საზოგადოება

გულგულა – ნაგავსაყრელად ქცეული სოფელი [Video]

8 ნოემბერი, 2013 • • 3874
გულგულა – ნაგავსაყრელად ქცეული სოფელი [Video]

გულგულას ტერიტორიაზე დაყრილი ნარჩენები მრავალფეროვანია, მათ შორის ჭარბადაა პოლიეთილენი, რომელსაც სხვა სახეობის ნარჩენებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტიდან ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად ეზიდებიან. სამეწარმეო, სამედიცინო და სხვა საშიში ნარჩენების წვის შედეგს სოფლების- ყარაჯალას და გულგულას მოსახლეობა ათწლეულების მანძილზე საკუთარ ჯანმრთელობაზე ცდის.

 

გულგულას ყველაზე უხუცეს მკვიდრსაც კი არ ახსოვს როდის გაკეთდა მათი სოფლის გვერდით ნაგავსაყვრელი, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ეს ნაგავსაყრელი სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენდა.

 

ნაგავსაყრელი, რომელიც მოცულობით ერთი სოფლის ფართობს აღემატება, ყოველდღიურად იწვის. ადგილობრივი ზაზა კიკნაძე ამბობს, რომ დილაობით სოფელი ნაგავზე გაჩენილი ხანძრებისგან წარმოქმნილ კვამლშია გახვეული. ამ დროს სახლის ყველა კარი და ფანჯარა იკეტება, დილით, პირის დასაბანად გასული ბავშვები სახლში სწრაფადვე ბრუნდებიან და ატირებულები გვეხვეწებიან, რომ ეს საშინელი ადგილი დავტოვოთ. ნაგავზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის დროს სოფელი ისე გაეხვევა ხოლმე კვამლში, მზის სხივსაც კი უჭირს ჩამოღწევა. 

 

ადგილზე ვიგებთ, რომ სათემო ორგანიზაცია “გულგულამ” ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართა წერილობით ნაგავსაყრელის სახით არსებული პრობლემის თაობაზე, მაგრამ მათგან პასუხი დღემდე არ მიუღია. სოფლის მკვიდრმა ზაზა კიკნაძემ კიდევ ერთხელ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. ის ამჯერად რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სოფლის სახელით გადამჭრელი ზომების მიღების მოთხოვნით მიმართავს. 

 

სამასკომლიან სოფელში ნაგავსაყრელის არსებობის მანძილზე არც ერთხელ ჩატარებულა ქიმიური ან ბიოლოგიური კვლევა, არადა ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი კვლევის ჩატარების შემთხვევაში მკვლევარები საგანგაშო შედეგს დადებენ, რადგან, მათი თქმით, დროთა განმავლობაში სოფელში სულ უფრო იზრდება კიბოთი დაავადებულთა რიცხვი. 

 

თელავის საკრებულოს წევრი ვანო გალახვარიძე გვიხსნის, რომ მუნიციპალიტეტი ამ პრობლემით არაერთხელ დაინტერესებულა, ადგილობრივ ხელისუფლებაში დღემდე ფიქრობენ, თუ როგორ გადაჭრან გულგულას ნაგავსაყრელის პრობლემა, მაგრამ არსებული ბიუჯეტი რაიმე გადამჭრელი ზომების მიღების საშუალებას მუნიციპალიტეტს არ აძლევს. 

 

დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობს ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც ნარჩენების უტილიზაციის საკითხს, ნაგავსაყრელებს და იქ არსებულ მდგომარეობას შეისწავლიდა. 

 

მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი ნინო ჩხობაძე გამოსავალს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებაში ხედავს. არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით, მწვანეთა მოძრაობის  წარმომადგენელი  გულგულას ნაგავსაყრელის კონსერვაციას და ამ ტერიტორიაზე ტყის გაშენებას ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევს.

 

ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ საწარმოო ნარჩენების მართვა თავად მეწარმეებმა უნდა უზრუნველყონ. კითხვაზე – რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს მწარმოებელთათვის სახელმწიფოს მხრიდან შემოღებული სპეციალური რეგულაციები, რომელიც პროდუქციის შეფუთვაში გარემოს დამაბინძურებელ კომპონენტს გამორიცხავდა, ჩხობაძე პასუხობს, რომ მსგავსი მიდგომა გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან. 

 

გორის, თელავის და ბათუმის დემოკრატიის სკოლების (NIMD) კურსდამთავრებულებმა, პროექტის “ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის” ფარგლებში, აქტიური კამპანია დაიწყეს. პროექტის თანაავტორი ნინო ბოლაშვილი დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე საუბრისას პროექტის ფარგლებში ორ ძირითად მიმართულებას, მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ კამპანიას და სპეციალური კომისიის შექმნას გამოყოფს, რომელშიც სფეროში მომუშავე ექსპერტებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შევლენ. კომისიის მიზანი კი ნარჩენების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება იქნება. 

 

იმ დროს, როდესაც “ევროატლანტიკური კავშირების გზაზე მდგარი ქვეყანა” ნაგავში იხრჩობა, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პოლიტიკა არათუ ნაგავსაყრელების დასახლებული პუნქტებიდან მოშორების, არამედ  უძვირფასესი რესურსის, მიწის ზედაპირიდან ნარჩენების საერთოდ გაქრობისკენაა მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი