საზოგადოება

ქსენოფობია – სელექციური ტურიზმის მიზეზი

29 მაისი, 2014 •
ქსენოფობია – სელექციური ტურიზმის მიზეზი

“ერაყელები ბინძურები არიან. ირანელებიც”, – გვეუბნებიან ძველი ბათუმის უბნის ერთ-ერთ პატარა სასტუმროში. რაში გამოიხატება სიბინძურე? – “დილით არ გვთხოვენ ოთახების დალაგებას და ყველაფერი აყირავებული აქვთ. რუსები სუფთად არიან ჩაცმულები”. – ასე გვიხსნის ირანელების “უკულტურობას” რადა გვასალია.

 

სასტუმრო “იალქანის” თანამშრომელი ხათუნა ინასარიძეც ამბობს, რომ ტურისტების კულტურულ ჩვევებს მათთვისაც მნიშვნელობა აქვს: “ირანელები ძალიან ბინძურები არიან, უკულტუროები. რაში გამოიხატება და სიგარეტი იქნება ეს თუ კანფეტის ქაღალდი, ყველაფერს ძირში ყრიან. ან ლოგინის ქვეშ შეგიყრიან. საჭმელს რომ ჭამენ, ნარჩენებს იატაკზე ყრიან. მე ბევრ ადგილზე ვმუშაობდი და შემიმჩნევია, რომ ყველგან ასე იქცევიან. ისიც არ აინტერესებთ, რა ხარისხის თეთრეულში სძინავთ. ტაფებს, კასრულებს ითხოვენ და საჭმელს ხარშავენ ოთახებში. ყველა ერიდება ირანელის შეშვებას”. რესპონდენტი ამბობს, რომ სამზარეულო უკრაინელმა ტურისტებმაც მოითხოვეს: “არც მაგათ ავანთებინეთ აქ გაზი”.

 

ტურისტებს კულტურულ ჭრილში განიხილავს სასტუმრო “ბექროს” პერსონალიც. აქ მეტი სიმპათიით სარგებლობენ უკრაინელი და თურქი ტურისტები: “ისინი სუფთა არიან. განსხვავებული არიან ქცევებსა და კულტურაშიც. ირანელებს თავისებური სუნიც აქვთ. ჯდომა, ჭამის წესი აქვთ უკულტურო”, – ეს ამ სასტუმროს თანამშრომლების – ინგასა და რუსუდანის აზრია.

 

სასტუმრო “ნიას” ადმინისტრატორი კი პრობლემას სხვა რამეში ხედავს: “აუჩემებიათ ბინძურები, ბინძურები… ლოგინი ოჯახის ქალმაც შეიძლება არ დაალაგოს. ზოგს უყვარს არეული ოთახი, მერე რა. ისვენებს და არ უნდა თავის შეწუხება. ბინძური ქართველი არ უნახავთ? სტუმარი ისეთია, როგორიც მასპინძელი. თუ გაუღიმებ, ნომერი რომც არ მოეწონოს, მაინც კმაყოფილია”, – გვეუბნება რუსიკო.

XXX

როდის გაჩნდა სიძულვილის ენა საქართველოში და რა მასშტაბებს აღწევს დღეს ის? ამ თემაზე “ბათუმელებთან” ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა თათა ცოფურაშვილმა ისაუბრა:

თათა ცოფურაშვილი
თათა ცოფურაშვილი

 

სიძულვილი, ფაქტობრივად, საბჭოთა პერიოდიდან არის ნაკვები, 1980-ანი წლებიც შეგვიძლია ამის კარგ მაგალითად დავასახელოთ, როდესაც მთელ რიგ ოდიოზურ გამოცემებში, “ლიტერატურული საქართველო” და ა.შ. იბეჭდებოდა ქსენოფობიის გამომხატველი, ეთნიკური შუღლის გამაღვივებელი პუბლიკაციები დიდი დოზით. ამ პუბლიკაციებმა მოიტანა შემდეგ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომი, რომლის მიზეზებიც დღეს დავივიწყეთ. რეალურად ასეთი თავდასხმითი პუბლიკაციები იყო ამის გამაღვივებელი. ჩვენ დღესაც გვაქვს აბსოლუტურად ქსენოფობიური როგორც ბეჭდვითი, ისე ტელემედია, – ის მოსახლეობაში ირაციონალური შიშისა და შუღლის გაღვივებას ეწევა. მედია, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის, ამ აგრესიის ტალღას ამისამართებს ობიექტიდან ობიექტზე. ვინაიდან ეს პროცესი თვითრეგულაციას არის მინდობილი, მოცემულობაც ისაა, რომ მოსახლეობას სულ უფრო მეტი მოთხოვნა უყალიბდება აგრესიულ მედიაზე. ეს ყველაფერი კი ყოველდღიურობაში სხვადასხვანაირად აისახება.

 

ქსენოფობიამ მართლა მოიმატა, თუ სოციალურმა ქსელებმა გახადა პრობლემა უფრო თვალსაჩინო?

 

1980-ანი წლებიდან თუკი ვიმსჯელებთ, საზოგადოებაში ყოველთვის იყო სახეზე აგრესია, უბრალოდ ამ აგრესიის ობიექტი იცვლებოდა. რადგან ბოლო პერიოდში გაჩნდნენ ტურისტები, სასწავლო თუ სამუშაო მიზნით ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, ქსენოფობიური განწყობების ობიექტებადაც ისინი იქცნენ.

 

ტურისტების სელექცია, რომ “ირანელი უკულტუროა, ბინძური” და “რუსი, უკრაინელი კარგი ტურისტია”, სიძულვილიდან მოდის, თუ სხვა მიზეზები აქვს?

 

სელექციური ტურიზმია ის, რომ კარგები არიან ისინი, ვინც მოდიან ევროპიდან ან რუსეთიდან და “ცუდი” – რომლებიც მოდიან მეზობელი ან სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ეს ალბათ სიძულვილისა და სტერეოტიპების ნაერთია, ოღონდ ირაციონალურზე დამყარებული, თუმცა ვფიქრობ, ამას ფსიქოკულტურული და ფსიქოსოციალური კვლევა სჭირდება. ზედაპირულად რაც ჩანს, ეს ის სენტიმენტებია, რაც რუსეთისა და ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ აქვთ ქართველებს, მაგრამ ამ სივრცეშიც განასხვავებს ეთნოსებს, რომელსაც უნდა ბაძავდეს და მოსწონდეს. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო წლების გამოცდილების მიუხედავად, მას მაინც უყვარს ყოფილი “დიდი ძმა”.

 

იმასაც ამბობენ, რომ კულტურული თავისებურებებით უფრო ახლოს ვდგავართ თუნდაც თურქეთთან, ვიდრე იგივე რუსეთთან ან უკრაინასთან, მაგრამ მაინც ვცდილობთ ამისგან დისტანცირებას. ამის მიზეზი რელიგიური განსხვავებაა, თუ სხვა მიზეზიც არსებობს?

 

ალბათ უფრო არცოდნაა მიზეზი, რადგან ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ აღმოსავლეთს, თუნდაც თურქეთს, რადგან წლების განმავლობაში მასთან კულტურული შეხება არ გვქონია. მის ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას ვერ ვეზიარებოდით. ადამიანებისთვის, ვისაც ფამუქი აქვს წაკითხული, ცხადია, რამდენად ვგავართ თუნდაც კულტურული სტერეოტიპებით, მერყეობით, საკუთარი იდენტობის გამორკვევით დღევანდელ თურქეთს.

 

“სუნიანების” თემა ახალია, თუ ამასაც ძველი ფესვები აქვს?

 

ეს ფაშისტური დამოკიდებულებაა ადამიანების მიმართ, – ჩვენი თანამემამულეებიც შეგვხვედრია, რომლებიც ნელსურნელებით შეიძლება არ გამოირჩევიან, მაგრამ მათ მიმართ ამ ეპითეტს არ ვიყენებთ. ბინძური, სუნიანი – ამ ეპითეტებს ფაშისტურ გერმანიაში იყენებდნენ ეთნიკური ებრაელების მიმართ. ადამიანები უცხოს აღიქვამენ როგორც მტრულს და ამას გამოხატავენ სიძულვილის ენით.

 

რაიმე მაპროვოცირებელი ფაქტორები ახლავს ამას, თუნდაც სოციალური?

 

ეს უფრო დამყარებულია საკუთარი ისტორიის გააზრებაზე, ქსენოფობია არ არის ერთ დღეში აღმოჩენილი პრობლემა. მაგალითად, ქართული განათლების სისტემა ზრდის ქსენოფობ ადამიანებს. მთელი საქართველოს ისტორია დაწერილია სწორედ ასეთი ნარატივით, რომ ჩვენ გარშემო იყვნენ მხოლოდ მტრები, მოდიოდნენ გვჩეხავდნენ და ა.შ. ის, რომ მოდიოდა დამპყრობელი, მაგრამ რას ვსწავლობდით ჩვენ მისგან ან რას სწავლობდნენ ისინი ჩვენგან, ეს არ არის ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში რეფლექტირებული. ალბათ ამიტომაა, რომ ჩვენი ისტორიისგანაც ვერაფერს ვსწავლობთ. მოსწავლეს უყალიბებენ ცნობიერებას, რომ ის მარტოა სამყაროში და თუ რამე ხდება, ეს არის მხოლოდ ცუდი. ასეთი ისტორიული ნარატივი შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს. ჩვენ ბოლო 25 წელიც არ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგვეაზრებინა და კრიტიკულად გააზრებული საქართველოს ისტორია დაგვეწერა. სწორედ ეს განაპირობებს აღმოსავლური სამყაროს მიმართ ნეგატიურ განწყობებს.

 

ვთქვით, რომ ქსენოფობიას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. დღეს რა საფეხურზე ვართ?

 

იმ საფეხურზე ვდგავართ, როდესაც რეალურად არსებობს საშიშროება საზოგადოებაში ფაშიზმის დაწყების. ის, რაც ხდება, სოციალური მოძრაობის თვალსაზრისით გასცდა დიდი ხანია ეთნოცენტრიზმს, იმიტომ, რომ განვითარდა 17 მაისის მოვლენები – ჩვენი თანამოქალაქეები მზად აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ ჩასაქოლად გადევნებოდნენ ადამიანებს. ადამიანები იყენებენ ეთნონაციონალიზმს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს რელიგიურ ნაციონალიზმში. ფუნდამენტალიზმის დინამიკა ძალიან სახიფათოა ქვეყანაში და ამის მართვა ხშირად შეუძლებელია. თუ ფუნდამენტალიზმი აყვავდა ქვეყანაში, ეს მის ხელდამსმელებსაც დაუპირისპირდება და გაიყოლებს.

 

მენტალური ძალადობა სხვა ტიპის ძალადობაში რომ არ გადაიზარდოს, როგორ უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ამის პრევენეცია, თქვენ ხედავთ კონკრეტულ სტრატეგიას ამ მიმართულებით?

 

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გამოკვეთილი პოლიტიკა, რომელსაც ექნება დასახული მიზნები, თუ რა მოცემულობა უნდა ჰქონდეს ათი ან ოცი წლის შემდეგ და რომელი პარტიაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მაინც იაროს ამ მიზნისაკენ. ასეთი ხედვა არ არსებობს. სხვა შემთხვევაში ამდენი ფაშისტური მესიჯების გამავრცელებელი საშუალებები არ იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვართ საზოგადოებაში, ვისაც აქვს ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება, სადაც ყველა განსხვავებული განიხილებოდა როგორც მტრული და იყო აგრესიის ობიექტი, ვისაც გვაქვს ეთნიკური კონფლიქტების გამოცდილება, ყველგან არსებობს სიძულვილის ენის შესახებ კანონი, რომელიც თანაბრად ეხება როგორც მედიას, ასევე მოქალაქეს და სახელმწიფო ინსტიტუციებს. სწორედ ამით სწავლობენ საზოგადოებები როგორ იურთიერთონ განსხვავებულ მოქალაქეებთან. სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება ალბათობა, რომ ფაშისტურ საზოგადოებად გადავიქცეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი