საზოგადოება

“ქმარ-შვილს გადაყოლილი”-უცვლელი გენდერული სტერეოტიპები ქალებზე

25 ნოემბერი, 2013 • • 4931
“ქმარ-შვილს გადაყოლილი”-უცვლელი გენდერული სტერეოტიპები ქალებზე

„ნებისმიერი ცოლი უნდა იყოს ქმრის მორჩილი, ნებისმიერი ხასიათის მამაკაცი უნდა აიტანოს ქართველმა ქალმა.“

„მე, მაგალითად, პრიველ რიგში, ვარ დედა, შემდეგ ვარ ქალი. აი, ასეა“  

„[ქართველი ქალი] კდემამოსილია, ტრადიციების მიმდევარი, ქმარ-შვილს გადაყოლილია, ასე რომ, ვთქვათ, ოჯახის ერთგული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში.“

 

ეს ამონარიდები იმ რესპონდენტების ინტერვიუებიდანაა, რომლებმაც „ACT ჯგუფის“ მიერ ჩატარებული კვლევაში „საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობა პოლიტიკასა და ბიზნესში“ მონაწილეობა მიიღეს.

 

გამოკითხულებმა „ქართველი ქალის“ სანიმუშო თვისებებიდან დაახასიათეს: „ოჯახისთვის თავდადებული“, „კარგი დიასახლისი“, „მორჩილი“, „დამყოლი“, „მომთმენი“, „გამძლე“, „ყურადღებიანი“.

 

სამეგრელოსა და კახეთში ჩატარებული 16 ფოკუს-ჯგუფის გარდა, ინტერვიუერებმა საქართველოს მასშტაბით 1760 ქალი (810) და კაცი (950) გამოჰკითხეს. გამოკითხვა ჩატარდა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობაში, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ქალაქად მაცხოვრებლები უფრო მეტად ლიბერალერ ღირებულებებს ატარებენ, ვიდრე სოფლად მცხოვრებლები.

 

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვლევის წარდგენისას პროექტის მენეჯერმა ნინო გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ კვლევის ჰიპოთეზა ის იყო, რომ ქალის მდგომარეობა ოჯახში განაპირობებს მის პოზიციებს  საზოგადოებაში, რაც მიღებულმა შედეგმა დაადასტურა.

 

მიღებული მონაცემებით აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 88% ფიქრობს, რომ ოჯახის მარჩენალი კაცი უნდა იყოს და საოჯახო საქმე ძირიდად ქალის მოვალეობადაა მიჩნეული.

 

გამოკითხული ქალების უმეტესობა სახლის საქმეს მეუღლის დაუხმარებლად აკეთებს და მათი 17% მიიჩნევს, რომ საოჯახო საქმე ორვეს საქმეა, მაშინ, როცა გამოკითხული კაცების 24% მიიჩნვეს, რომ საოჯახო საქმის შესრულება მხოლოდ ქალის ვალდებულება არ არის.

 

ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებში კაცები ყველაზე მეტად ექიმთან ვიზიტში იღებენ მონაწილეობას. გამოკითხულთა ორი მესამედი მიიჩნევს, რომ შვილებთან სერიოზული საუბრისას ორივე მშობელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

 

გამოკითხულთა აზრით, იდეალურ შემთხვევაში ოჯახის მარჩენალი კაცი უნდა იყოს (88%), 11% მიიჩნევს, რომ ოჯახის შემოსავალს კაცი და ქალი თანაბრად უნდა ავსებდეს. თუმცა, გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ არსებული ვითარება იდეალისგან განსხვებულია, რადგან 34% მიიჩნევს, რომ  ოჯახის მარჩენალი ქალია, ხოლო 52%-ის აზრით კი ოჯახებს კაცები არჩენენ.

 

გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კარგი ცოლი უნდა ემორჩილებოდეს მეუღლეს, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება მას. 44% ფიქრობს, რომ აუცილებელია ქმარმა ცოლს აჩვენოს, თუ ვინ არის ოჯახში უფროსი. ამ მოსაზრებას 53% არ ეთანხმება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთი შვილია, უპირატესობა სქესის მიხედვით ბიჭებს ენიჭებათ. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ განათლება კაცისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იგი უნდა იყოს ოჯახში შემომტანი. გამოკითხულთა 72% მზადაა, რომ საკუთარი შვილების უმაღლეს განათლების დაფინანსებაზე  სქესის განურჩევლად ერთნაირად იზრუნოს.

 

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი შვილისთვის ექნებათ განათლების მიცემის საშუალება, ბიჭს მიანიჭებენ უპირატესობას.

 

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მამრობითი სქესის შვილისთვის უპრატესობის მინიჭებას ისიც განსაზღვრავს, რომ ვაჟი მშობლების პატრონად და ფინანსურ მხარდამჭერად მიიჩნევა მათი მოხუცებულობისას. კვლევის ანაგარიშში ხაზგასმულია, რომ ამ შემთხვევაშიც ქალს, რძალს, ეკისრება ქმრის მოხუცი მშობლების მოვლა.

 

ქალების დიდი ნაწილი (46%) დაუსაქმებლობის მიზეზად სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს. ოჯახი ხელისშემშლელ ფაქტორად ქალების 18%-ისთვის იქცა, რადგან, მათი თქმით, ოჯახს სამუშაო ვერ შეუთავსეს. ხოლო 4% ამბობს, რომ მეუღლეს არ სურს, რომ დასაქმდეს.

 

გამოკითხული კაცების 62% უმუშევარია და სამსახურს ეძებს, მაშინ, როცა იმავე კითხვას ქალების 29%-მა უპასუხა. კითხვას- არის თუ არა დასაქმებული, ქალების 16%-მა უპასუხა, რომ დიასახლისია. 57% მიიჩნევს, რომ კაცს უფრო დიდი შანსი აქვს იპოვოს სამსახური მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

გამოკითხული ქალების უმეტესობას არ აქვს შემოსავალი, ხოლო ქალების 1/5-ს თავის მეუღლესთან შედარებით დაბალი შემოსავალი აქვთ. გამოკითხულთა 52% ოჯახის მთელ შემოსავალს აერთიანებენ და ამის მიხედვით ანაწილებენ პრიორიტეტების მიხედვით.

 

პოლიტიკაში ქალების ჩართულობის წინააღმდეგია გამოკითხულთა დიდი ნაწილი. მათი თქმით, პოლიტიკოსი ქალი სუსტია და უჭირს თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება. (54%). გამოკითხულთა დიდ ნაწილს (44%) მიაჩნია, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და ქალს ამ სფეროში თავის გატანა არ შეუძლია.

 

გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ გენდერული თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორს თანაბარუფლებიანობას გულისხმობს. გამოკითხულთა 69%-მა არ იცის, რომ მამაკაცებსაც აქვთ დეკრეტული შვებლების აღების უფლება. 43%-ს დასაშვებად მიაჩნია მსგავსი კანონის მიღება, უმეტესობა (46%) წინააღმდეგია. 

 

ნინო გაჩეჩილაძე ამბობს, რომ გენდერული სტერეოტიპები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის თითქმის ერთნაირად დამახასიათებელია და ამ მხრივ არაფერი იცვლება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი