საზოგადოება

“იმედის ფესტივალი” აქციის ფონზე ჩატარდა [video]

6 ივნისი, 2014 • • 1586
“იმედის ფესტივალი” აქციის ფონზე ჩატარდა [video]

მოწინააღმდეგეები სახარების რწმენის ეკლესიის შესასვლელთან იდგნენ პლაკატებით “მართლმადიდებლებო, ნუ შეხვალთ!!! ბაპტისტურ-ევანგელისტური შეხვედრაა!”.


ისინი ფესტივალზე მისულ სტუმრებს მოუწოდებდნენ, არ შესულიყვნენ ეკლესიის ეზოში და  ურიგებდნენ ფლაერებს წარწერით “ეკლესია ემიჯნება და გმობს სექტანტურ ფესტივალს”.



“ეს არის პროტესტანტული, კერძოდ, ევანგელისტური მიმდინარეობის ღონისძიება, რაშიც მართლმადიდებელი ქრისტიანების მონაწილეობა ეკლესიის სწავლებით იკრძალება და ვთხოვთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ თავი შეიკავოს სექტანტურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისაგან, რათა არ გახდეს თანაზიარი იმ განდგომილების”,- განაცხადა ზაქარია ციხელაშვილმა, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა.


“იმედის ფასტივალის” მოწინააღმდეგის, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი გაბედავას თქმით, ღონისძიებაზე ხალხი მოტყუებით მიიყვანეს, რადგან სარეკლამო ბანერებზე არ ყოფილა მითითებული, რომ ფესტივალი ევანგელისტურია. მან განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას, ხალხი მოატყუოს:

 

“მოქმედი სექტაა საქართველოში და თავისი მიმდევრები ჰყავს. მიმდევრები სადაც უნდა იქ წაიყვანონ, მაგრამ უბრალო ადამიანებს, ვინც არ იცის ამის შესახებ, არ შევუშვებთ. ვეტყვით, გავაფრთხილებთ და თუ შევა, თავის საქმეა ყველასი. ეს არის ინფორმაციული სახის აქცია, ხალხს ვაფრთხილებთ, რომ არ მოტყუვდნენ”.

 

“იმედის ფასტივალის” მონაწილე კახა კალაიჯიშვილი ამბობს, რომ მან იცოდა, რა ტიპის ღონისძიებაზე მოდიოდა. მისი აზრით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი პიროვნება და არავის აქვს უფლება ვინმემ რწმენა აუკრძალოს.

 

საერთაშორისო საევანგელიზაციო ღონისძიება “იმედის ფესტივალი” დღეს, 6 ივნისს, 19:00 საათზე სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო. თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” ფესტივალის პიარ-მენეჯერმა ლელა ხონელიძემ განუცხადა, მათ სპორტის სასახლის ხელმძღვანელობისაგან წერილობით მიიღეს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ შენობის ერთ-ერთ ფოიეში მომხდარი ხანძრის გამო შექმნილი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა ჯერ ვერ მოხერხდა და ამ ეტაპზე იქ ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია.

 

ფესტივალის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ხანძრის თემა მხოლოდ მიზეზია ღონისძიების ჩატარებაზე უარის თქმის საფუძვლად, რადგან მათი აზრით, დღეის მდგომარეობით შენობა სრულიად უსაფრთხოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი