს არ სჯერა, რომ მღვდელმა სომეხთა მიმართ ქსენოფობია გამოავლინა

12 ივნისი, 2014 • • 1644
პატრიარქის მდივანს არ სჯერა, რომ მღვდელმა სომეხთა მიმართ ქსენოფობია გამოავლინა

“განსხვავებული ინფორმაცია გაქვთ. მე მომაწოდეს ეგ ინფორმაცია და ვიცი რეალურად რაც მოხდა. იყო სომეხი აღმსარებლობის ბავშვი. მამაო ხედავდა, რომ ბავშვი არასწორად იწერდა პირჯვარს, მან ხომ არ იცოდა, რომ ის სომეხია. მამაომ ამის გამო მისცა შენიშვნა, რომ პირჯვრის გადაწერა ასე არ ხდება და რომ მართლმადიდებლურად ასე ხდება პირჯვრის გადაწერა. ეს ნებისმიერმა მოძღვარმა შეიძლება გააკეთოს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ არამართლმადიდებელი იყო ეს ბავშვი. ტაძარში შესვლის უფლება და დათვალიერება ნებისმიერს აქვს. ამის მერე თუ რამე მოხდა, აღარ ვიცი,”- ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში მიქაელ ბოტკოველი.

 

კითხვაზე, დაინტერესდებიან თუ არა საპატრიარქოში, რა მოხდა იმის შემდეგ, რაც სასულიერო პირმა ბავშვის ეროვნება გაიგო, პატრიარქის მდივანი ამბობს: 

 

“ეს კერძო საუბრები მე უნდა ვნახო, ასე როგორ გავაკეთო კომენტარი? რა ინტერპრეტაციებს აკეთებენ მისი მშობლები, ეს უკვე არ ვიცი. არაფერი საინციდენტო და საპრობლემო არ ყოფილა. ასე შეიძლება მეც შევიდე სომხურ ტაძარში და მეც მომცენ იმაზე შენიშვნა, რომ არასწორად ვიწერ პირჯვარს. რა არის აქ მოსაკვლევი? მე ნამდვილად არ მჯერა ამის. სიონი ისეთი ტაძარია, რომ ხშირად შედიან იქ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ექსკურსიების დროს და ა.შ. სათითაოდ როგორ უნდა არკვიოს მამაომ მათი აღმსარებლობა. ეტყობა, იყო გაპროტესტება მათი მხრიდან. ლოკალური თემა იყო ეს და ამოიწურა, რატომ უნდა გახდეს ეს საპატრიარქოს განხილვის თემა?” 

 

დღეს, 12 ივნისს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონკრეტული სასულიერო პირის მხრიდან სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლის მიმართ გამოხატული ქსენოფობიური დამოკიდებულების საკითხს შეეხებოდა.

 

“ჩემი 10 წლის შვილს, რომელიც ექსკურსიაში იმყოფებოდა ძველი თბილისის მოსანახულებლად, მართლმადიდებლურ ტაძარში, სიონში შევიდა, სადაც სხვების მსგავსად, სანთელი აანთო და პირჯვარი გადაიწერა, იქვე მყოფი სასულიერო პირის მხრიდან შენიშვნა მოჰყვა. ეს იყო სასულიერო პირი დავით ლასურაშვილი, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვის დროს ძალიან აქტიურობდა. სასულიერო პირმა ბავშვს განუცხადა, რომ ის პირჯვარს არასწორად იწერდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგონას პასუხი მოისმინა – სომხურ ეკლესიაში დავდივარ და იქ ასე მასწავლესო, მას ტაძრის დატოვება მოსთხოვა და განუცხადა, რომ ისინი, ვინც სომხურ ეკლესიაში დადიან, „შორს დგანან ღმერთისგან“ და მათ არა აქვთ უფლება, იარონ ქართულ ეკლესიებში,”- განუცხადა დღევანდელ პრესკონფერნეაციზე მედიის წარმომადგენლებს ინა სუკიასიანმა.

 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლის, ლევონ ისახანიანის თქმით, სასულიერო პირების მხრიდან მსგავს ქსენოფობიურ გამოვლინებებს ხშირი ხასიათი აქვს. 

 

“საპატრიარქოს წარმომადგენლები საუბარში გმობენ მსგავს ფაქტებს, თუმცა ამგვარი დამოკიდებულება არ იკლებს, ვინაიდან კონკრეტული და პრევენციული ნაბიჯები არ იდგმება. საპატრიარქოს არა მხოლოდ უფლებამოსილება აქვს, არ მისცეს საშუალება ინტერრელიგიური და ინტერეთნიკური შუღლის გაღვივევების, არამედ პასუხისმგებლობაც, როგორც ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის,”-აცხადებს ისახანიანი.


მისივე განცხადებით, მშობლების თანხმობის შემთხვევაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ე.წ.ანტიდისკრიმინაციული კანონის გამოყენება მოხდება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი