საზოგადოება

რა დროს აღარ შველის ანტიბიოტიკი

18 ნოემბერი, 2013 • • 3422
რა დროს აღარ შველის ანტიბიოტიკი

დღეს, 18 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ორგანიზებით, საქართველოში პირველად ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე აღინიშნა. 

 

როგორც სპეციალისტებისგან ირკვევა, საქართველოში ექიმთა უმრავლესობა უგულებელყოფს ანტიბიოტიკების დანიშვნის წინ ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევებს, რაც, სპეციალისტების განამრტებითვე, ხშირად უშედეგო მკურნალობასა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამების ფორმირებას იწვევს.


“ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის კლინიკური ნიმუშების აღება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია შედეგს არ იძლევა. თითქმის არც ერთ კლინიკას არ გააჩნია მონაცემთა ბაზა გამოყენებული ანტიბიოტიკებისა და ნოზოკომიურ ინფექციათა გამომწვევ ბაქტერიათა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ,”- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

 

შესაბამისად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პირველ ეტაპზე უნდა დაიწყოს მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება ანტიბიოტიკების გამოყენებასა და რეზისტენტობის შემთხვევებზე. 

 

ანტიბიოტიკური რეზისტენტობის გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ანტიბიოტიკების ჭარბი და არამიზნობრივი გამოყენება და სამკურნალო კურსის ბოლომდე არმიყვანაა. 


სპეციალისტების განმარტებით, ანტიბიოტიკების გამოყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ უნდა ხდებოდეს და არა ვირუსებით გამოწვეული ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაციება და გრიპი – მათზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს. 


გარდა იმისა, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის (გამძლეობის) შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით მკურნალობას შედეგი აღარ აქვს, ანტიბიოტიკებით ეფექტური პრევენციის არქონის შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება რიგი სამედიცინო და დიაგნოსტიკური გამოკვლებისა და ქირურგიული ჩარევების განხორციელებაც. 

 

რა შეუძლია თავად პაციენტებს?

 

ექიმებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების განმარტებით, პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა; მკურნალობის კურსი უნდა ბოლომდე იყოს მიყვანილი მაშინაც კი, თუ პაციენტი უკვე კარგად გრძნობს თავს (თუ კურსი არ ჩამთავრდა, ინფექცია შესაძლოა ხელახლა განვითარდეს); მკაცრად უნდა იყოს დაცული დოზირება და ანტიბიოტიკების მიღების სიხშირე და წინა მკურნალობიდან დარჩენილი, გამოუყენებელი ანტიბიოტიკების გამოყენება არ უნდა მოხდეს. 

 

კიდევ ერთი რჩევა სპეციალისტებისგან – “შეეცადეთ თავი დაიცვათ ინფექციისგან. რეგულარულად იბანეთ ხელები და მოუწოდეთ თქვენს ახლობელებს, თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასევე მოიქცნენ.”

 

სწორედ ჰიგიენა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს 9 კლინიკაში იყო გამოკვლეული კვლევის (ანტიმიკრობული რეზისტენტობა – საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოსთვის; პირველი ნაბიჯები – შერჩეულ კლინიკებში ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის შეფასება) ფარგლებში.

 

აღნიშნული კვლევის შედეგები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმომადგენელმა, გიორგი ჩახუნაშვილმა წარმოადგინა.

 

როგორც ამ შედეგებით ირკვევა, კვლევაში ჩართული 9 კლინიკიდან ექიმები ხელების ჰიგიენის წესებს მხოლოდ 1 კლინიკაში იცავდნენ; 1 კლინიკაში ექიმები იყენებენ ერთჯერად ხელთათმანებს ყოველი სამედიცინო მანიპულაციის დროს; 8 კლინიკაში კი, რეანიმაციის ექიმები კლინიკურ მასალასთან შეხებამდე არ იმუშავებდნენ ხელებს ალკოჰოლის შემცველი ხსნარებით; 

 

ანტიბიოტიკების რეზისტენტულობის საკითხებზე და ამ მხრივ, მსოფლიო ტენდენციების შესახებ, საქართველოს წარმომადგენლების გარდა, მოხსენებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა, დანილო ლო ფო ვონგიმ და ნინკე ვან დე სანდიმ გააკეთეს. 

 

დანილო ლო ფო ვონგის თქმით, მსოფლიოს ტენდენციაა, რომ ექიმის მიერ ანტიბიოტიკის გამოწერა მაშინაც ხდება, როდესაც არ არის საჭირო.

 

“თავად ექიმები ამას იმით ხსნიან, რომ პაციენტი ან მისი მშობელი მოითხოვს ექიმისგან მათ დანიშნვას. ეს არასწორია. პაციენტს ხომ არ აქვს ის ინფორმაცია, რაც ექიმს უნდა ჰქონდეს.”

 

მარიამ ჯაშის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეცეპტების გაცემის ახალი სისტემა, რომელიც ძალაში 2014 წლის იანვრიდან შევა, სწორედ ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობის რისკებს შეამცირებს – ექიმის რეცეპტის გარეშე ანტიბიოტიკების გაყიდვა აიკრძალება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი